სტატიები
რა შეიტანა და რა გამოიტანა ღარიბაშვილმა ალიევის სასახლიდან?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2194 06 მაისი 2021, 11:49


საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, უკვე პოლიტიკურად გამობრძმედილი, თანაც ახლახანს საშვილიშვილო ომში გამარჯვებული ილჰამ ალიევი ხაზგასმულად კეთილგანწყობილი სჩანდა. მან რასაკვირველია უკვე იცოდა წინა დღეს გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ივერი მელაშვილის „ობიექტობით“ მომხდარი ინციდენტის შესახებ და იმასაც ხვდება, რომ „გარეჯის თემა“ საქართველოს შიდაპოლიტიკური დისკურსისთვის სამკვდრო-სასიცოცხლოა. თან, რაც დრო გავა, მით უფრო.

ალიევს აქ ყველა კოზირი ხელში უჭირავს: თხემზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან და სამხრეთით, ანუ ჩიჩხიტურისა და უდაბნოსკენ არავის ჩაუშვებენ ან ჩაუშვებენ მხოლოდ ბაქოს ნებართვით. ქართულ მხარეს კი მოუწევს იმ ისტორიულ გამოწვევებთან გამკლავება, რომ აზერი მესაზღვრეები სწორედ იქ დადგნენ (მთის თხემზე) სადაც ახლა დგანან, თუმცა იქ ყოველთვის არ მდგარან - სხვაგან იდგნენ და მხოლოდ შემდეგ „ამოვიდნენ/ამოინაცვლეს“. 

თუ რატომ და როგორ „ამოვიდნენ“, სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი საკითხია. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და არსებითი, ვიდრე ყბადაღებული „რუკები“ - მოსკოვის არქივებში მოძიებული თუ ყნოსვაგაფაქიზებული („რა სჭირდება ხელისუფლებას?“) ჩინოვნიკების მიერ კაბინეტებში გადამალული ან  ვითომ გადამალული.

თუმცა, ყბადაღებული „რუკები“ ისტორიული გამარჯვებით გალაღებული ილჰამისათვის უკვე მეასეხარისხოვანია. ის გააგრძელებს ხაზს, რომელიც ჯერ კიდევ მამამისმა დაიწყო: „დავით გარეჯი 1921 წლიდან გაყოფილია ორ ქვეყანას შორის და ასეც დარჩება! დე-იურედ (ახლა უკვე დე-ფაქტოდაც, რაც ბევრად სამწუხაროა სინამდვილეში -დ.გ.) საზღვარი გადის მთის თხემზე. შეგიძლიათ გ(ვ)ელაპარაკოთ მხოლოდ იმაზე, რა რეჟიმს და(ვ)აწესებთ ქართველი სასულიერო პირებისა და მომლოცველების თუ ტურისტებისათვის, როცა მოინდომებენ ჩიჩხიტურთან მისვლას ან უდაბნოში ჩასვლას“.
ეს არის და ეს.

რეალურად, ღარიბაშვილის „შესაძლებლობათა ფანჯარა“ მხოლოდ ამ მიმართულებით იყურებოდა: ექნებათ თუ არა ქართველებს საშუალება, მივიდნენ სალოცავებთან და ფრესკებთან? მაგრამ იურისდიქცია და სუვერენიტეტი იქ ნებისმიერ შემთხვევაში ბაქოს ხელში დარჩება. ესეც იმ დათქმით, რომ იმავე უდაბნოსა და ჩიჩხიტურში, არ არის გამორიცხული,  ახლახანს აღორძინებული „ალბანური ეკლესიის“ წარმომადგენლებმაც დაიდონ ბინა, როგორც დოადევანკის სომხურ მონასტერში მოხდა მას შემდეგ, რაც ბაქომ ყარაბაღის ამ  ტერიტორიაზე საკუთარი სუვერენიტეტი აღადგინა.

არც ერთ დოკუმენტს, არც ერთ რუკას, არც ერთ შეთანხმებას აზერბაიჯანი  ხელს არ მოაწერს, რომელიც კი ეჭვ ქვეშ დააყენებს დავით გარეჯის ამ ნაწილის კუთვნილებას. შესაძლებელია (ვიმეორებ) მხოლოდ იმ ვითარების ნაწილობრივ აღდგენა, რაც იყო 2006-7  წლამდე, როდესაც ქართულმა სამღვდელოებამ უდაბნო-ჩიჩხიტურში სარემონტო სამუშაოები დაიწყო აზერბაიჯანულ მხარესთან შეუთანხმებლად, რასაც მოჰყვა გზების ჩაკეტვა და მომდევნო, სიტყვიერი შეთანხმება ორი ქვეყნის პრეზიდენტებს (ალიევსა და სააკაშვილს) შორის, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ერთად დადგებოდნენ მთის თხემზე, ოღონდ აზერბაიჯანელები არ შეუშლიდნენ ხელს ქართველთა მიმოსვლას უდაბნო-ჩიჩხიტურისკენ.

გასულ ოთხშაბათს, მიხეილ საააკშვილმა ამ შეთანხმების არსი მთლიანად დაადასტურა და ისიც დააზუსტა  რომ საბოლოოდ იგი ჩიკაგოში, NATO-ს სამიტისას (2012) დაიდო „ჯენტლმენურად“ ანუ ხელმოწერის გარეშე. უბრალოდ, აზერი და ქართველი მესაზღვრეების ერთობლივ დგომას მთის თხემზე მიშამ „ერთობლივი პოსტები“ უწოდა. 

მანამდე, 2007 წელს, ბათუმში ალიევის ვიზიტისას,  საქართველომ მოიპოვა ბუნებრივი აირის სასიცოცხლოდ აუცილებელი კონტრაქტი (რუსული ბლოკადის პირობებში სხვა ალტერნატივა იმ დროს აღარ იყო!) და თავისუფალი მიმოსვლა საზღვარზე. აზერებმა კი მოიგეს ის (ძალზე მნიშვნელოვანი), რომ თუ მანამდე მათი მესაზღვრეები, როგორც წესი,  იდგნენ მთის ძირში და დროდადრო `ამოდიოდნენ` ზემოთ, ამ სიტყვიერი შეთანხმებებით, უკვე მკვიდრად დადგნენ თხემზე და მხოლოდ მათ კეთილ ნებაზე გახდა დამოკიდებული, გაატარებდნენ ქართველებს (მღვდლებს, მომლოცველებს, ტურისტებს) სამხრეთით თუ არა.


აღარ ატარებენ მას შემდეგ, რაც საპატრიარქოს თხოვნით (და არა საკუთარი ინიციატივით) საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯერ ბაქოში ვიზიტისას ჩვეული...... „რადიკალიზმით“ დასვა დავით-გარეჯის იურიდიული (!) კუთვნილების საკითხი, შემდეგ კი ევროპულ ორგანიზაციებთან ერთად მოინახულა სადავო ტერიტორია და შეიარაღებულ მესაზღვრეებთან  ფოტოც გადაიღო სამხრეთულ ფონზე. 

შესაბამისად, რაკი აზერბაიჯანი, ომში გამარჯვების შემდეგ, რეგიონულ ზესახელმწიფოდ იქცა, ხოლო პოლიტიკა „შესაძლებლის ხელოვნებაა“, ერთადერთი, რაც შეიძლებოდა გამოეტანა პრემიერ-ღარიბაშვილს ალიევის სასახლიდან ის იქნებოდა, აზერ მესაზღვრეებს ქართველებისთვის „თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი“ დაეშვათ კვლავ  უდაბნოსკენ, ჩიჩხიტურისკენ და იქნებ ბერთუბნისკენაც კი....... „თავისუფალი რეჟიმი“ მღვდელთმსახურებისათვის, მომლოცველებისათვის და ეგება  ტურისტებისთვისაც.
რას მოითხოვს ბაქო ამის სანაცვლოდ? ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა!

 ილჰამ ალიევმა ღარიბაშვილთან შეხვედრისას „აზერბაიჯანული ინვესტიციები“ ახსენა, რაკი იცის, რომ ოფიციალური თბილისი კვლავინდებურად ბლოკავს აზერბაიჯანულ კომპანიას, რომელმაც „პატრიოტი“ ქართველი ბიზნესმენისგან სტრატეგიული სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ-კაბელი შეიძინა, რაც აზერბაიჯანს  მისცემს  შესაძლებლობას ევრაზიული მნიშვნელობის საკომუნიკაციო ჰაბი შექმნას სწორედ ბაქოში, ნაცვლად თბილისისა.
პოლიტიკაში, მით უმეტეს გეოპოლიტიკაში,  აბსოლუტურად ყველაფერს თავისი „ფასი“ აქვს. 

2006 წელს ეს „ფასი“ იყო ბუნებრივი აირი, ახლა....... „კავკასუს ონლაინია“. 
ხვალ რას რა ფასი ექნება, უფალმა უწყის. 

დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი. ისტორიკოსი




სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
„ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანებას, ფაქტია, ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
უცვლელი პრეზიდენტი, მაღალი ნდობა - რატომ იმარჯვებს ლავრენტი ალანია
არქივი