სტატიები
ხელისუფლებას ეშინია იყოს სუსტი, ოპოზიციას - დამარცხებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1113 19 ნოემბერი 2019, 02:13
საარჩევნო მარათონი უკვე გახსნილია, სტარტი აღებული. პოლიტიკური პარტიების მოქმედების არეალი და გავლენები შემოსაზღვრული. ნაციონალური მოძრაობა, როგორც ჩანს, პროცესებს ქუჩაში გადაიტანს და აგრესიული და რიგ შემთხვევებში რადიკალური აქციებით შეეცდება არჩევნებისთვის საკუთარი ელექტორატის მობილიზებას. მმართველი ძალა კი პარლამენტის ტრიბუნიდან შეეცდება ამომრჩეველი ქართული ოცნების სარგებლობაში დაარწმუნოს. 

აქ კითხვა ჩნდება მხოლოდ ოპოზიციის დანარჩენ ლიდერებთან დაკავშირებით - სად ხედავენ ისინი საკუთარ ადგილს? ორი პოლიტიკური პოლუსი - უკვე წლებია - მყარად დაფიქსირებული რეალობაა -  მათ უკვე ქუჩაც დაიკავეს და პარლამენტიც. სად დადგებიან დანარჩენები?

ამ კონტექსტში საინტერესოა ნინო ბურჯანაძის კატეგორიული პოზიცია. მან ნათლად მიანიშნა მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომ ის არ აპირებს დაუშვას შუის გაკრეფვას. (ეს ფორმულა მოქმედებს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლის დღიდან. პირველად ამის შესახებ მან თავის პირველ წერილში ჯერ კიდევ 2011 წელს ისაუბრა. თუმცა, ეს უკვე ჩავლილი ისტორიაა).

ჩავლილია, მაგრამ არა გავლილი. არასაპარლამენტო ოპოზიციაში ბევრს ააქვს ეჭვი, რომ შუის გაკრეფვა ახლაც შედის როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე ივანიშვილის ინტერესებში. ისინი ამ თვალსაზრისით ერთმანეთს განაპირობებენ. ნინო ბურჯანაძეს ამ მხრივ ინტუიცია, შესაძლოა, მართლაც არ ღალატობს. 


ოპოზიციაში ახლა „სტოსი“ მართლაც ნაციონალებს მიჰყავთ. სწორედ ისინი განსაზღვრავენ ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, ვინ განიწმინდა წარსული ცოდვებისგან - მიკრული იარლიყებს ვგულისხმობ -  და ვინ ვერა. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე „ბელა ჩაოდან“ „ქალბატონ ნინოდ“ იქცა; ბერძენიშვილები რუსეთის აგენტობიდან უბრალო პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდნენ და ასე შემდეგ. ისე ჩანს, თითქოს იარლიყები ისევ მათ ხელშია და საკუთარი შეხედულებისამებრ ანაწილებენ, ისე როგორც ფილმის გადაღების დროს. 

ასე რომ, არასაპარლამენტო ოპოზიციას ახლა განსაკუთრებულად სჭირდება საკუთარი ადგილისა და როლის პოვნა, სანამ სხვა „აპოვნინებს“. რამდენად მოახერხებენ „გამყიდავი“ ნიშის პოვნას და არჩევნებში შედეგის დადებას ამას უნდა დავაკვირდეთ. მათ რესურსების არარსებობისა და მწირი შესაძლებლობების ფარგლებში მოუწევთ მოქმედება. 

ნინო ბურჯანაძე, ისევე როგორც დავით უსუფაშვილი, ლელო და გირჩები ნაციონალების რადიკალიზმსაც გაემიჯნენ და ხელისუფლების მხრიდან ძალადობასაც. წესით ზომიერი ელექტორატის სოლიდური ნაწილი სწორედ მათ უნდა გადაინაწილონ, თუმცა, პოლარიზაციის შემთხვევებში, ხმები, დიდი ალბათობით, ძირითადად ლურჯებსა (ოცნების ფერი) და წითლებს (ნაცების ფერი) შორის გადანაწილდება. 

ორპარტიული პოლიტიკური სისტემის შექმნას, სხვათა შორის, ამერიკელები ჯერ კიდევ მიშას დროს ცდილობდნენ, ნაციონალების საპირწონედ მაშინ სწორედ ნინო ბურჯანაძე მოიაზრებოდა (საუბარი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეზე), თუმცა, ეს პარტია არ შედგა, მეტწილად, სწორედ მიშას ხასიათის გამო, რომელიც კონკურენციას ვერ იტანდა. თუმცა, ახლა ეს უკვე სხვა ისტორიაა. 

საინტერესოა, რომ არასაპარლამენტო პარტიებს არც ვადამდელი არჩევნები აწყობთ. ამას თავის გამოსვლებში არც დავით უსუფაშვილი მალავდა. „შენების მოძრაობის“ ლიდერის განმარტებით, ვადამდელი არჩევნები დაუშვებელია. 

სანამ არასაპარლამენტო ოპოზიცია და პატარა-პატარა პარტიები ახალი თავსატეხის გადაწყვეტას ცდილობენ და ჯერ არ იციან რა ტაქტიკას მიმართონ იმისათვის რომ 2020 წლის არჩევნებში დარჩნენ და გადარჩნენ, ხელისუფლება პარლამენტის დაბლოკილი შესასვლელების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და აქციას ჭავლის გამოყენებით შლის. 

როგორც ჩანს, პიკეტირებისა და ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის გამომწვევი, მუქარანარევი განცხადებების ფონზე ვერტიკალზე იგრძნეს, რომ ეს ის შემთხვევა არ არის, როცა თმენა გამარჯვების ერთადერთი საშუალებაა. აქ შეიძლება უმოქმედობა გაფორმებულიყო როგორც სისუსტე და სიმხდალე. 

ოპოზიციის ლიდერების მიერ სხვა სახელმწიფო შენობების პიკეტირების დაანონსება შემთხვევითი, ალბათ, არ იყო. თუკი აქ მოახერხებდნენ გამაგრებას - ჩათვლიდნენ, რომ „ამ უუნარო ხელისუფლებამ“ მათ თითიც კი ვერ დააკრა, რა თქმა უნდა, მოქმედების არეალს გაზრდიდნენ. სხვათა შორის, მინიშნებები ჯერ კიდევ კვირის აქციაზე გიორგი ვაშაძის მხრიდან გაისმა. 

ასე რომ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ძალის დემონსტრირება. რისკების მიუხედავად, აქციის დაშლას რაიმე სახის სერიოზული ექსცესები არ მოჰყოლია.  

საარჩევნო მარათონი გამაყრუებელი პოლიტიკური სირენების ხმით მართლაც დაიწყო. ნაციონალების რადიკალიზმს ქართული ოცნება, როგოც ჩანს, ძალას დაუპირისპირებს, აგრესიას ზომიერებას... თუმცა, ეს სრულებითაც არ იქნება იოლი, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის. ოპოზიციას აქვს იმის ფუფუნება რომ იყოს უპასუხისმგებლოც, სუსტიც და თვალთმაქციც, თუმცა, ხელისუფლება ასეთ „პროვილეგიებს“ მოკლებულია.  

გამოჩნდეს სუსტი - ეს არის ალბათ ერთადერთი რისი ჩვენებაც ხელისუფლებას ამ ამრათონზე შეეშინდება, ისევე როგორც გამოჩნდეს წაგებული ოპოზიციის აქილევსის ქუსლია.  

ქეთი ხატიაშვილი

ONGOფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ლინკზე:
http://ongo.ge/index.php?l=G&m=1001&GID=20

     
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი