პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 25 ნოემბერი 2021, 16:01
საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე, ვაქცინაციის პროცესი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს ინვესტორთა საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

ინვესტორთა საბჭოს საქმიანობისა და წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ისაუბრა ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს განახლებადი ენერგიის მიმართულებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირების პერსპექტივები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახალი ფინანსური ინსტრუმენტების შექმნა, სამშენებლო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, ასევე, ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან დაკავშირებული საკითხები.

„საბჭოს დღევანდელი სხდომა მოიცავდა ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებას და საინვესტიციო მდგომარეობას სხვადასხვა დარგში. საკითხები შეეხებოდა, როგორც ენერგეტიკის სფეროს, ისე ფარმაცევტულ სექტორს, სახელმწიფო საწარმოების რეფორმებს და ფინანსური ინსტრუმენტების გაძლიერებას. დაისახა სამოქმედო გეგმები და უახლოეს დღეებში სამუშაო ჯგუფების ფორმატში გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ინვესტორთა საბჭოს სხდომა ნაყოფიერად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

„ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი დისკუსია. განვიხილეთ COVID-19-ის გავლენა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადზე, ასევე ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციები განახლებადი ენერგიის სექტორში, რომელიც წარმოადგენს ძალიან პერსპექტიულ მიმართულებას განვითარებისთვის. ასევე, განვიხილეთ უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების - ობლიგაციების თემა. ეს არის ახალი კანონმდებლობა, რომელიც ძალიან მალე იქნება მიღებული და ხელს შეუწობს საქართველოში ფინანსური აქტივების შემოტანის გააქტიურებას. განვიხილეთ სხვა საკითებიც, რომლებზეც ჩვენ, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას. გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა და კარგი დისკუსია“, - აღნიშნა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი