თბილისში, უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 25 იანვარი 2023, 21:55
თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე დადასტურებული იქნა ორივე მხარის, საქართველოს და ევროკავშირის ინტერესი და მტკიცე სურვილი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2022 წლის 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს 2008 წლის აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შედეგები, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული კონფლიქტის დინამიკის ჩათვლით. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას. მათ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში და ყურადღება გაამახვილეს სადამკვირვებლო მისიის მიერ მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობაზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

საქართველომ და ევროკავშირმა ასევე განიხილეს საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასა და, ფართო გაგებით, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების, მათ შორის უკრაინის წინააღდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის თემატიკა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დაკავშირებადობის გაზრდის, როგორც საერთო პრიორიტეტის, კრიტიკულ მნიშვნელობას, მათ შორის შავ ზღვაზე.

ევროკავშირის მხარემ უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის როლი ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მისიებში. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლისა და საქართველოს მედეგობისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მეშვეობით.

დიალოგის შეხვედრას თანა-თავმჯდომარეობას უწევდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე/პოლიტიკური დირექტორი ენრიკე მორა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ აღნიშნა:

„დღევანდელი შეხვედრა ევროპისთვის ძალზე რთულ დროს იმართება, როდესაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოების გარემო ევროპაში, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ევროკავშირის მხარეს გავუზიარეთ ის გამოწვევები და რისკები, რომლებიც მომდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციიდან. ჩვენ ასევე სასარგებლო საუბარი გვქონდა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის გზებზე და ამავდროულად, განვიხილეთ საერთო ინტერესთა სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობები, როგორიცაა შავ ზღვაში დაკავშირებადობის გაზრდა. დღევანდელმა შეხვედრამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მოგვცა, რათა განგვესაზღვრა ასევე შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, სტრატეგიული კომპასით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად”, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

გენერალური მდივნის მოადგილემ ენრიკე მორამ აღნიშნა:

„დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ერთგულება იმ საკვანძო პრინციპებისადმი, რომლებსაც ევროპის უსაფრთხოება და მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შესახებ ჩვენი საერთო ხედვა ეფუძნება“, - განაცხადა მორამ.

მან დასძინა, რომ „საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ უახლოეს და ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რეგიონში. დღეს, როდესაც უსაფრთხოების გარემო რადიკალურად შეიცვალა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გამო, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საქმეში და თავისი წვლილი შეიტანოს მთლიანი რეგიონის სტაბილიზაციის პროცესში. ამ მიზნით, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მედეგობის გაძლიერებისადმი მზარდ მხარდაჭერას”.

უსაფრთხოების საკითხებში საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრები ყოველწლიურად ტარდება და განიხილება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში არსებული საერთო ინტერესის საკითხები.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შეგნებული ტყუილი?! - რაში დასჭირდა გამოცემა „ნეტგაზეთს“ მოსამართლე გიორგი ებანოიძის კომენტარის დამახინჯება
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
მოსამართლე გიორგი ებანოიძე: არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ვეტინგის მომხრე ვარ, პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, მიუღებელია
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ბაკურიანში მთის ფერდობიდან ჩამოსულ თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი
არქივი