სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო დააზიანოს, არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყნის კონსტიტუციას, ამას უკვე საერთაშორისო საზოგადოებაც კარგად ხედავს, – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, კამპანია, რომელიც არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
„შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა ამ ყველაფერზე რეაგირება იყოს. სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული და სათანადო პასუხი გაეცეს, თუ არსებობს საფუძველი იმ განცხადებების, რაც მოვისმინეთ. მძიმე ბრალდებები თუ უსაფუძვლოა, მაშინ ამ ადამიანებმა უნდა გაგვცენ პასუხი, რას ემსახურება მათი უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებიც ცალსახად აზიანებს საქართველოს ინტერესებს. 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთი იყო არჩევნები, რომელიც საქართველოს უნდა ჩაეტარებინა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კამპანია, რომელიც არჩევნების დააზიანებისკენ არის მიმართული, პირდაპირ ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ნაბიჯის გადადგმას. ამიტომ, ადამიანებმა, რომლებიც აწარმოებენ კამპანიას, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროპულ მომავალთან, უნდა ახსნან, რას ემსახურება მათი უსაფუძვლო განცხადებები. ამის საფუძველი თუ აქვთ, რა თქმა უნდა, საქართველოში შესაბამის ორგანოებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ეს ყველაფერი გამოიძიონ. სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო, სახელმწიფო დააზიანოს. არ აღიარებს იმ სახელმწიფოს, რომელი სახელმწიფოს პრეზიდენტის თანამდებობაც უკავია. არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და არ აღიარებს ქვეყნის კონსტიტუციას. ჩვენი საზოგადოება ამას კარგად ხედავს და ახლა უკვე კარგად ხედავს საერთაშორისო საზოგადოებაც. ამის დასტურია ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაჟღერდა მოთხოვნა და თხოვნა ადამიანის მიმართ, რომელიც პირველი უნდა იყოს სახელმწიფოსა და სახელმწიფოს ინსტიტუტების დაცვის გარანტი, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ბრალდებები, რომლებიც მან გააჟღერა, დაადასტუროს ან შესაძლებლობა მოგვცეს, ვიცოდეთ, რა არის ტყუილი და რა – მართალი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |