სტატიები
როდის გაიმარჯვა ნიკა მელიამ „ქართულ ოცნებაზე“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2091 05 მაისი 2021, 13:27

ქეთი ხატიაშვილი

გახდება თუ არა „ქართული ოცნება“ პირველი პარტია, რომელიც არც კომუნისტურს დაემსგავსება და არც სხვადასხვა სახის სიმახინჯეებს მიიღებს მემკვიდრეობად წარსულიდან. ახლა, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა და მმართველი ძალა არც ერთ ადამიანზეა აწყობილი და არც გადაწყვეტილების მიმღებ ერთ პირზე, მან ორიენტაცია განვითარებაზე უნდა აიღოს. ამისთვის კი ძლიერი გუნდია საჭირო, რომელიც მართვამდე კომპრომისების ხელოვნებას ისწავლის.

მართვის ტესტს მმართველი ძალა ადგილობრივ არჩევნებზე ჩააბარებს. ბიძინა ივანიშვილის გარეშე საარჩევნო მარათონზე ის პირველად გავა. როგორიც არ უნდა ყოფილიყო რეალობა, აქამდე მიიჩნეოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ სწორედ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სიტყვა მართავდა. და მერე გაჩნდა შანსი, პარტია გუნდს ემართა. საამისოდ კი „ქართული ოცნების“ პოლიტელიტას ცოდნა და გამოცდილება თუ ვერა, კომპრომისების მიღწევის სურვილი მაინც უნდა ჰქონოდა. თუმცა, როგორც გამოჩნდა, მათ პირველივე სერიოზულ კრიზისს ვერ გაუძლეს.

„ქართული ოცნების“ გუნდი უნარებამდე კი არა, სურვილამდეც  ვერ მივიდა, ისე დამარცხდა. ნიკა მელიას მათ უფლება მისცეს, მმართველი პარტიის პოლიტიკური იმიჯიც და რეიტინგიც სერიოზული დარტყმის ქვეშ დაეყენებინა. ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა: პრემიერ გახარიას ტელეფონით ვესაუბრე და ის 10 წუთის შემდეგ გადადგა, რაც ჩემთვისაც დიდი მოულოდნელობა იყოო, - დაახლოებით ასეთი ნარატივი განავითარა პარტიის თავმჯდომარემ. 

ერთადერთი, რაც გავიგეთ, არის ის, რომ გიორგი გახარიას ნიკა მელიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სხვა წევრებისგან განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს გუნდმა ნიკა მელიას პრობლემა უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია, ვიდრე საკუთარი პრემიერის პოზიცია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგის, ასე ვთქვათ, დამარცხების სურვილი უფრო დიდი იყო, ვიდრე გუნდში კომპრომისის პოვნისა და გუნდის ერთიანობის შენარჩუნებისა.

მაშინ, იმ კრიზისულ მომენტში, „ქართული ოცნების“ ლიდერშიფი ალბათ უფრო მელიას „ვერ დამიჭერთზე“ იყო ორიენტირებული და პრემიერის არგუმენტებს არანაირი მნიშვნელობა არ მიანიჭა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პრემიერს არგუმენტები არც ჰქონდა. და მაშინ რას გაექცა ის - კომპლექსებს?

არ არის გამორიცხული, 19-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულმა მოვლენებმა, რაც რადიკალებმა „გავრილოვის ღამედ“ მონათლეს, მას მოქმედების შიში დაუტოვა. ბევრწილად ალბათ ასე მაშინ ხდება ხოლმე, როცა ქვეყნის მართვისთვის მზად არ ხარ, მაგრამ მაინც შტურვალთან გაყენებენ. და მოხდა ის, რა მოხდა. მაკო გომურზე მოგვიანებით იტყვის, რომ ის ამ ტკივილს სიცოცხლის ბოლომდე ატარებს. ჰოდა, არ არის გამორიცხული, ის სპეცოპერაციას გაექცა, რომელსაც შეიძლება, პერსონალურად მისთვის სერიოზული ზიანი მოეტანა. მაინც გადადგომა მოუწევდა, ჰოდა, ბარემ წავიდა. 


პრიმიტიულად ჩანს? შესაძლოა, ვინმესთვის ასეც არის, მაგრამ საუბარია პირზე, რომელსაც პოლიტიკური სკოლა არ ჰქონდა გავლილი; რომელიც ბულინგს დიდად შეჩვეული არ იყო და არც ქართული პოლიტიკის თამაშის წესებს იცნობდა კარგად. მარტივად რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობის გრძნობამ მასში კომპლექსები უფრო გაზარდა, ვიდრე ვალდებულებები. ამიტომაც სახელმწიფოსა და სახლს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე გააკეთა.

ასე ჩანს ახლა, მისი გადადგომიდან თითქმის ორი თვის შემდეგ. მხოლოდ ახლა მიხვდებოდა გახარია, რა არის პოლიტიკა და რამდენად დიდი ფუფუნებაა პოლიტიკაში გუნდური თამაშის ცოდნა - პარტია შენი რეიტინგითა და პოპულარობით სარგებლობს, შენ კი პარტია მხარდაჭერის მყარ პლატფორმას გიქმნის. მაკო გომურის შემდეგაც შეუქმნეს, თუმცა ალბათ არასაკმარისი. გახარიამ ჩათვალა, რომ ე.წ. გავრილოვის ღამეს თავად დაზარალდა; რომ მას პერსონალური მტერი და ოპოზიცია გაუჩნდა. პარლამენტის წინ მისი ფიტული დადგეს, თვალთხარიას პერსონალურად მას ეძახდნენ. 

გიორგი გახარია გარეგნულად ნამდვილად ასხივებდა ენერგიასაც, პრინციპულობასაც და სწორად მოქმედების უნარსაც, თუმცა, როგორც ჩანს, ის პირად შიშებს ვერ გაუმკლავდა. 

არსებობს სხვა ვერსიაც, გიორგი გახარიას სურდა დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყება. სურდა, საკუთარი გავლენებიც და იმიჯიც თავად „მოეხმარა“ და ის „ოცნების“ ელიტისთვის არ „გაეყო“. ამ მიზნისთვის კი ტრამპლინად სწორედ ნიკა მელიას დაკავების მომენტი გამოიყენა. 

პოლიტიკურ ხმაურსა და მძვინვარებაში ის ჯერ არ მონაწილეობს. პარლამენტში გაჩნდა ექვსკაცა, კომიკური სახელით - „ჩვენ, გახარიას გუნდი“. ჯერ არც პარტიაა, არც პირობითი სახელი, არც ლიდერი ჩანს თავისი კომენტარებით, ამიტომაც გადამდგარი პრემიერის გუნდში „ქართული ოცნებიდან“ გადაბარგებულ პირებს იმპროვიზაცია უწევთ.

„ჩვენ, გახარიას გუნდის“ კომედია ამით არ დასრულებულა. მათ გიორგი გახარიას დროს შსს-ში განხორციელებული რეფორმების გამო გამომწვევად მოიწონეს თავი, ისე თითქოს ეს თავად „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გარეშე შესაძლებელი იქნებოდა.

გახარიას გადადგომის შემდეგ მის გარშემო პოლიტიკური ამინდი იმდენად ნელა და თითქმის უმნიშვნელოდ იცვლება, რომ ძნელი დასაჯერებელია, მას ეს დაგეგმილი ჰქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის „ოცნებაში“ გარკვეულ დისკომფორტს შეიძლება გრძნობდა კიდეც. 

ასეა თუ ისე, რაც არ უნდა ყოფილიყო გახარიას მოტივაცია, - პირადი შიში თუ მზადება დამოუკიდებელი თამაშისთვის, - ერთი რამ ცხადია, ის მაინც რჩება ფაქტორად პოლიტიკაში. მოლოდინი გააჩინა და ეს მოლოდინები მას ჯერ კიდევ უჭირავს. მის მიმართ ინტერესი ახლა გაცილებით დიდია, ვიდრე, მაგალითად, ნიკა მელიას მიმართ, რომელმაც თავიდან თითქოს შექმნა გარკვეული მიზიდულობის ცენტრი, თუმცა ახლა საკუთარ დაპირებებსა და სიტყვებში თავადვე გაიხლართა. 

ცხადია ისიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გუნდის მყარობაზე ნაკლებად იზრუნა გახარიას შემთხვევაში და მეტად იზრუნა კალაძის შემთხვევაში. როგორც ჩანს, პრემიერის მოულოდნელი წასვლა მმართველი ძალისთვის გაკვეთილი აღმოჩნდა და აქედან დასკვნებიც გაკეთდა. 

ახლა შესაძლოა, პარტიულ გუნდს კომპრომისის პოვნის სურვილიც და უნარიც უფრო მეტად აქვს. 


თუმცა, „ოცნება“ ჯერჯერობით ისევ რჩება დახურულ პარტიად, ჯერ ისევ გაუგებარია მათ შორის საკვანძო გადაწყვეტილებების მიღების ლოგიკა. ერთ დღესაც პარტიამ გამოაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ცვლის და ეს პროცესი როტაციად მონათლა. ისე, თითქოს ამომრჩეველს სრულიად უვიცად მიიჩნევს, რომელსაც არ ესმის, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობას როტაცია კი არა, უმრავლესობა არეგულირებს. ვისიც არის უმრავლესობა, იმ პარტიას ეკუთვნის ეს პოზიციაც. მაგრამ არავინ მას როტაციის პრინციპით არ ცვლის, საჭიროების პრინციპით - სხვა საკითხია.

ჰოდა, ჩვენც გვსურდა, მოგვესმინა, რატომ ჩაანაცვლა არჩილ თალაკვაძე კახა კუჭავამ? მით უფრო, თუ კრიზისი განიმუხტა, „ქართული ოცნება“ ხელოვნურ კრიზისს გაუმკლავდა და ყველაფერი, ასე თუ ისე, კარგად არის. მაშინ რას შეეწირა თალაკვაძე? 

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ისინი ახალ დემოკრატიას აშენებენ და ამ ახალ დემოკრატიაში სკამზე არავინ არ არის გამოკერებული. ყველას გააზრებული აქვს, რომ შეიძლება დადგეს საჭირო მომენტი, მოვიდეს საჭირო დრო და ჩრდილში გადასვლა მოუწიოთ. ჰოდა, ისინიც მზად არიან ამისთვის. არჩილ თალაკვაძემ თავისი გადადგომით სწორედ ეს აჩვენა. მაგრამ ეს ხომ მხოლოდ საჩვენებელი გადადგომა არ იყო?

„ქართული ოცნების“ პოლიტელიტამ ცვლილება მაშინვე როტაციას დაუკავშირა, თავად თალაკვაძემ კი თქვა: მე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდითო. რითაც როტაციის არგუმენტიც გადახაზა და საკუთარი უუნარობაც დაადასტურა. მართვა მე არ შემიძლია, მე კარგად ვარ, როცა სხვები მმართავენ, - სწორედ ასე იკითხება თალაკვაძის არგუმენტი. 

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებით „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყო. და როგორც ჩანს, ასეც არის. კახა კუჭავა გაცილებით მოქნილი და კომფორტულია ურთიერთობებში, ვიდრე არჩილ თალაკვაძე იყო.

ახლა, როცა ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, მას თავმჯდომარის პოსტზე „მიხატული“ ფიგურა კი არ სჭირდება, არამედ ის, ვინც პოლიტიკური თამაშების ლაბირინთებში გასასვლელისკენ გზას დაინახავს. დანარჩენი გუნდის თემაა. მაგრამ არის ასეთი კუჭავა? ამას კიდევ ვნახავთ. თალაკვაძე ძალიან ხელოვნური იყო.  
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი