კარლ ჰარცელი - ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა, შეუდგეს მუშაობას რეკომენდაციების ჩამონათვალის შესასრულებლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
202 17 ივნისი 2022, 19:42

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა და უნარი, შეუდგეს მუშაობას რეკომენდაციების ჩამონათვალის შესასრულებლად, რაც მოითხოვს პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვების ჩართულობას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ბრიფინგზე განაცხადა.

კარლ ჰარცელის თქმით, კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა.

ამასთან, ჰარცელის განცხადებით, დღეს ევროკომისიამ მიიღო და გამოაქვეყნა მოსაზრება საქართველოს მიერ 3 მარტს ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი საქართველოსთვის, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისთვის და მთლიანად ევროკავშირისთვის.

„მინდა, ვისაუბრო ამ მოსაზრების შინაარსზე. ის ეფუძნება საქართველოში ვითარების საფუძვლიან შეფასებას, ევროკავშირის გაფართოების დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. კერძოდ, ე.წ. პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებისა. პირველი გამომდინარეობს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებიდან იმ ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება, მათ შორის იმ ინსტიტუტების სტაბილურობას, რომლებიც დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი ეხება ქვეყნის მზადყოფნას, გაუძლოს ბაზრის ზეწოლას იმის შედეგად, რომ იგი ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ნაწილს წარმოადგენს.

ამ შეფასების შედეგად, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, როდესაც მთელი რიგი პრიორიტეტული ქმედებებისა წარმატებით განხორციელდება. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ამ გზავნილის მნიშვნელობას. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკომისია აკეთებს ამ რეკომენდაციას საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვისთვის და თუ ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდება, საქართველოს სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ სიმაღლეზე ავა. ამ პოზიციიდან კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე გადასვლის პერსპექტივა, რაც კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ ქვეყანა მზად იქნება, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობისთვის, ასევე მოცემულია ამ მოსაზრებაში მას შემდეგ, როდესაც საქართველო შეასრულებს პრიორიტეტების ნაკრებს, როგორც ეს მოსაზრებაშია ასახული.

ამ პრიორიტეტების, ამ პირობების უმეტესობა არის ცნობილი საკითხები, რომლის შესახებაც ევროკავშირმა წარსულში, სხვადასხვა დროს უკვე გამოთქვა შეშფოთება. კომისარმა ვარჰეიმ ბრიფინგზე მათგან ხუთი ხაზგასმით აღნიშნა. დაწყებული იმით, რომ საჭიროა მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვა პარტიებს შორის თანამშრომლობისკენ დაბრუნებით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად. ეს არის მთავარი, როგორც წარსულში არაერთხელ აღინიშნა და რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც ხმა მისცა პროევროპულ პარტიებს, სამართლიანად უნდა მოელოდოს თავისი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან.

კომისარმა ასევე აღნიშნა სასამართლო რეფორმა. კიდევ ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებით ევროკავშირი შეშფოთებას დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამს, ისევე როგორც კორუფციასთან ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლა, სფერო, სადაც საქართველოს უკვე აქვს კარგი გამოცდილება და თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს დაცვა.

ეს არის ცხადი საკითხების ჩამონათვალი, მაგრამ ამჟამად, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა და უნარი, შეუდგეს მუშაობას პრიორიტეტების ამ ჩამონათვალის შესასრულებლად, რაც მოითხოვს ყველა პოლიტიკური პარტიის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების და ასევე სხვების ჩართულობას.

როდესაც შედეგებს ვუყურებთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. როგორც უკვე ვთქვი, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია.

როგორც ადრინდელი გაფართოების პროცესების ისტორიამ და გამოცდილებამ აჩვენა, საბოლოოდ, ბურთი თითოეული ცალკეული ქვეყნის მოედანზეა. იმ პროცესში, რამაც ევროკავშირის მკვეთრი გაფართოება და 2004 წელს 10 ახალი წევრის შეერთება გამოიწვია, გამცხადებლების უმეტესობას აღმავლობების და ჩავარდნების თავისი წვლილი შეხვდათ. ჯერ კიდევ 1997 წელს იყო სიტუაცია, როდესაც თავდაპირველად, მათგან მხოლოდ ექვსს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ამაში არაფერია ახალი და წარსული გამოცდილება აჩვენებს ფუნდამენტურ ფაქტს, თქვენი ბედი საბოლოოდ თქვენს ხელშია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი