საქართველოსა და მოლდოვას მეგობრული ურთიერთობები აერთიანებს, რომლებიც ხალხთა შორის ტრადიციულად მჭიდრო კონტაქტებს, საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს ემყარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 24 ნოემბერი 2022, 17:42

 საქართველოსა და მოლდოვას მეგობრული ურთიერთობები აერთიანებს, რომლებიც ხალხთა შორის ტრადიციულად მჭიდრო კონტაქტებს, საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს ემყარება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრ ნიკუ პოპესკუსთან  შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ვიმყოფები თქვენს ლამაზ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის. მოხარული ვარ, რომ პირველი ორმხრივი ვიზიტით ვიმყოფები მოლდოვას რესპუბლიკაში. საქართველოსა და მოლდოვას მეგობრული ურთიერთობები აერთიანებს, რომლებიც ხალხთა შორის ტრადიციულად მჭიდრო კონტაქტებს, საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს ემყარება. როდესაც საქმე ევროპულ ინტეგრაციას შეეხება, ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობა ძალზედ ნაყოფიერი და წარმატებული პარტნიორობის ფორმასაც იძენს. ევროკავშირის წევრობა ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც საქართველოსა და მოლდოვას აერთიანებს.

ევროპული საბჭოს მიერ ივნისში მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ოფიციალურად გაუხსნა კარი ჩვენს ქვეყნებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად და შესაბამისად, ჩვენ გავხდით გაფართოების პაკეტის ნაწილი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს მიღწევა ამავდროულად გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თანხვედრის უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით. მინისტრ პოპესკუსთან ერთად, ვრცლად ვისაუბრეთ ამ გზაზე პროგრესის მისაღწევად ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების კოორდინაციის საშუალებებზე.

ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობისა და კოორდინაციის კიდევ უფრო გაძლიერების, ასევე გაწევრიანების პროცესში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, წლების მანძილზე საქართველო აქტიურად აწარმოებდა დიალოგს და ერთმანეთს უზიარებდა გამოცდილებას ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„უკრაინასთან ერთად, საქართველო და მოლდოვა ქმნიან ერთნაირად მოაზროვნე ქვეყნების ჯგუფს, რომელიც ასოცირებული ტრიოს სახელითაა ცნობილი. ამ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აერთიანებს.

შეხვედრისას ვისაუბრეთ კომისიის მიერ ჩვენი ქვეყნებისთვის განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების კუთხით ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ და გავცვალეთ საინტერესო მოსაზრებები სხვადასხვა სფეროში ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაციის მისაღწევად საჭირო შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

მინისტრ პოპესკუსთან ერთად, შევთანხმდით ჩვენს ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკის გაძლიერებასა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევის ურთიერთმხარდაჭერაზე. სიღრმისეულად განვიხილეთ უსაფრთხოების რისკები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დავადასტურო უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა. ჩვენ დავადასტურეთ მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, და ხაზგასმით აღვნიშნეთ არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით რეგულარული დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობა“,- აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დარჩიაშვილის თქმით, ორმხრივი დღის წესრიგის განხილვისას, ყურადღება გამახვილდა საქართველო-მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავზე, რომელიც წელს აღინიშნება.

„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობა და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა, განსაკუთრებით, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმისა და ორმხრივი ინტერესის სხვა სფეროებში. ჩვენი შეხვედრა ასევე იყო კარგი შესაძლებლობა რეგიონული და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრის განსახილველად. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს და კოლეგას, მინისტრ პოპესკუს სტუმართმოყვარეობისთვის და იმედი მაქვს, რომ მალე მომეცემა საქართველოში მისი მასპინძლობის შესაძლებლობა“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი