სტატიები
ღვთისმეტყველი, ფეხბურთელი და სასტიკი ტერორისტი - რა არის ცნობილი ISIS ლიდერის შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1277 27 ოქტომბერი 2019, 22:55

ISIS ლიდერის წინააღმდეგ სპეცოპერაცია აშშ-ს უძლიერესმა  ანტიტერორისტულმა სპეცდანიშნულების რაზმმა “ზღვის ლომებმა“ ჩაატარა. ოპერაცია უმაღლესი პროფესიონალიზმით ჩატარდა.  თუმცა, ალი-ბაღდადის სახლზე შტურმისას,  გარდა მეთაურისა, მისი ორი ცოლისა და მისი სამი შვილისა, ბევრი მისი თანამებრძოლიც გარდაიცვალა.   

სირიის სოფელ ბარიშაში მდებარე „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის სახლში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ ორ საათზე მეტ ხანს გასტანა. მისი დასრულების შემდეგ, როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა,  გარდაცვლილებისგან   აიღეს ბიომასალა, რომელიც დნმ-ის ანალიზზე გადაიგზავნა.

BBC-ის  სოფელ ბარიშას მაცხოვრებელი მოუყვა  სამხედრო სპეცოპერაციის დეტალებს. მისი თქმით, ოპერაცია 26 ოქტომბერს, გვიან ღამით ჩატარდა. თვითმხილველის ინფორმაციით, თავდაპირველად, ვერტმფრენებიდან 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა უწყვეტი სროლა, რის შემდეგაც, ოპერაციაში ქვეითი  სპეცრაზმი ჩაერთო. შტურმი ორ საცხოვრებელ სახლზე მიიტანეს, რომელთაგან ერთი მიწასთან გასწორდა.

„როგორც ჩანს, ეს იყო აშშ-ს სამხედო ძალების სპეცოპერაცია ალ-ბაღდადის ლიკვიდაციისთვის“, - წერს BBC.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეცოპერაცია, რომელიც ნომერ პირველი ტერორისტის წინააღმდეგ  ჩატარდა, დეტალურად აღწერა.

„სახლიდან გამოვიყვანეთ 11 ბავშვი, სამწუხაროდ, იქ დარჩნენ სხვა ბავშვები...  ჩვენ ვიცოდით, რომ სახლს ირგვლივ გვირაბები ჰქონდა, ყველა, გარდა ერთისა ამოვქოლეთ. ჩვენი ძაღლები მას გვირაბშიც შეყვნენ. საბოლოოდ, მან თავი აიფეთქა და მოკლა სამი ბავშვიც“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, რომლის ინფორმაციითაც, ჯიჰადისტის  ცხედარი საშინლად დასახიჩრებული იყო, იმდენად, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი იყო, თუმცა ჩატარებულმა ექსპერტიზამ მისი ვინაობა დაადასტურა. აშშ-ს პრეზიდენტმა დაადასტურა ტერორისტის ორი ცოლის ლიკვიდაციაც. "მათ ქამრები ეკეთათ, მაგრამ არ აუმუშავებიათ, ისინი სროლისას გარდაიცვალნენ", - განაცხადა ტრამპმა. 

„ოპერაციას თვალს ვადევნებდი შტაბიდან, ეს იყო ნამდვილი კინო“, - განაცხადა ტრამპმა და დაამატა: „ის გარბოდა ძაღლივით და მოკვდა, როგორც ლაჩარი - ამის შემდეგ, მსოფლიო გაცილებით უსაფრთხოა“.  


ვინ იყო  ალ-ბაღდადი

ის იყო ISIS-ის მეთაური და მსოფლიოში ნომერ პირველი დამნაშავე, რომელზე „ნადირობაც“  წლებია მიმდინარეობს.  აშშ-მ 2011 წლის ოქტომბრიდან ის ოფიციალურად გამოაცხადა ყველაზე საშიშ ტერორისტად და მისი ლიკვიდაციისა ან ადგილსამყოფელის შეტყობინებისთვის 10 მილიონი აშშ დოლარის  ჯილდო დააწესა.  

ის ერაყის დედაქალაქიდან, ბაღდადიდან 125 კმ-ში  მდებარე ქალაქ სამარაში 1971 წელს დაიბადა და მისი ნამდვილი სახელია იბრაჰიმ ავად ალ-ბადრი. ის, საშუალო კლასის სუნიტების ოჯახში იზრდებოდა. მისი ოჯახი  მუჰამედის პირდაპირ შთამომავალთა წრის წარმომადგენელი იყო.  

მომავალი დიდი ტერორისტი, ბავშვობაში ძალიან მორწმუნე იყო, მისი საყვარელი და ერთადერთი საკითხავი წიგნი ყურანი იყო. ახლობლებმა მას ზედმეტსახელი - „მორწმუნე“ შეარქვეს.

დაამთავრა ბაღდადის უნივერსიტეტის ისლამმცოდნეობა, ერაყის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის წოდება და 2007 წელს დაიცვა სადოქტორო ფილოსოფიასა და ისლამმცოდნეობაში.   

2004 წლამდე ორ ცოლსა და ექვს შვილთან ერთად ცხოვრობდა ბაღდადის უღარიბეს რაიონ ტობჩეში, სადაც ბავშვებს ადგილობრივ მეჩეთში ასწავლიდა ყურანს. 2003 წელს, ალ-ბაღდადი  ერაყის ომის დაწყებამდე მშობლიურ ქალაქში მეჩეთის იმამად მსახურობდა. მას ჰყავდა მესამე ცოლიც, რომელიც რამდენიმე თვეში გაექცა. მოგვიანებით, სასტიკი ტერორისტის ყოფილმა ცოლმა განაცხადა, რომ აბუ-ბაღდადი ძალზე წყნარი პროფესორი იყო, რომელიც ლექციებს კითხულობდა და ოჯახზე ზრუნავდა, როგორ იქცა ის "ისლამური სახელმწიფოს" სასტიკ ლიდერად მისთვის გაუგებარია. თქვა ისიც, რომ მისი ყოფილი ქმარი ძალზე უცნაური და მოსაწყენი ადამიანი იყო.  

მომავალი სასტიკი ტერორისტი სპორტითაც იყო გატაცებული. ის  ბაღდადის საფეხბურთო კლუბის ვარსკვლავი გახლდათ. 

ასპირანტურაში სწავლის დროს  ბიძის გავლენით  გახდა  რადიკალური მოძრაობა „ძმები მუსულმანების“ წევრი, 2000 წელს კი,   ჯიჰადის მიმდევარი.  BBC-ი წერს, რომ ერაყის ლიდერის  სადამ ჰუსიენის მმართველობის დროს ის უკვე იყო ჯიჰადის მიმდევარი.  

ერაყში კოალიციის ძალების შეჭრისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში ალ–ბაღდადი დააპატიმრეს  აჯანყებულებთან კავშირისთვის,  მან 10 თვე  აშშ-ის საფილტრაციო ბანაკში Camp Bucca  გაატარა, სადაც „ალ-ქაიდას“ ბევრი სამხედრო მეთაური ჰყავდათ დაპატიმრებული.

ამ დროიდან აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მუდმივად ფიგურირებდა ამერიკის სპეცსამსახურების ანგარიშებში, როგორც ყველაზე დაუნდობელი ტერორისტი, რომელსაც წლები ეძებდნენ, თუმცა, მისი ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს.

მის შესახებ ინფორმაციას ფლობდა მხოლოდ ძალზე ვიწრო წრე, ის საველე მეთაურების წინაშეც ნიღბით გამოდიოდა, რის გამოც, მას ზედმეტსახელი - „დაუნახავი შეიხი“ შეარქვეს.

მას ჰქონდა ძალზე ორგანიზებული და დაუნდობელი მეთაურის იმიჯი. ალ-ბაღდადი რადიკალი ისლამისტების იერარქიულ სიმაღლეებს იპყრობდა.

2010  წელს ალ-ბაღდადი ერაყში „ალ ქაიდას“ ლიდერი გახდა,  მოგვიანებით, ეს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაში შევიდა და ალ-ბაღდადი ერაყის ისლამური სახელმწიფოს მმართველი ორგანიზაციის წევრი  გახდა.

2010  წლის 16 მაისს, მას შემდეგ, რაც ძველი ლიდერი მოკლეს ალ-ბაღდადი „ისლამური სახელმწიფოს“  ლიდერი გახდა.

2013 წლის 8 აპრილს  აბუ ბაქრ ალ–ბაღდადიმ გამოაცხადა ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოს ფორმირება.   

ერაყისა და შამის ისლამურმა სახელმწიფომ  სახელი გაითქვა, როგორც ერთ–ერთმა ყველაზე  ულმობელმა და უსასტიკესმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ. მისი წევრები კლავდნენ, აწამებდნენ, უსასტიკესად უსწორდებოდნენ მოწინაღმდეგეებს, აწყობდნენ ტერაქტებს, ანადგურებდნენ სალოცავებს, ძველ არტეფაქტებს, ყველაფერს, რაც ისლამურ რადიკალიზმს უშლიდა ხელს. ისინი ასევე დაუნდობლად უსწორდებოდნენ ყველას, ვისზეც კი მცირე ეჭვს მიიტანდნენ, როგორც მმართველ რეჟიმებთან თანამშრომლობაში, ასევე ისლამის მიმართ მკრეხელობაში. ამ ჯგუფში აღმოჩნდა მრავალი ექსტრემისტი, რის შედეგადაც  ჯგუფს ურთიერთობა დაეძაბა სირიაში მყოფ სხვა, შედარებით უფრო ზომიერ დაჯგუფებებთან, რაც მოგვიანებით, სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გადაიზარდა.

2014 წლის 29 ივნისს გამოცხადდა სახალიფოს აღდგენა. ალ-ბაღდადი კი  ხალიფად, ხოლო ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფო — ისლამურ სახელმწიფოდ.  

დაუდასტურებელი ინფორმაციები

ალ-ბაღდადს წლების მანძილზე ეძებდნენ აშშ-ს სპეცსამსახურები, დიდი ხნის განმავლობაში თვლიდნენ, რომ ის თავს აფარებდა სირია-ერაყის საზღვართან ახლოს მდებარე სოფელს.

2012 წლის 2 დეკემბერს ერაყის ხელისუფლებამ  გამოაცხადა, რომ მათ მოახერხეს ალ–ბაღდადის შეპყრობა.  თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაპატიმრებული   ერაყის ისლამური სახელმწიფოს ერთ–ერთი ქვემდებარე დაჯგუფების ლიდერი იყო.

2014 წლის 5 ივლისს ალ-ბაღდადი მოსულის მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს პირველად გამოვიდა სიტყვით და მსოფლიოს მუსლიმებს ჯიჰადში ჩართვისკენ მოუწოდა.   

2015 წლის მარტში ალ-ბაღდადი ერაყისა და სირიის საზღვარზე ავტომობილით გადაადგილებისას დასავლური კოალიციის იერიშის შედეგად დაიჭრა.  The Guardian-მა დაწერა, რომ ალ-ბაღდადი გადარჩა, თუმცა კიდურებს ვეღარ ამოძრავებდა. ეს ერთადერთი ფაქტი იყო მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციებიდან, რომელიც დადასტურდა,

ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ ცნობები 2016 წლის ივნისშიც გავრცელდა, იმავე წლის ოქტომბერში კი, მედია წერდა, რომ ალ-ბაღდადი და ტერორისტული დაჯგუფების კიდევ  3 მაღალჩინოსანი მოწამლეს. რაც ასევე, არ დადასტურდა.

2017 წლის ივნისში სირიული მედია იტყობინებოდა, რომ ალ-ბაღდადი ქალაქ რაქაზე რუსეთის ავია იერიშს ემსხვერპლა, თუმცა დასავლური კოალიციის წარმომადგენელმა, აშშ-ის არმიის პოლკოვნიკმა რაიან დილონმა ალ-ბაღდადის გარდაცვალება არ დაადასტურა.

2017  წლის სექტემბერში „ისლამურმა სახელმწიფომ“ ალ-ბაღდადის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უარყო და მისი 46-წუთიანი აუდიომიმართვაც გაავრცელა, რომელშიც ალ-ბაღდადი რამდენიმე კვირის წინ მომხდარ მოვლენებზე საუბრობდა.

2018 წლის თებერვალში მედია წერდა, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მძიმე მდგომარეობაში, სირიაში ტერორისტების ერთ-ერთ საველე ჰოსპიტალში იმყოფება და მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები აქვს. რამდენიმე თვეში ალ-ბაღდადიმ 1-საათიანი აუდიომიმართვა გაავრცელა და ჯიჰადისტებს არაბეთის ნახევარკუნძულზე, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ტერაქტების მოწყობისკენ მოუწოდა და კანადის ქალაქ ტორონტოში მომხდარ სროლაზე აიღო პასუხისმგებლობა. იმავე წლის დეკემბერში პენტაგონმა განაცხადა, რომ ალ-ბაღდადი მდინარე ევფრატთან, ერთ-ერთ უდაბნოს აფარებს თავს.

2019 წლის  29 აპრილს, ტერორისტული დაჯგუფების მედიასაშუალებებმა, ბოლო 5 წლის განმავლობაში ალ-ბაღდადის პირველი ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი რამდენიმე ადამიანთან ერთად მსჯელობდა  „ჯვაროსნების“  წინააღმდეგ ომისა და სირიის ქალაქ ბაღუზში საბრძოლო მოქმედებების შესახებ, რომლის გათავისუფლების თაობაზე აშშ-მ  2019 წლის მარტში გამოაცხადა.

რამდენიმე დღის წინ, 16 სექტემბერს   ალ-ბაღდადიმ კიდევ ერთი და საბოლოო - 30-წუთიანი აუდიომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს ყოველდღიურად და  მომხრეებს ლოცვისკენ, მედიასაქმიანობის გაძლიერებისკენ, უფრო აქტიური სამხედრო ქმედებებისკენ და უსაფრთხოების დონის გაზრდისკენ მოუწოდა.

ამ დრომდე ISIS-ი დუმს - არც უუარყვია და არც დაუდასტურებია მისი ლიდერის ლიკვიდაციის ფაქტი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი