უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ქვეყანაში არჩევნები გაიმართოს, მიუხედავად საომარი მდგომარეობისა.
მან მოუწოდა პარტნიორებსა და კანონმდებლებს, წარმოადგინონ წინადადებები სამართლებრივ ცვლილებებზე, რომლებიც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარებას დაუშვებს.
„ხვალ ვიქნები უკრაინაში და მოველი წინადადებებს ჩვენი პარტნიორებისა და კანონმდებლებისგან, კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„რადგანაც ეს საკითხი წამოჭრილია აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ, მოკლედ ვიტყვი: მე მზად ვარ“, - დაამატა მან.
ზელენსკიმ მოუწოდა შეერთებულ შტატებს, ევროპასთან ერთად, უზრუნველყოს კენჭისყრის უსაფრთხოება. მისი თქმით, თუ უსაფრთხოების ეს პირობა დაკმაყოფილდება, უკრაინას შეუძლია არჩევნები 60-90 დღის ვადაში ჩაატაროს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |