სალომე ზურაბიშვილმა ქალ მეწარმეთა პროდუქციის პირველი გამოფენა გახსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 02 ოქტომბერი 2022, 15:49

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ქალ მეწარმეთა პროდუქციის პირველი გამოფენა გახსნა, რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ნაწილია და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში პირველად მიმდინარე ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაში 100-მდე მეწარმე ქალი მონაწილეობს.

პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და სოციალურ- ეკონომიკურ, ბიზნეს სფეროებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ამ ღონისძიებაზე დასწრება, ჩემი, როგორც ქალი პრეზიდენტის ვალდებულებაა. ჩემი ვალდებულებაა, ყველგან მხარი დავუჭირო საქართველოს ქალებს, მათ საქმიანობას, მათ მოღვაწეობასა და განვითარებას. რეგიონებში ყოფნისას არაერთხელ გვქონდა საშუალება, ქალი მეწარმეები მოგვენახულებინა და გვენახა, რამდენად დიდი და დინამიურია ჩვენი ქალების პოტენციალი. შარშან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩაატარა ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მთავარი თემაც ქალები, კონფლიქტები და ყველა ის საკითხი იყო, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში ქალთა მეტ ჩართულობას ითვალისწინებს და მოითხოვს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია. შესაძლოა, დღეს სტატისტიკაში არ ჩანს, რომ ქალებს მიჰყავთ ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ, სად არის ინოვაცია, გამბედაობა, მეტი პირადი ინიციატივა, დავინახავთ, რომ ეს ქალების ხელშია. ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი აღარ გვაქვს გასაკეთებელი და ამით უნდა დავკმაყოფილდეთ. ცხადია, არა, რადგან პრობლემებიც ძალიან ბევრია და შემიძლია, რამდენიმე დავასახელო: პირველ რიგში, ალბათ, ეს არის ფინანსურ რესურსზე წვდომა – წვდომა კრედიტებზე. სადაც ვხვდები ქალ მეწარმეეს, პირველი საკითხი და წუხილი სწორედ ესაა. პირველადი კრედიტები ზოგჯერ ხელმისაწვდომია, თუმცა შემდგომი განვითარების ფინანსურ რესურსთან დაკავშირებით, რაც ნებისმიერ საწარმოს სჭირდება შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად, უკვე ჩნდება კანონმდებლობის, თუ სხვა პრობლემები – მივმართავ პარლამენტს, რადგან ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რათა ქალებს ფინანსურ საშუალებებზე მეტი წვდომა ჰქონდეთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ნებისმიერი საწარმო გადავიდეს იმ განზომილებაში, რომ ქვეყნის ეკონომიკის ნამდვილი ძრავა გახდეს. მეორე საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში ქალთა გაძლიერებაა, რადგან ისინი რეგიონებში ძალიან დიდ ძალას და შესაძლებლობას წარმოადგენენ. მაგალითად, ხშირად ვხედავთ, თუ ვინმე ბრუნდება მთიან რეგიონებში, ქალი ბრუნდება, თუ ვინმე მუშაობს რთულ პირობებში – ქალი მუშაობს, თუ ვინმე წავიდა დიასპორაში – ქალები წავიდნენ და სწორედ იქიდან ეხმარებიან თავიანთ ოჯახებს და აქ გახსნილ საწარმოებს. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, გაიზარდოს თანამშრომლობა დიასპორასა და ქალ მეწარმეებს შორის. ქალების ძალაზე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან თქვენ ყველამ ჩემზე უკეთ იცით, რა ძალას წარმოადგენთ, თუ ერთად ვიქნებით და მხარს დავუჭერთ ერთმანეთს. აქვე, მინდა, გითხრათ, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია თქვენ გვერდით არის და იქნება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი