სტატიები
გაკოტრების უპრეცედენტო საქმე - ნიკანორ მელიას და ზურაბ ადეიშვილს განაჩენი შვიდი წლის შემდეგ გამოუტანეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1177 02 დეკემბერი 2019, 11:55


მარიამ ალავიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ამჟამინდელ ლიდერს ნიკანორ მელიას და ძველ ლიდერს, სააკაშვილის ხელისუფლების „რუხ კარდინალად“ წოდებულ  ზურაბ ადეიშვილს განაჩენი გამოუტანეს „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმისთვის, რომლის ძიებაც 2012 წელს დაიწყო და 7 წლის შემდეგ, დღეს დასრულდა.

ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დაგეგმილი მსხვილი დანაშაულის საქმე, რომლის ორგანიზატორებიც  და შემსრულებლებიც ხელისუფლების უმაღლესი პირები იყვნენ,  100-ტომიანია და მასში 30-მდე ბრალდებული იყო. მათ შორის, ბიზნესმენებიც, რომლებმაც, მორალური ზიანის გარდა, მილიონიანი ზარალიც ნახეს.

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში  ბრალდებულ მელიას 25 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და 2 წლით და 3 თვის ვადით პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ზურაბ ადეიშვილი დაუსწრებლად გასამართლდა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში ბრალდებულ  საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორსა და ყოფილ  იუსტიციის მინისტრს, რომელიც ძებნილია, 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. ასევე, აეკრძალა  ორი წლით თანამდებობის დაკავება.

თანაგუნდელებს - ნიკანორ მელიას და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურა მათი ძველი საქმიანობის დროს დანაშაულებრივი სქემის მოფიქრებასა და ამ სქემის ამუშავებაში ადანაშაულებს. მელია მაშინ აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი იყო, ზურად ადეიშვილი კი - იუსტიციის მინისტრი.  

„შსს-მ  2012 წელს გახსნა ორგანიზებულ–დანაშაულებრივი  ჯგუფის სქემა, რომელშიც მონაწილეობდნენ  სახელმწიფო  პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. გეგმა მიზნად ისახავდა,    „ბანკი ქართუს~ გაკოტრებას,  ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშწორების მიზნით“, - წერს შსს.

დანაშაულებრივი  სქემა  შედგებოდა  რამდენიმე  ეტაპისგან.

პირველი ეტაპი - სქემაზე მორგებული  საკანონმდებლო ცვლილება

ბრალდების მიხედვით, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ჯგუფის პირველი ნაბიჯი საკანონმდებლო ცვლილების მიღება იყო, რასაც ფაქტობრივად, უნდა დაელაგებინა შემდეგი ქმედებები.  

შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება  ბანკის  სასარგებლოდ  იპოთეკით  იყო  დატვირთული.

„ამ კანონის მიღება გათვლილი იყო მხოლოდ და მხოლოდ "ბანკი  ქართუს“ გაკოტრებაზე, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე იმ დროისათვის გახლდათ  ბიძინა ივანიშვილი“, - ასეთია შსს-ს ბრალდება.

ეტაპი მეორე - „მეგობარი“ კომპანიების შერჩევა

2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო "ბანკი ქართუს" გაკოტრების სქემა და დაავალა მისი განხორციელება. თავის მხრივ, ჯაბა ებანოიძემ ამის შესრულება დაავალა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს მამუკა ლაშხიას და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს – ოთარ  აგლაძეს. აღნიშნული პირები დაუკავშირდნენ  ხელისუფლებასთან დაახლოებულ  იმ ბიზნესმენებს, რომელთა კომპანიებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ  "ბანკ ქართუში".

ასეთ კომპანიებს შორის იყო  მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის - იაგო  ჩოჩელის  შპს "ინტერპლასტი", შსს-ს იმჟამინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - ერეკლე კოდუას ახლო ნათესავების საწარმოები, ს/ს "პირიმზე" და შპს "სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა", მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის - გიორგი ისაკაძის საწარმოები: შპს "ლოგოსი" და ამხანაგობა "თეთრი სახლი".

ყველა კომპანიამ, შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით, აღიარა არარსებული საგადასახადო დავალიანება.

ეპატი მესამე - არარსებული დავალიანების აღიარება და დაგეგმილი აუქციონები

სქემის თანახმად, შემდეგ ეტაპზე  ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ  ბიზნესმენებს, რომლებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ "ბანკ ქართუში  უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ, იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ ასევე, სპეციალურად დაგეგმილ აუქციონზე,  სადაც  რა თქმა უნდა, მყიდველი არ დაფიქსირდებოდა.  

შემდეგ კი,  ეკონომიკის  სამინისტრო, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში  ყიდდა  სხვა  კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში აკონტროლებდნენ  ამავე  ქონების  ყოფილი  მეპატრონეები.  ამ გზით,  ხელისუფლებასთან დაახლოებულ  ბიზნესმენებს  ქონებაც  არ  ეკარგებოდათ  და  ამ სქემაში მონაწილეობით,  უუქმდებოდათ " ბანკი ქართუს"  საკრედიტო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფას  სწორედ  იპოთეკით  დატვირთული  ქონება  წარმოადგენდა.  შესაბამისად, დაზარალებული  რჩებოდა  "ბანკი ქართუ", რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59 მილიონ 997 ათას 363 აშშ დოლარისა და 3 მილიონ 757 ათასი ლარის კრედიტები.

„იმ  მიზნით, რომ  "ბანკ ქართუს" ეს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდა,  აღსრულების ეროვნული  ბიუროს ხელმძღვანელის ნიკანორ მელიას უშუალო ხელმძღვანელობით ხდებოდა  აუქციონის  ჩაშლა, რის  შემდეგაც  აღსრულების  ეროვნული  ბიურო ქონებას გადასცემდა  ეკონომიკის  სამინისტროს. ეკონომიკის სამინისტრო კი, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით“, - ასეთია მელიასადმი წაყენებული ბრალდების ერთი ნაწილი.  

ეტაპი მეოთხე -  გაყიდული ქონების ყიდვა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ფიქტიური აუქციონი, სადაც არც ერთი ქონება არ გაიყიდა. ამის შემდეგ ქონება გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს და პრეზიდენტის ბრძანებულებით, გაიყიდა პირდაპირი მიყიდვის წესით. 2012 წლის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, დავით გიორგაძეს პირადად დაავალა ყველა ეს ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა იმ კომპანიებისთვის, რომელსაც მას გაუგზავნიდა შემოსავლების სამსახური. ამ გზით, ყველა ქონება გაიყიდა იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებოდნენ  ამავე  ქონებების  ყოფილ მეპატრონეებს.

როგორ ხორციელდებოდა რეალურას ეს სქემა „ინტერპლასტის“ მაგალითი გამოდგება.

„ინტერპლასტს“  „ქართუ ბანკის“  15 მილიონი ემართა. სესხი 55 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთით და ქარხანა-დანადგარებით ჰქონდა  უზრუნველყოფილი.

კომპანიამ 3 მილიონი ლარის დავალიანება ხელოვნურად აღიარა, 2011 წლის ბოლოსთვის შეცვლილი კანონის საფუძველზე, სახელმწიფომ  სამშენებლო მასალების დამამზადებელი ქარხნის იპოთეკით დატვირთული ქონება აუქციონზე  გაიტანა, რომელიც ხელოვნურად ჩაიშალა, შემდეგ კი სახელმწიფომ დაისაკუთრა.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონება პრეზიდენტმა პირდაპირი მიყიდვის წესით  შპს „ტექინვესტს“ გადასცა. ტექინვესტის 100-პროცენტიანი წილი კი „ინტერპლასტმა“ 1000 ლარად იყიდა.  ანუ, კომპანია ფაქტობრივად, უზარალოდ დაიბრუნა,  „ქართუ ბანკმა“ კი, 15 მილიონი ლარით იზარალა.

"ამ საქმეში ორივე მხარე - როგორც "ბანკი ქართუ", ასევე ჩემი საწარმოები, დაზარალებული ვართ. ეს ყველაფერი ზემოდან იყო დაგეგმილი. ვინ იყო დამკვეთი და რა მოხდა, გამოძიებამ ჩემზე უკეთ იცის. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ "ბანკ ქართუში" სესხი მაქვს გასასტუმრებელი, რომელზეც იმის გამო, რომ 2011 წლის დეკემბრიდან არ ვიხდიდი, საურავებიც არის დარიცხული და ვიზარალე", - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.   გარდა ლაურა ღაჭავას კომპანიებისა მაშინდელი ხელისუფლების დანასაულებრივი სქემით დაზარალდა ყველა კომპანია, ყველას გაეზარდა დავალიანება ბანკისადმი და როგორც ცნობილია, ისინი დღემდე იხდიან ამ ზარალს. ზარალი მათ მაშინაც მიადგათ, როცა სოლიდური გირაოს გადახდა მოუხდათ,  დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობისთვის.  

დანაშაულებრივი სქემა - პარლამენტით, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროებით, მათში შემავალი სტრუქტურებით და ქვედანაყოფებით

როგორც გითხარით, სქემა  რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა  და  საბოლოო  მიზნად ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი “ქართუ  ბანკის” გაკოტრებას  ისახავდა.

ოფიციალური  ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ბანკისთვის პრობლემების  შექმნა  მას  შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვის შესახებ საჯაროდ განაცხადა.

„სისხლის სამართლის საქმეში არსებული ჩვენებებითა და უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც მიმართული იყო "ბანკი ქართუს" გაკოტრებასა და მისთვის ფინანსური ზიანის მიყენებაზე, შეთანხმებულად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ  ყოფილი ხელისუფლების  სხვადასხვა რგოლები.  კერძოდ, საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, მათში შემავალი სტრუქტურებით და ქვედანაყოფებით“, - ასეთი დასკვნა გააკეთა გამოძიებამ.

საბოლოოდ, ამ საქმეზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯაბა ებანოიძემ, ამავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა მამუკა ლაშხიამ, მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ ოთარ  აგლაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით გიორგაძემ და ბიზნესმენებმა ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან და გამოძიებას  მისცეს  სრული ინფორმაცია დანაშაულებრივი სქემის დეტალების შესახებ. შესაბამისად, მათ მიმართ გამოძიება ლმობიერი გამოდგა და საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა ყველა ბრალდებულთან, გარდა ნიკანორ მელიასი და ზურაბ ადეიშვილისა.

"ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენებს - ლაურა ღაჭავას და მის ვაჟს დავით კოდუას აღმკვეთ ღონისძიებად 600-600-ათასლარიანი გირაო შეეფარდათ. ცეზარ ჩოჩელს კი - 300-ათასლარიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ბანკ ქართუს" გაკოტრების საქმეზე ბრალდებული 19  ბიზნესმენის  საქმე განიხილა, მათ ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ქონების მითვისება მოჩვენებითი გარიგებით, ასევე - ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება. საბოლოოდ, ყველასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

საბოლოოდ, დღეს დასრულდა "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმის განხილვა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განმარტა მიზეზები, თუ რატომ გაჭიანურდა სასამართლო პროცესები და მისი თქმით, ამაში დამნაშავე სასამართლო არ ყოფილა.

"ეს არ იყო სასამართლოს მიზეზი. პირველი და მთავარი - საქმე იყო მოცულებითი, დაახლოებით, 100 ტომი. საწყის ეტაპზე მრავალპირიანი.  ასევე, ნიკანორ მელიას გამოუცხადებლობა, გარკვეულ მიზეზებში საპატიო გამოუცხადებლობა იყო, ზოგ შემთხვევაში - არა. ასევე, ნიკანორ მელია სხდომის დარბაზიდან გააძევეს, მას ადვოკატი დაენიშნა, საქმის მასალების გასაცნობად კი დრო დასჭირდა", - განაცხადა მოსამართლემ. 


 




 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი