
ბოლო 10 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2008-2010 წლის კრიზისის შემდეგ, ევროკავშირი დაემსგავსა რაღაც პოტიომკინის სოფელს, რომელიც გარეგნულად ძალიან კარგად გამოიყურება, შორიდან რომ შეხედავ, მაგრამ შიგნით ძალიან ბევრი პრობლემებითაა დახუნძლული, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.
მისივე თქმით, პრობლემები ძირითადად წარმოშობილია ბრიუსელის ნომენკლატურისა და ნაციონალური სახელმწიფოების ინტერესებს შორის კონფლიქტებით, რომელიც ხშირად „დაუკრეფავებშიც“ გადადის. ასეთ მაგალითებად მან უნგრეთისა და ბრიუსელის, ასევე, სლოვაკეთისა და ბრიუსელის დამოკიდებულებები დაასახელა.
„არ არის გამორიცხული, რომ ამ რიგს შეემატოს ავსტრიაც, სადაც დღეს ასევე შეიქმნა დიდი კოალიცია, ორპარტიული - მემარჯვენე კონსერვატორებსა და სახალხო პარტიას შორის.
ამ კონფლიქტის საფუძვლები, რომელიც შიგნით არის ევროკავშირში, წარმოშობილია აშშ-დან წამოსული ლიბერალური ინტერნაციონალიზმის ე.წ. ღირებულებებით - ჩვენ ევროპულ ღირებულებებად რომ გვასაღებენ მიხეილ როთი და მისი დამქაშები. სინამდვილეში ეს ევროპული ღირებულებები არ არის. ევროკავშირის ღირებულებები დოკუმენტურად გაწერილია. ამ ღირებულებებში არ იკითხება ის, რასაც ისინი თხოულობენ ისეთი ქვეყნებისგან, როგორიც ჩვენ ვართ. ვთქვათ, რომელიმე კანდიდატი ქვეყანა, ეს იქნება ჰერცეგოვინა თუ სხვა ქვეყნები. იგივე თურქეთი, დიდი ხანია უკვე, დაახლოებით, 20 წელია კანდიდატის სტატუსითაა და მათგან მოლაპარაკებებიც კი გახსნილია, მაგრამ არ იღებენ“, - აღნიშნა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ეს პრობლემატიკა წარმოშობილია ბრიუსელის ნომენკლატურასა და სახელმწიფოებს შორის ინტერესებიდან.
„ისეთი ტენდენციაა, რომ ევროკავშირში შემავალი ქვეყნები, ნელ-ნელა და დაბეჯითებით, ბრიუსელისგან უფრო მეტი სუვერენიტეტის მოთხოვნის გზით მიდიან, რათა მათივე ქვეყნის ინტერესები იყოს გადაწყვეტილი მათსავე ქვეყანაში და მათი ქვეყნის ინტერესებს არ წყვეტდეს ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენი და მისი სამეგობრო, რომელთა წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით პროკურატურაში საქმეები მიმდინარეობს“, - აღნიშნა გიორგობიანმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |