სტატიები
ტრამპული ოპოზიციისთვის ბაიდენი ტრამპლინი ვერ გახდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2063 09 იანვარი 2021, 18:13

ქეთი ხატიაშვილი

ჩვენ ეს არჩევნები მოგვპარეს, შედეგებს არ ვაღიარებთ... უკან დამხევები არ ვართ, ბოლომდე ვიბრძოლებთ! - ვისაც არ უნდა წაუკითხოთ ეს ფრაზა ამერიკაში, გეტყვით, რომ ის ტრამპს ეკუთვნის, არადა მიხეილ სააკაშვილისაა. 

ათიათასობით უკანონო ხმა ჩაითვალა, ამან არჩევნების შედეგები შეცვალა. დიდი ხნის განმავლობაში დაკვირვების საშუალება არავის მისცეს. ამ დროს ძალიან ცუდი ვითარება იყო, ტრაქტორები ბლოკავდნენ კარებს, ფანჯრები სქელი კარტონით იყო დაფარული, რათა დამკვირვებლებს არ დაენახათ, რა ხდებოდა შიგნით, - საქართველოში ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ფრაზა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, ან ნებისმიერს ქართული ოპოზიციიდან, თუმცა მისი ავტორი ტრამპია. 

ტრამპმა თეთრი სახლიდან მოუწოდა საკუთარ ამომრჩევლებს კაპიტოლიუმის წინ შეკრება და უსამართლობის გაპროტესტება, გაქცეულმა მესამე პრეზიდენტმა კი კიევიდან გააჟღერა აქციებისკენ მოწოდება. 

ახლა ოპოზიცია ცდილობს, ტრამპთან უხერხული მსგავსება ადგილის გარემოებით გაამართლოს. არაფერი საერთო, ტრამპი ხომ ვერტიკალზეა, ჩვენ - ოპოზიციაში და დემოკრატიას წყალს როგორ ავუმღვრევთო. თითქოს ადგილს რაიმე აზრი ჰქონდეს. რა მნიშვნელობა აქვს, ოპოზიციაში ხარ თუ ვერტიკალზე, თუკი თამაშის წესებს არღვევ. 
ტრამპი ერთადერთი იყო, ვინც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებდა. ჰოდა, ქართული ოპოზიციაც ერთადერთია, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს. დასავლეთმა „ქართული ოცნების“ გამარჯვება აღიარა, მათ შორის ამერიკამაც. 
ტრამპი და ქართული ოპოზიცია ერთმანეთს უდრის. ჯო ბაიდენის პარტიამ არც კაპიტოლიუმის შტურმი მიიღო და არც პარლამენტის ან ცესკოს წინ ქართული ოპოზიციის აგრესია გაამართლა. დემოკრატიისთვის ქუჩაში არ იბრძვიან, ქუჩაში მხოლოდ რევოლუციისთვის იბრძვიან. 

ახლა ჩვენს ოპოზიციას არც ტრამპი მოსწონს და არც არჩევნებში მისი გამარჯვების სწამს. მიაჩნიათ, რომ მისი აგრესია არც დემოკრატიულია, არც სამართლიანი და არც მორალურად გამართლებული. თუმცა, საკუთარი ტრამპიც მოსწონთ, მიშას სახით, და ტრამპიზმიც, რევოლუციის მოწყობის მიმართულებით. 


ამერიკის დემოკრატია საუკუნეებს ითვლის. თავის დროზე რთული საარჩევნო სისტემა სწორედ იმისთვის შექმნეს, რომ ვერტიკალი პოპულისტებისგან დაეცვათ. თუმცა, ამ სისტემასაც აქვს სისუსტეები და ეს პირველად 2016 წელს გამოჩნდა, როცა ჰილარი კლინტონმა, თითქმის ორი მილიონი ელექტორატით, მეტი ხმა მიიღო, ვიდრე დონალდ ტრამპმა, მაგრამ საარჩევნო კოლეგიამ მხარი მაინც რესპუბლიკელის კანდიდატურას დაუჭირა. მის არჩევასაც ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა. 
საქართველოში კი პოპულიზმისგან თავის დასაცავი მექანიზმები პირველად 2016 წელს მოიფიქრეს, მოგვიანებით ის კონსტიტუციაშიც შეიტანეს. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არჩეული უკანასკნელი პრეზიდენტია, მომავალში საქართველოს პრეზიდენტებს ასეთივე კოლეგია აირჩევს. 

ასე რომ, ქართულ ოპოზიციას ბაიდენი მოსწონს - პრეტენზია დემოკრატიულობასა და კლასიკურ პოლიტიკოსობაზე აქვთ, მაგრამ რეალობაში ტრამპები არიან - პოპულისტები და რადიკალები. 

სააკაშვილი მათ შორის ლიდერია. თუმცა, ირწმუნება, რომ ის აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონია.  

ისე, თუ შედარებაზე მიდგა საქმე, მიხეილ სააკაშვილს ედუარდ შევარდნაძესთან უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე ჯორჯ ვაშინგტონთან. ვაშინგტონი ამერიკის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს. მანამდე მას თავზე იმპერატორის გვირგვინის დადგმას სთავაზობდნენ. თუმცა, უარი თქვა. ეს მისი შეგნებული არჩევანი იყო დემოკრატიის სასარგებლოდ. და ეს მისი ერთადერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა დემოკრატიის სასარგებლოდ. პრეზიდენტობის ორი ვადის ამოწურვის შემდეგაც, ბევრი თხოვნისა და მუდარის მიუხედავად, მან პრეზიდენტობას პენსიონერობა არჩია და სახლში წავიდა. 


მას შემდეგ, ვისაც დემოკრატიაზე პრეტენზია აქვს, მაგრამ პრეზიდენტობასა და დამსახურებულ პენსიონერობას შორის არჩევანს მაინც ვერ აკეთებს, ვაშინგტონი მას ეხმარება. სწორედ ასე ეწოდება ახლა მსოფლიო პოლიტიკის დედაქალაქს. 

ვაშინგტონმა გაუკვალა სახლისკენ გზა ჯერ საქართველოს მეორე პრეზიდენტს, შემდეგ, როგორც ახლა აღმოჩნდა, - მესამესაც. ედუარდ შევარდნაძეს ვარდების რევოლუციის დროს თავისი ამერიკელი მეგობარი ბეიკერი ეწვია და ვერტიკალთან გამომშვიდობების პროცესი შეუმსუბუქა. 

მას გვერდით დგომა ნამდვილად სჭირდებოდა. სააკაშვილისგან განსხვავებით, ზუსტად იცოდა, რა უღირდა. ხმაურსა და აპლოდისმენტებს მიჩვეული ფიგურები დიდ სიჩუმესა და სიცარიელეში ინაცვლებენ. ამერიკის პრეზიდენტები მემუარებში არა, მაგრამ გულახდილ ინტერვიუებში ცხოვრების კლიმატის შეცვლაზე საუბრობენ ხოლმე. შევარდნაძე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგა სიტყვებით: დიქტატურა მოდის. საქართველოში დაბრუნება მისთვის მეორე სუნთქვის გახსნას ნიშნავდა. აქ ჯერ კარგად აეწყო, შემდეგ კარგად მოეწყო. ისევ ხმაური, ისევ აპლოდისმენტები. მაგრამ არაფერია მუდმივი. ჰოდა, პოლიტიკაში საბედისწერო შეცდომა დაუშვა.
სწორედ ისეთი როგორსაც შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გაიმეორებს. 


ვარდების რევოლუციის წინ შევარდნაძე უარს ეუბნება ზურაბ ჟვანიას პარტიაში უფლებამოსილების გადაცემაზე. რეფორმატორები „მოქალაქეთა კავშირს“ ტოვებენ. გასაგები ხდება, რომ შევარდნაძე პარტიის პოლიტიკაში გამოყენებას მხოლოდ საკუთარი ოჯახის ინტერესებისთვის აპირებს. შევარდნაძემ ფსონი ოჯახზე დადო და არა პოლიტიკურ ფიგურებზე. ამიტომაც დასავლეთის მხარდაჭერაც დაკარგა და ნდობაც. 

იგივე შეცდომას დაუშვებს სააკაშვილი. ორწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ის არც პარტიის სადავეებს დათმობს და არც ვერტიკალს. მასაც მოუნდება, პარტია პირადი ინტერესებისთვის გამოიყენოს. ჰოდა, ისიც დაკარგავს დასავლეთის მხარდაჭერასა და ნდობას. 
არჩევნების წაგების შემდეგ, როგორც ახლა აღმოჩნდა, ვაშინგტონიდან სტუმრებს ისიც უმასპინძლებს და სახლში წასვლაზე მასაც დაიყოლიებენ. 

ვერტიკალს ორივე დატოვებს. თუმცა, ორივე დარწმუნებულია რომ ეს მათი ისტორიის დასასრული არ არის. როგორც ჩანს, ასეა, რადგანაც შევარდნაძეს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც ჰქონდა არჩევანი. ამერიკის მაშინდელმა ელჩმა საქართველოში და ზურაბ ჟვანიამ მას კომპრომისი შესთავაზეს - ახალი არჩევნები და პრეზიდენტად დარჩენა 2005 წლამდე, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. 

მაგრამ შევარდნაძემ სახლში წასვლა არჩია. როგორც ჩანს, ის ფიქრობდა, რომ სააკაშვილისა და ჟვანიას ამბიციები ერთ ვერტიკალზე ვერ დაეტეოდა, ისევე როგორც თავის დროზე გამსახურდიამ და ჭანტურიამ ვერ გაიყვეს პოლიტიკური სივრცე. 90-იანი წლების დასაწყისში ეროვნულ მოძრაობაში დიდმა აყალმაყალმა ქვეყანა სამოქალაქო ომამდეც კი მიიყვანა. არ არის გამორიცხული, შევარდნაძესაც ჰქონოდა მოვლენების ამგვარად განვითარების მოლოდინი. შემთხვევითი ხომ არ იყო ირინა სარიშვილის განცხადება, რომელიც მან პრეზიდენტის გადადგომიდან მეორე დღეს გააკეთა. სარიშვილმა განაცხადა: ამაღამ ჟვანია სააკაშვილს მოკლავსო. მოკლედ, იყო მოლოდინი, რომ ყველაფერი აირეოდა და შევარდნაძე ისევ ვერტიკალს დაუბრუნდებოდა. 

მოგვიანებით, იმედები მიხეილ სააკაშვილმაც გაიყოლა. ის ვაშინგტონის შეთავაზებას დასთანხმდა, ოპოზიციაში გადავიდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ერთ წელიწადში უკან დაბრუნდებოდა. ამ რწმენას ალბათ ისიც უძლიერებდა, რომ ვერტიკალს ბოლომდე თავად აკონტროლებდა. ფიქრობდა, მხოლოდ ერთი კუნძული დავკარგე პარლამენტის სახით, სხვა ყველაფერი ჩემს ხელშია და რა შემიშლის ხელს დაბრუნებაშიო. 
თუმცა, როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის იმედები და მოლოდინები უტოპიური აღმოჩნდა. 

მთელი ამ ისტორიის მთავარი ინტრიგა და პარადოქსი კი ის არის, რომ ქართულ ოპოზიციას ბაიდენის იმედი აქვს, ფიქრობს, რომ საკმარისია, თეთრი სახლი მან დაიკავოს, რომ ქართული ოპოზიცია ვერტიკალზე ავა. რა თქმა უნდა, რევოლუციის გზით. თუმცა, ავიწყდება, რომ ბაიდენმა უკვე ტრამპიც დაგმო და ტრამპიზმიც. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
„ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანებას, ფაქტია, ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
უცვლელი პრეზიდენტი, მაღალი ნდობა - რატომ იმარჯვებს ლავრენტი ალანია
არქივი