ნიკა ახალბედაშვილი სამუშაო ვიზიტით ლუიზიანას მუზეუმში იმყოფებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
212 17 სექტემბერი 2022, 16:12

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კოპენჰაგენის ლუიზიანას მუზეუმს შორის პროფესიული თანამშრომლობისთვის საფუძვლის ჩასაყრელად, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი დანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ვიზიტის ინიციატორი გახლდათ ინფინიტარტის ფონდი. სწორედ აღნიშნული ფონდი იყო 2019-2020 წლებში ვენაში, ალბერტინის მუზეუმში მოწყობილი ფიროსმანის გამოფენის მთავარი ორგანიზატორი.

ლუიზიანას მუზეუმის დირექტორ ბატონ პოლ ერიკ ტოინერსა და ნიკა ახალბედაშვილს შორის სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მოლაპარაკებები გაიმართა, 2023 წლის გაზაფხულზე, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ფიროსმანის გამოფენის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც ლუიზიანას მუზეუმის სურვილი იქნებოდა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილის, ნიკა ახალბედაშვილის თქმით, ეროვნული მუზეუმის ახალი სამუზეუმო პოლიტიკა ქართული კულტურის დასავლეთ ევროპაში ფართოდ წარმოჩენას ისახავს მიზნად და ის, იმავდროულად, საქართველოს მუზეუმების გაძლიერებას, ადამიანური რესურსების განვითარებასა და ექსპონატების უკეთესად მოვლა-პატრონობის პრიორიტეტებს ეფუძნება.

შეთანხმდა, რომ ორ მუზეუმს შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც, ფიროსმანის გამოფენის საორგანიზაციო საკითხების გარდა, გაითვალისწინებს ქართული მხარის საჭიროებებს. კერძოდ, დანიელი კოლეგების დახმარებით, ცალკე შეიქმნება ინტერაქტიული მრავალენოვანი ვებგვერდი ნიკო ფიროსმანისა და მისი შემოქმედების შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მსოფლიოში ფიროსმანის უნიკალური ფენომენის გაცნობასა და პოპულარიზაციას; სპეციალურად ქართველი მუზეუმელებისა და ახალი თანამშრომლებისათვის შემუშავებული გადასამზადებელი და სასწავლო კურსების ფარგლებში, დანიელი კოლეგები საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ექსპონატების კონსერვაცია-რესტავრაციის დარგში თანამედროვე მეთოდების დასანერგად. კონსერვაცია-რესტავრაციის მიმართულებით ადამიანური რესურსის განვითარება პირდაპირ პასუხობს ეროვნული მუზეუმის ფონდებში ფიროსმანისა და სხვა დიდი ქართველი მხატვრების შემოქმედების სათანადოდ დაცვის პრიორიტეტს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი სამუშაო ვიზიტით ბაზელში, დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან მუზეუმში, ბეილერის ფონდში იმყოფებოდნენ.

ვიზიტისას გადაწყდა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე, მუზეუმის საგამოფენო სივრცის ერთი ნახევარი ფიროსმანის გამოფენას დაეთმობა, ხოლო მეორე ნაწილში, ფიროსმანის შემოქმედებისადმი პიკასოს განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო, მისი ნამუშევრების ექსპოზიცია მოეწყობა. სანაცვლოდ, ბეილერის ფონდი თავის თავზე იღებს თბილისში სპეციალისტების გამოგზავნას, რომლებიც, ქართველ მუზეუმელებთან ერთად, ფიროსმანის თითოეული ნამუშევრის კვლევას ჩაატარებენ და ერთად დასახავენ მათი უკეთესად კონსერვაციის გეგმას.

ასევე, ბაზელში შეხვედრისას აღინიშნა, რომ ეროვნულ მუზეუმში შემავალ მუზეუმებთან თანამშრომლობის სურვილს კოპენჰაგენის ლუიზიანას მუზეუმიც გამოხატავდა.

ინფორმაციისთვის, დღეს, ლუიზიანას მუზეუმი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საგამოფენო სივრცედ ითვლება, რომელსაც ჰყავს ძალიან დიდი და მრავალფეროვანი აუდიტორია.

მუზეუმის წარმატებულ ისტორიას მისი დამაარსებლის, კნუდ ვ. ჯენსენის თაოსნობითა და უნიკალური ხედვის მიხედვით ჩაეყარა საფუძველი. მუზეუმში თავმოყრილია ხელოვნების არაერთი ცნობილი და ფასეული ნიმუში. მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა მჭიდრო კავშირი საერთაშორისო სახელოვნებო პროცესებთან და კულტურულ გარემოსთან.

ლუიზიანას მუზეუმის კოლექცია აერთიანებს 4000-მდე ექსპონატს, რომლებიც 1945 წლიდან დღევანდელობამდე პერიოდს ფარავს. კოლექცია ამ პერიოდის თითქმის ყველა ჟანრის მხატვრობისა და ქანდაკების ნიმუშებს აერთიანებს (მათ შორის, ევროპული ახალი რეალიზმი, ამერიკული პოპ არტი, 1980-იანი წლების გერმანული ხელოვნება და ვიდეოხელოვნება 1990-იანი წლებიდან და სხვ.). მუზეუმში დაცულია მარიო მერსის, სოლ ლევიტის, გერჰარდ რიხტერის, როი ლიხტენშტეინის, ენდი უორჰოლის, რობერტ რაუსჩენბერგის, ალბერტო ჯაკომეტისა და სხვათა ნამუშევრები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი: მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს
არქივი