388
11 ივნისი 2025, 16:56

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დელეგაცია ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით , ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში იმყოფება და მონაწილეობას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიურ 113-ე კონფერენციაში იღებს.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი პეტრიაშვილმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა
შსო-ს ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის:
▪️ შსო-ს გენერალურ დირექტორთან ბატონ გილბერტ ჰოუნგბოსთან,
▪️ შსო-ს მუშაკთა ბიუროს დირექტორთან, ქალბატონ მარია ელენა ანდრესთან,
▪️ შსო-ს მუშაკთა ბიუროს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან, ქალბატონ ბეატა ანდრესთან,
▪️ შსო-ს ნორმების კომიტეტის ხელმძღვანელთან, ქალბატონ ოქსანა ვოლფსონთან.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შსო-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოსთვის, არსებულ სოციალურ-შრომით გამოწვევებს და იმ ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია მშრომელთა უფლებების დაცვისა და გაძლიერებისკენ.
პარტნიორებმა ერთხმად დააფიქსირეს მზაობა გააგრძელონ აქტიური მხარდაჭერა საქართველოს პროფკავშირების მიმართ და განისაზღვრა თანამშრომლობის სამომავლო სტრატეგიული მიმართულებები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროფკავშირების აქტიური ჩართულობისა და ადვოკატირების შედეგად, ჩვენი ქვეყანა 2025 წელსაც მოხვდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმ 25 წევრ სახელმწიფოს სიაში, რომელთა შრომითი მდგომარეობაც შსო-ს სტანდარტების კომიტეტმა განიხილა.
6 ივნისს გამართულ სხდომაზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მხრიდან ძირითადი აქცენტი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე გაკეთდა, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან შეუთანხმებელი იყო.
ქართული დელეგაციის შეფასებით, ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება შსო-ს ფუნდამენტურ სტანდარტებს — გაერთიანების თავისუფლებას და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლებას.
კომიტეტის მსვლელობისას არაერთი საერთაშორისო და გლობალური პროფკავშირი დაეთანხმა ირაკლი პეტრიაშვილის პოზიციას და გამოხატა კრიტიკული დამოკიდებულება კანონში აღნიშნული ცვლილებების მიმართ, რაც მოწმობს, რომ ჩვენი ქვეყნის პროფკავშირების ხმა საერთაშორისო ასპარეზზე ძლიერი და ავტორიტეტულია.
შსო-ს რეკომენდაციების საფუძველზე, საჯარო მოხელეთა დაცვის გარანტიების საკითხი განიხილვა უნდა მოხდეს სამმხრივ ფორმატში — სახელმწიფოს, დამსაქმებელთა და პროფკავშირების წარმომადგენლობის მონაწილეობით.
სწორედ ასეთმა ფორმატმა განაპირობა წარსულში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა საქართველოში:
▪️ შრომის კოდექსის სტანდარტების გაუმჯობესება,
▪️ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღება,
▪️ შრომის ინსპექციის აღდგენა.
ეს ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მშრომელთა უფლებების საერთაშორისო დონეზე დაცვისა და ქვეყნის შრომითი სტანდარტების გაუმჯობესებისკენ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |