
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება.
„ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი, ხომ ასეა?! არ მინდა ამაზე სპეკულირება ან ციტირება რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, იმაზე, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ნატოს გაფართოების პერსპექტივაა, მსოფლიო ლიდერები მუდმივად საუბრობენ:
2022 წლის 2 ივნისს, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინს ნაკლები ნატო სურდა და ამიტომ უკრაინაში შეიჭრა, თუმცა ის ახლა უფრო მეტ ნატოს იღებს.
2023 წლის 20 იანვარს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა აღნიშნა, რომ „უკრაინაში ომამდე მე წინააღმდეგი ვიყავი უკრაინის ნატოში გაწევრიანების, რადგან ვშიშობდი, რომ სწორედ ის პროცესი დაიწყებოდა, რასაც ახლა ვხედავთ“.
2022 წლის 8 მარტს, France 24-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის აღარ ითხოვს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, ვინაიდან ეს დელიკატური საკითხია, რომელიც რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო.
2022 წლის 3 მაისს, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსეთის კარზე ნატოს „ყეფამ“ შესაძლოა ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრა გამოიწვია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |