სტატიები
ოცნების წითელი ხაზები - სამი ფიგურის ერთი ამბიცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
3282 28 იანვარი 2021, 20:07

ქეთი ხატიაშვილი

ეს შეიძლება, სწორედ დავით უსუფაშვილის ვარსკვლავური დღე ყოფილიყო, მაგრამ ამ რთულ გზაზე მას გამბედაობა არ ეყო, გამბედაობამდე - ტვინი, ტვინამდე - ერთგულება და ერთგულებამდე - რწმენა. მაგალითი ძალიან ბევრია, ჯერჯერობით მხოლოდ პირველსა და ბოლოს დავასახელებ. პირველი, დავით უსუფაშვილი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ შევიდა კომპარტიაში. ბოლო - პოლიტიკაში მისთვის, როგორც ჩანს, წყალი ძალიან აიმღვრა, ამიტომაც წავიდა და დაიმალა. ასე აკეთებდა ყოველთვის, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო და კენჭისყრაზე ისეთი კანონპროექტი გამოდიოდა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სერიოზულ ვნებათაღელვას იწვევდა. ასე იყო, მაგალითად, მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს. როგორც კი „ქართული ოცნების“ პროექტი კენჭისყრაზე დადგა, უსუფაშვილი სხდომათა დარბაზიდან გაქრა. 

ჰოდა, ახლაც დაიმალა. რატომ გავიხსენე ის? ალბათ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირველად სწორედ მას შესთავაზა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა - ჯერ კიდევ 2011 წელს, მაგრამ მას პოლიტიკაში წყალი ალბათ ისევ ამღვრეული ეჩვენა და უარი თქვა. 
არადა, უსუფაშვილი შეიძლებოდა ამ პარტიის უცვლელი თავმჯდომარე გამხდარიყო. თუმცა ყველა საკუთარი არჩევანით და არჩევანში ცხოვრობს, მათ შორის უკვე „ქართული ოცნებაც“. მმართველი პარტია ამჯერად ირაკლი კობახიძემ ჩაიბარა და, როგორც ჩანს, დიდი ხნით. 


ირაკლი კობახიძეს პირადად მე ყურადღება პირველად 2016 წელს მივაქციე. მაშინ მან ჩემთვის ორი საინტერესო ინიციატივა გააჟღერა. პირველი, თქვა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემა კორუმპირებულია და ფორმულა უნდა შეიცვალოს. მეორე, „ქართულ ოცნებას“ რეფორმირება სჭირდება. 

მეორით დავიწყოთ. რას ვგულისხმობ რეფორმაში? მარტივ და ნათელ მაგალითს მოვიყვან. ის ფაქტი, რომ მმართველ ძალას 2012 წელს სტრასბურგში ეკა ბესელია წარმოადგენდა, ახლა კი მარიამ ქვრივიშვილი წარმოადგენს, უკვე რეფორმაა. ხომ კარგად გახსოვთ, როგორ დასცინოდნენ ეკა ბესელიას პოლიტიკურ შესაძლებლობებსა და ინგლისურად საუბრის უნარ-ჩვევებს. ამ მხრივ, მარიამი „ქართული ოცნებისთვის“ დიდი შენაძენია - პოლიტიკური ფორმითაც და შინაარსითაც. 

რა თქმა უნდა, შუალედში, - სწორედ მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ბლოკის შიგნით რეფორმა დაიწყო, - ევროსაბჭოს დელეგაციაში თამარ ჩუგოშვილი იყო, თუმცა, მისმა მაგალითმა აჩვენა, რომ მხოლოდ განათლება, ენის ცოდნა და სწორად საუბარი პარტიული კარიერისთვის საკმარისი არ არის. გუნდურობაც აუცილებელია. კონკრეტულ მომენტში კი ჩუგოშვილს სიმამაცე არ ეყო. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ მან მმართველი პარტია დატოვა. რა თქმა უნდა, ადამიანურად გასაგებია, თუმცა პოლიტიკურად - მაინც მიუღებელი. ის ხომ საბოლოოდ იმ გუნდს გამოაკლდა, ვისაც ცვლილებები სურდა და მხარიც დაუჭირა. ასე რომ, მარიამ ქვრივიშვილი საინტერესო გამოწვევების წინაშე დგას და ჩვენ დავაკვირდებით, როგორი იქნება მისი პოლიტიკური უნარები, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება.    

რაც შეეხება დაფინანსების ფორმულას. პოლიტიკაში არსებობს ადამიანი, რომელიც ორ პარტიას ფლობს და თითოეულისთვის ბიუჯეტისგან სოლიდურ დაფინანსებას იღებს. საუბარია ასობით ათასს ლარზე. ის არსად არ ჩნდება, არ აქტიურობს, არავის უფლებებს არ იცავს, არანაირი იდეალები ან იდეები არ აწუხებს. სამაგიეროდ არხეინად ცხოვრობს ჩვენს ხარჯზე. 

რა თქმა უნდა, ეს სისტემა შესაცვლელია. სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა ვაფინანსებდეთ ჩვენ, გადასახადების გადამხდელები, თაკო ჩარკვიანს ან ბაჩუკი ქარდავას და მათნაირ პოლიტიკურ ტროლებსა და ბოტებს? პოლიტიკა თუ აინტერესებთ, რატომ მსხვილ პარტიაში არ წევრიანდებიან? მაგრამ მათი ინტერესის სფერო მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებია და ამიტომაც მრავლდება საქართველოში ერთკაციანი პარტიები. 

ჰოდა, როცა ასეთ სისტემას შლი, მისაღები ვერაფრით ვერ იქნები. და ამიტომაც არის მიუღებელი ირაკლი კობახიძე.  

ერთადერთი, რაზეც მას შეიძლება შეედავო, მისი პოლიტიკური განცხადებებია, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან ხისტად ჟღერს. ბრალდება, რომელსაც მას უყენებენ, - არ იცის ოპოზიციასთან საუბარი, - შეიძლება ლოგიკურადაც მოგეჩვენოს, მაგრამ სააკაშვილის პოლიტიკური კლასტერი იმდენად ანომალიურ მოვლენად ყალიბდება, რომ მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ისინი ქუჩის პოლიტიკოსები გახდნენ. ქუჩის მტვერში კი პოლიტიკა არ კეთდება. 

სხვათა შორის, ირაკლი კობახიძე პარლამენტის მეორე თავმჯდომარეა, ზურაბ ჟვანიას შემდეგ, ვისაც პირადი ოპოზიცია ჰყავდა და ვისაც იმპიჩმენტს უწყობდნენ. 


კახა კალაძე ძლიერი და გავლენიანი ფიგურაა. ირაკლი კობახიძის მსგავსად, არც მას ერიდება, დაიცვას პარტიის ღირსება და გუნდის პოზიცია. არ აქვს კომპლექსები - შეუძლია იყოს პრინციპულიც, ხისტიც, რბილიც და მკაცრიც. 

ადრე დავწერე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კახა კალაძე გუნდური მოთამაშეა - რაც ასე იშვიათია ქართულ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, მას პოლიტიკური თამაშების გამოცდილება არ აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, ფეხბურთელია და, როგორც პროფესიონალმა მოთამაშემ, კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია წარმატებისთვის გუნდურობის განცდა. 

კიდევ ერთი საინტერესო უნარი, რაც მას სპორტმა შესძინა და პოლიტიკაშიც გამოადგა, გუნდური თამაშის პრინციპია. იმისათვის, რომ გადარჩე, გუნდის ნაწილი უნდა გახდე. როცა მწვრთნელები ფეხბურთელებს არჩევდნენ, გადაწყვეტილებას არასოდეს უთანხმებდნენ. მას არჩევანი არ ჰქონდა, ვისთან ერთად ეთამაშა და ვისთან ერთად - არა. გუნდურობის განცდა და წარმატების ვალდებულება აიძულებდა, საერთო ენა ყველასთან გამოენახა. 

ჰოდა, პოლიტიკაშიც ამ უნარებით ითამაშა. 

თამაშის თითოეულ მონაწილეს, ისევე როგორც ფეხბურთში, პოლიტიკაშიც ისე იღებდა, როგორც მოცემულობას. კონკურენცია დიდი იყო, ამიტომაც ყოველთვის ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ როლი, რომელიც მას სათამაშოდ მისცეს, დაიმსახურა, ეკუთვნის და მასზე უკეთესად ამას ვერავინ გააკეთებს. 

მესამე ჩვევა, რაც მას სპორტმა გამოუმუშავა, ეს წაგების მიღებაა, უფრო ზუსტად, მარცხის. ამიტომაც არც მაშინ აღელვებულა, როცა ენერგეტიკის სამინისტრო სწორედ მისი მინისტრობისას გააუქმეს და არც მაშინ, როცა ვიცე-პრემიერის სტატუსი მოუხსნეს. 
ისე ჩანს, პოლიტიკური დამოკიდებულებები მას პოლიტიკაში არ შეუტანია. 


გიორგი გახარია საკმაოდ მძიმეწონიანი ფიგურაა. შეიძლება ითქვას, ბევრმა „ქართულ ოცნებას“ მხარი მხოლოდ იმიტომ დაუჭირა, რომ პრემიერს ენდო. თავისებური ქარიზმა აქვს - ნდობას იწვევს. მისი ძლიერი ენერგეტიკა და არასტანდარტული ქმედებები თვალშისაცემია.
 
მოდი, დავიწყოთ ბოდიშით - ასე გიორგი გახარიამ რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა. მაშინ ის შს მინისტრი იყო და მაისის ერთ ღამეს ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა. „ბასიანსა“ და „გალერიში“ მყოფმა ახალგაზრდებმა კი საპასუხოდ საპროტესტო აქციები პარლამენტის წინ გამართეს.  

სწორედ ამ ფრაზით გახდა ის ჯერ ცნობადი, შემდეგ კი სულ უფრო და უფრო პოპულარული. მოგვიანებით პოლიტპატიმრების კონტექსტში გახარიამ თქვა: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, წერტილი! და ეს ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზა მაშინვე ტრენდულად იქცა. მას ოპონენტებიც ხშირად იყენებენ.  და იყენებენ ყოველთვის, როცა სურთ, მათ მიერ წარმოთქმულ ფრაზას, მნიშვნელობის გარდა, ძალაც შესძინონ. 

გიორგი გახარია პოლიტიკაში ნამდვილ ექსტრემალად ჩამოყალიბდა. მას მუდმივად უწევს სახიფათო გამოწვევებთან გამკლავება. შს მინისტრად ერთი კვირის დანიშნული იყო, სალოსის ქუჩაზე საერთაშორისო ტერორისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია რომ დაიგეგმა. შემდეგ იყო სპეცოპერაცია ღამის კლუბებში, მოგვიანებით - გავრილოვის ვიზიტით გამოწვეული მღელვარება, შემდეგ - მძიმე საარჩევნო ბატალიები. 

გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დისციპლინის ცნება შემოიტანა. მას უყვარს წესრიგი, მოითხოვს პასუხისმგებლობას და ამიტომაც ხშირად ელექტორატში ნდობას იმსახურებს. 

ასე რომ, „ქართული ოცნება“ სრულიად განსხვავებული ბიოგრაფიის, ენერგეტიკისა და ხასიათის სამ ადამიანზე დგას. წარსულში მიღწეული წარმატებები უკვე განულებულია. ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ მათ უნდა დაამტკიცონ ის, რაც კახა კალაძემ უკვე თქვა - არა მხოლოდ უნდა გადარჩნენ, არამედ უნდა გაიმარჯვონ კიდეც. 

ახლა სწორედ კობახიძე-კალაძე-გახარიაზეა დამოკიდებული, დამკვიდრდება თუ არა ქართულ პოლიტიკაში თამაშის ახალი წესები. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი