475
21 აგვისტო 2024, 21:43
ქეთი ხატიაშვილი
მხოლოდ პოლიტიკაში კი არა, ავანტიურაშიც უნიჭო აღმოჩნდა... ჩემთვის ეს დიდი აღმოჩენა არც ყოფილა. ყოველთვის მიკვირდა, როცა გიგა ბოკერიაზე მიმტკიცებდნენ: ჭკვიანია, გენიოსია და მიშას [სააკაშვილის] შემდეგ პარტიისა და ქვეყნის მმართველობა მან უნდა ჩაიბაროსო.
არადა პოლიტიკაში ერთმოქმედებიანი განტოლებაც ვერ ამოხსნა. ადამიანს, რომელიც თავადაც იყო ჩართული ყველა იმ ფიგურის ჩაქოლვაში, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ წინ გადაუდგა, გაუკვირდა, როცა ურჩებისთვის შეგროვებული ყველა ქვა ახლა თავად მოხვდა...
გიგა ბოკერიამ ისე იოლად მიიღო ყველაფერი, იმდენად მარტივად შესწვდა თავის დროზე ვერტიკალს, რომ საკუთარი განუმეორებლობის თავადვე დაიჯერა. ჰოდა, 2016 წელს მიშას წინ გარბენაზე ყველაფერი დადო... თუმცა მოკლე დისტანციაზეც კი ვერ გაირბინა, ახლა კი, 2024 წელს, საერთოდაც, საარჩევნო მარათონის გარეთ დარჩა...
ისე, პოლიტიკური პარტიები არჩევნების შემდეგ კვდებიან ხოლმე - როცა საჭირო ხმებს ვერ ღებულობენ... გიგა ბოკერია პირიქით, თამაშგარე მდგომარეობაში ის წინასაარჩევნოდ აღმოჩნდა - ამ პროცესს ლამის პირდაპირ ეთერში ვუყურეთ... თუმცა პირველობა არც აქ ერგო. მანამდე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძე დასრულდა. მაგრამ ის მსოფლიო ბანი იყო და საკუთარი რეპუტაცია ჰქონდა. ბოკერია კი ბანს სააკაშვილს აძლევდა. და როგორც კი მარტო დარჩა, ისიც დაკარგა, რაც არ ჰქონდა.
ბოკერიას გაქცევა, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დამსახურებაა. ისევე როგორც ნინო ბურჯანაძისა - 2007 წელს და ირაკლი ოქრუაშვილისა - 2009 წელს…
გიგა გამონაკლისი ვერ გახდებოდა. ის პარტიიდან გაიძურწა. „ევროპული საქართველოს“ სხვა წევრებს არჩევანიც არ ჰქონდათ. უფრო სწორად, არჩევანი იყო - ან მუდმივად წარუმატებელი ბოკერია, ან პარლამენტში მოხვედრის შანსის მქონე სააკაშვილი. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ საფლავში გიგას არავინ ჩაჰყვებოდა...
გიგი წერეთელი და აკაკი ბობოხიძე ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდნენ, თანაც ისე, რომ ბოკერია ჯერ პარტია „ევროპული საქართველოდან“ გააგდეს... ეს მიშას ერთადერთი პირობა იქნებოდა.
მოკლედ, გიგას ახლა ყველაფრის დაწყება ნულიდან არა, მაგრამ საკუთარი ცოლიდან მოუწევს. თამარ ჩერგოლეიშვილმა უკვე თქვა, რომ 2025 წელს თბილისის მერობაზე იყრის კენჭს... ტრაბახა ჩერგოლეიშვილი...
ჯერ ამბობდა, პარტიაში მთავარი შემომტანი მე ვარ, ფულს მე ვშოულობ, ყველას მე გივლითო. ახლა ირწმუნება, რომ თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ეს უკვე ილუზიებიც აღარ არის. განდიდების მანიაა ან გაცოცხლების შანსი. ხმაურიან პოლიტიკურ პროცესზე შეეცდებიან, კიდევ ერთხელ შეგვახსენონ, რომ არსებობენ.
ასე რომ, გავერთობით...
ეს სკანდალიც ჯერ მივიწყებული არ იყო, ახალი წამოგვეწია. გიგი წერეთელსა და აკაკი ბობოხიძეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მშვიდად, ტაშისკვრით კი შეხვდნენ, პროპაგანდაც შესაბამისი აამუშავეს, - გამარჯვება მხოლოდ ერთობას მოაქვსო, - კი თქვეს... მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ყველას თავის ბოკერია ჰყავს...
ანი წითლიძე ხატია დეკანოიძის ღალატს ვერ ინელებს... როგორც კი პარტიის დერეფნებში გამოჩნდა, მაშინვე ფეისბუქზე ვრცელი სტატუსი მიუძღვნა: შენი პოლიტიკური ცოდვები კარგად გვახსოვს, დაბრუნება პარლამენტში მოსახვედრად გინდა, მაგრამ შენი ავტორიტეტი ნულიაო...
„რაც შენ პარტია უსამართლოდ აჯანჯღარე, რაც შენ იკადრე, რა ტყუილებიც შენ ავრცელე ეთერებში, ახლა რა შეიცვალა, უკან რომ ბრუნდები, ხატია? კეზერაშვილი არ არის პარტიაში? თუ „ხაბე“ არ არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე? თუ „ოლიგარქები“ არ მართავენ პარტიას? რომელი ერთი ფაქტორი შეიცვალა? შენი მობრუნება ამ ყველაფრის აღიარებაა, რომ ტყუოდი და მიზანი მხოლოდ შენი ამბიციები იყო. „ახლებში“ არ მიგიღეს? გამსვლელ სიაში შენნაირი ბევრი მყავს და შენ ვის დაჰკარგვიხარო? დიდი ხანია ეთერებში არ ჰყვები, ბელადომანია უნდა დასრულდეს პარტიაშიო?
ერთობის კი არა, საპარლამენტო სიის ხათრით იზელ ახლა ამ ყველაფერს, მიხვდი, რომ სხვაგან არსად არ დასჭირდით, შანსი არ გაქვს და აგერ ჩვენც მიგიღებთ, მერე რა, რომ ყველამ იცის ყველაფერი.
მაგრამ რა ნომერზეც არ უნდა ივაჭრო, სიაში შენი ავტორიტეტი ენმ-ს ამომრჩეველში არის ნული.
ვისაც არ უნდა სწერო წერილები ციხეში, ვერავინ ვერასოდეს ვერ დამიშლის შენზე სიმართლის თქმას, თუნდაც იმიტომ, რომ ვინ-ვინ და პარტიისთვის ურთულეს დროს შენ არ უნდა აჰყოლოდი ამბიციებს, როდესაც ამდენს გთხოვდი, ეგ სისულელე არ გექნა და ზუსტად ვიცოდი, როგორც დაასრულებდი.
მობრუნებას გილოცავ, ხატია, - ჩვენ მხოლოდ გვიხარია, რომ მართლები ჩვენ აღმოვჩნდით და შენ მაინც მობრუნებამ მოგიწია“.
მართალია, წერილი ხატიას ეძღვნება, მაგრამ ანიმ ის მიშათი დაასრულა... #თავისუფლებამიშას, - დაწერა საკუთარ ფეისბუკგვერდზე...
ანიმ თქვა ის, რაც რამდენიმე საათში ყველამ დავინახეთ. ხატია დეკანოიძის დაბრუნება მხოლოდ ნაყოფიამ იზეიმა... პარტიის ტრიბუნიდან მას [დეკანოიძეს] მხოლოდ ის [ნაყოფია] მიესალმა. მათ უკან მხოლოდ დროშები ფრიალებდა. პარტიის სხვა წევრები უძღები შვილის დაბრუნებას, წითლიძის ტერმინით რომ ვთქვათ, არც კი დასწრებიან...
რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?
ბოლოს და ბოლოს, დეკანოიძეს სხვებზე მეტი არ დაუშავებია... მიშას „ევროპული საქართველოს“ წევრები წლობით ლანძღავდნენ, მაგრამ ისინი ღიმილით მიიღეს. და მაშინ რატომ გამოუტანეს ხატიას ასეთი მწარე განაჩენი? ან ასეთი დემარში პარტიის წევრებისგან რას უნდა ნიშნავდეს? ნაყოფიას უკან ეულად იდგა, ისე, თითქოს კარგად გრძნობდა მის მიმართ ნეგატიურ განწყობას.
როგორც ჩანს, საქმე დეკანოიძის შეცდომაში არ უნდა იყოს - მას პარტიის ან მიშას კრიტიკის გამო კი არ ერჩიან, არამედ იმიტომ, რომ ის დავით კეზერაშვილის პოლიტიკური კლასტერისთვის უცხო სხეულია. დეკანოიძე ნაყოფიას გუნდის წევრია...
კობა ნაყოფია დაბრუნდა, უკვე ხატია დეკანოიძე დააბრუნა, მალე კი შეიძლება პარტიის კორიდორებში რომან გოცირიძეც გამოჩნდეს. ბოლოს ნიკანორ მელიამდე და ნიკა გვარამიამდეც მივა საქმე? მერე ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძეც დადგებიან რიგში. ჯაფარიძის ძმა ხომ ისედაც „ნაციონალურ მოძრაობაშია“...
ესენი, ყველანი, კობა ნაყოფიასთან ასოცირდებიან...
არადა, კეზერაშვილმა დიდი დრო, ენერგია და სახსრები დახარჯა მის დასასუსტებლად, პარტია მისთვის ზედმეტი და მიუღებელი პირებისგან გაწმინდა და ის იყო, ძალაუფლებით უნდა დამტკბარიყო, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყო... სააკაშვილმა პარტიაში ჯერ ნაყოფია დააბრუნა, ახლა კი დეკანოიძეც...
ყველას ესმის, რომ პროცესი შესაძლოა ამით არ დასრულდეს... ნაყოფია გავლენებს იკრებს. მორიგი და დიდი შეჯახება საარჩევნო სიის შედგენის დროს გარდაუვალი ხდება...
კეზერას გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორიც არსებობს. იმ პირებმა, ვინც ჭირშიც და ლხინშიც მიშას გვერდით იდგნენ, რატომ უნდა დაუთმონ საარჩევნო სიაში ადგილი მათ, ვინც პარტია სხვადასხვა სუბიექტური მიზეზით სხვადასხვა დრის დატოვეს?
მით უფრო, რომ დიდი გაუგებრობა პარტიაში უკვე ჰყავდათ გუბაზ სანიკიძის სახით, ახლა კი მას კიდევ ერთი დაემატა... ვინ არის ის? ვნახოთ:
1995 წლიდან მედიაში მასზე წერდნენ, - განაცხადა „აღორძინების“ ერთ-ერთმა ლიდერმა; 1999 წლიდან ამბობდნენ, - განაცხადა „მოქალაქეთა კავშირის“ ერთ-ერთმა წევრმა; 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ სახელით გამოდიოდა; 2020 წლიდან განცხადებებს „ევროპული საქართველოს“ სახელით აკეთებდა; ახლა ნაციონალებში ჩაეწერა...
არ გეგონოთ, რამდენიმე ადამიანზე ვსაუბრობ. ასეთი ნახტომები პოლიტიკურ კარიერაში არმაზ ახვლედიანმა გააკეთა...
მიშამ „გამარჯვების ფორმულაში“ რატომღაც ისიც შეიყვანა....
ასეთი გაუგებარი და ზოგჯერ უსამართლო სვლებით სააკაშვილი თავად კი რჩება „ქართულ ოცნებაზე“ ფოკუსირებული, მაგრამ პარტიის შიგნით დიდი დაპირისპირებების კერებს აჩენს - ახლა კეზერაშვილსა და ნაყოფიას, მგონი, ერთმანეთი უფრო ადარდებთ, ვიდრე მიშა თავისი ფორმულებით...
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |