ევროკომისიის რეკომენდაციები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისადმი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
185 17 ივნისი 2022, 20:52

ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასკვნა მოამზადა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეაფასოს.

ევროკომისიამ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შეფასებითი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმ პირობებზე, რომელიც ქვეყნებმა უნდა შეასრულონ.

საქართველო:

  • პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად
  • ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მათი დამოუკიდებელი და ეფექტიანი ანგარიშვალდებულების, ასევე დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციების გაძლიერება; საარჩევნო სისტემის შემდგომი გაუმჯობესება, ეუთოს/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ იდენტიფიცირებული ყველა ხარვეზის აღმოფხვრა
  • სასამართლო სისტემის რეფორმის 2021 წლის შემდგომი გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული საკონსულტაციო პროცესის საფუძველზე; სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის, სასამართლო ორგანოების ერთიან ქსელთან ერთად, უზრუნველყოფა და ასევე ხელისუფლების დანაწილების უზრუნველყოფა. კერძოდ, სასამართლო და პროკურატურის ყველა ორგანოს, განსაკუთრებით, უზენაესი სასამართლოს, სათანადო ფუნქციონირებისა და მთლიანობის უზრუნველყოფა და გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრა, მათ შორის, ყველა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის წარდგენის კუთხით; იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოვლისმომცველი რეფორმის გატარება და უმაღლეს საბჭოში დარჩენილი წევრების დანიშვნა. ყველა გატარებული ზომა სრულ თანხვედრაში უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებთან და ვენის კომისიის რეკომენდაციებთან
  • ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება და ყველა ძირითადი ანტიკორუფციული ფუნქციის გაერთიანება ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის შემთხვევების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღების მიზნით; ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღჭურვა მათი მანდატის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით და მათი ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა
  • „დე-ოლიგარქიზაციის“ ვალდებულების შესრულება - ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გავლენიანი წრეების ჭარბი გავლენების აღმოფხვრის გზით
  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება საფრთხეების დეტალური შეფასების საფუძველზე, კერძოდ, გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი პროცესის სკურპულოზურად ჩატარების, სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებისას/განაჩენების გამოტანისას ლეგიტიმურობის მაღალი ხარისხის შენარჩუნების გზით; სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა
  • უფრო ძლიერი ძალისხმევის გაწევა თავისუფალი, კვალიფიციური, პლურალისტული და დამოუკიდებელი მედია გარემოს შესაქმნელად, კერძოდ, მედია საშუალებების მფლობელთა წინააღმდეგ სასამართლო პროცესის მაღალი სამართლებრივი სტანდარტებით წარმართვისა და ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების სხვა წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევაში მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიების ჩატარების გზით
  • უფრო სწრაფი ზომების მიღება მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიზნით, მათ შორის, მოძალადე და ძალადობის ინიციატორ პირთა მართლმსაჯულების წინაშე უფრო ეფექტიანად წარდგენის გზით
  • ძალისხმევის გაძლიერება გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით
  • ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა
  • ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც საქართველოს სასამართლოებს შესაძლებლობას მისცემს საქმის განხილვისას პროაქტიურად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები
  • უზრუნველყოფა იმისა, რომ ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) კანდიდატურის წამოყენებისას, უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და ეს პროცესი წარიმართოს ტრანსპარენტულად; სახალხო დამცველის სამსახურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა

უკრაინა:

  • ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის შესახებ კანონმდებლობის დანერგვა და განხორციელება, მათ შორის წინასწარი შერჩევის პროცესი, რომელიც დაფუძნებულია მოსამართლეების კეთილსინდისიერებისა და პროფესიული უნარების შეფასებაზე
  • დაასრულოს ეთიკის საბჭოს მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კეთილსინდისიერების შემოწმება და კანდიდატის შერჩევა უკრაინის მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის შესაქმნელად
  • კიდევ უფრო გააძლიეროს კორუფციასთან ბრძოლა, განსაკუთრებით მაღალ დონეზე, პროაქტიული და ეფექტიანი გამოძიების მეშვეობით; დაასრულოს სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებულის სერტიფიცირების გზით და დაიწყოს და დაასრულოს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ახალი დირექტორის დანიშვნის შერჩევის პროცესი
  • უზრუნველყოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობის შესაბამისობა ფინანსური სამოქმედო ჯგუფის (FATF) სტანდარტებთან; მიიღოს ყოვლისმომცველი სტრატეგიული გეგმა მთლიანად სამართალდამცავი სექტორის რეფორმისთვის
  • განახორციელოს ანტიოლიგარქული კანონი, რათა შეზღუდოს ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; ეს უნდა განხორციელდეს სამართლებრივად გამართული გზით, ვენეციის კომისიის მოახლოებული მოსაზრების გათვალისწინებით შესაბამის კანონმდებლობაზე
  • მედიის შესახებ კანონის მიღება, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს უკრაინის კანონმდებლობას ევროკავშირის აუდიო-ვიზუალური მედიის სერვისების დირექტივასთან და უფლებამოსილებას მიანიჭებს მედიის დამოუკიდებელ მარეგულირებელს
  • დაასრულოს ეროვნული უმცირესობების შესახებ საკანონმდებლო ბაზის რეფორმა, რომელიც ამჟამად მზადდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, და მიიღოს მისი დაუყოვნებლივი და ეფექტური განხორციელების მექანიზმი

მოლდოვა:

  • მართლმსაჯულების სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმის არსებითი ნაბიჯების დასრულება მართლმსაჯულებისა და პროკურატურის ჯაჭვებში არსებულ ყველა ინსტიტუტში, მათი დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ეფექტურობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად; კერძოდ, შეავსოს უმაღლესი საბჭოს მაგისტრატურის და მის სპეციალიზებულ ორგანოებში დარჩენილი ყველა ვაკანსია
  • ყველა ამ სფეროში, ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა
  • შეასრულოს ვალდებულება ყველა დონეზე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები პროაქტიული და ეფექტიანი გამოძიებისკენ; არსებითად გაზარდოს ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინება
  • განახორციელოს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გავლენიანი წრეების ჭარბი გავლენების აღმოფხვრის გზით
  • გააძლიეროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საფრთხის დეტალური შეფასებების საფუძველზე, გაფართოებული თანამშრომლობით რეგიონულ, ევროკავშირისა და საერთაშორისო პარტნიორებთან და სამართალდამცავი უწყებების უკეთესი კოორდინაციით; კერძოდ, შეიქმნას საკანონმდებლო პაკეტი აქტივების დაბრუნების შესახებ და ფინანსური დანაშაულისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ყოვლისმომცველი ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობის შესაბამისობას ფინანსური სამოქმედო ჯგუფის (FATF) სტანდარტებთან
  • რეფორმების განხორციელებისა და ხარისხიანი საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობების გაზრდა, მათ შორის, საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების გააქტიურების გზით; საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიის შეფასება და განახლება
  • დაასრულოს სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმა, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების გაუმჯობესება ხელისუფლების ყველა დონეზე
  • გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე
  • გააძლიეროს ადამიანის უფლებების დაცვა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, და შეინარჩუნოს მისი ვალდებულებები გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი