სტატიები
ბაიდენი - პუტინს: კი ხარ მკვლელი, მაგრამ......მჭირდები და რა გიყო?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
983 17 ივნისი 2021, 12:39

რუსეთ-ამერიკის „ჟენევისტბისპირა“ სამიტის დაწყებამდე, დასავლური მედია ლამის მთავარ საკითხად განიხილავდა, დააგვიანებს თუ არა „პრეზიდენტად“ წოდებული რუსი იმპერატორი ამერიკის შეერთებული შტატების, ანუ თავისუფალი სამყაროს ლიდერთან შეხვედრაზე.

ეს პუტინის სტილია, ზოგადად. ყველგან და ყველასთან საგანგებოდ  აგვიანებს: პრეზიდენტებთან, პრემიერებთან, მონარქებთან......ვისთან ერთ საათს, ვისთან ორ საათს, ზოგჯერ ოთხ საათსაც კი.......ისინიც  ელიან მორჩილად. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ოცი წელია ვერც ვერავინ გაბედა წასვლა, კარის გაჯახუნება და შეხვედრის გაუქმება.......იმიტომ, რომ ეს დასავლური დიპლომატიის სტილია: როგორი უზრდელი და თავხედიც არ უნდა იყოს ვიზავი, მის დონეზე არ უნდა დაეშვა და დემარში არ უნდა მოაწყო. ამით მხოლოდ საკუთარ სისუსტეს დაადასტურებ.

ამიტომაც მარჩიელობდნენ: ბაიდენთან(აც) გაბედავს თუ არაო.

ვერ გაბედა!

და ეს ამ სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.


ზოგადად, ჟენევაში შეხვედრა პუტინს ბევრად მეტად სჭირდებოდა, ვიდრე ბაიდენს. იმიტომ, რომ უკრაინის ოკუპაციის, ასევე ოპოზიციის დაჩაგვრის, სკრიპალთა მოწამვლის, ნავალნის ნახევრადმკვლელობისა და მისი ციხეში გამომწყვდევის გამო სრულ დიპლომატიურ იზოლაციაში იმყოფება უკვე მრავალი წელია: არსად დადის, არავის ხვდება.....

ეს „დემონსტრაციული“ PR თვალსაზრისით, თორემ იგივე ევროპელი ლიდერები ტელეფონით ხშირად „ეკურკურებიან“, დაბადების დღეებსაც ულოცავენ და მასთან დაახლოებულ პირებს (ასევე ოჯახის წევრებს!) უჟუჟუნებენ თვალებს - ევროპაში მცხოვრებ პუტინის ქალიშვილებს მაგალითად.

ნაკლებად, თუმცა ბაიდენსაც სჭირდებოდა ეს სამიტი. სჭირდებოდა „ძლიერი სტარტისთვის“ საერთაშორისო ასპარეზზე: მოხუც პრეზიდენტს, მისი ნამდვილად დიდებული პოლიტიკური კარიერის მიწურულს სურს ისტორიაში შევიდეს „გარღვევით“ ქვეყნის გრძელვადიან ინტერესთა განხორციელებაში.

უპირველესად,  ესაა მცდელობა (მრავალწლიანი მცდელობა, ამერიკის თითქმის ყველა პრეზიდენტის დროს -დ.გ) გამოიყენონ რუსეთი ჩინეთის დასაბალანსებლად!

ჩინეთი ამერიკის ნომერ პირველი მოწინააღმდეგე ხდება პლანეტაზე ყველა თვალსაზრისით. უკვე არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ, თანდათან, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისითაც მსოფლიოს საკვანძო რეგიონში, ევრაზიაში, რომელსაც ზბიგნევ ბჟეზინსკიმ „დიადი საჭადრაკო დაფა“ უწოდა.

პეკინსა და მოსკოვს შორის ახლა თითქოს არანაირი წინააღმდეგობა არ ჩანს, თუმცა ვაშინგტონი არ იშლის იმედს....... „ვნახოთ რა გამოვა“-ს ტექნოლოგიით, რომელმაც შორეულ 1972წ წელს, პრეზიდენტ ნიქსონის დროს, შედეგიც მოიტანა.


აი ამ „გეოპოლიტიკური როქის“ მიღმა, ამერიკის პრიორიტეტები ჟენევის სამიტზე შემდეგნაირად დალაგდა:

ა) ბირთვული იარაღი, მათ შორის კონტინენტთაშორისი სარაკეტო სისტემები

ბ) რუსეთის კიბერ/შეტევები ამერიკის ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე, ასევე საარჩევნო სისტემებზე ანუ მოსკოვის მიერ ამერიკული დემოკრატიის ბოროტი ხელყოფა.

გ) ისტორიული მორიგება უზღვავი რესურსების გაყოფაზე არქტიკაში, რომელიც XXI საუკუნის კლონდაიკად იქცევა უეჭველად.

დ)ამერიკელ მოქალაქეთა ბედი, რომლებიც პუტინმა მძევლად აიყვანა რუსეთში, რათა გადაცვალოს იმ რუსებზე, ვინც ГРУ-ს დავალებით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იარაღით ან ნარკოტიკებით ვაჭრობის თუ ჯაშუშობისთვის იხდის სასჯელს ამერიკულ ციხეებში

ე) უკრაინაში სტატუს-კვოს შენარჩუნება იმ ხაზზე, რაც დაფიქსირდა ე.წ. „მინსკის შეთანხმებებით“ 2014 წელს, - დონბასის ალყისას უკრაინული არმიის განადგურების შედეგად.

ვ) ნავალნი, რუსული ოპოზიციის ბედი, რუსეთიდან რადიო `თავისუფლების` გაძევება, დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელ აგენტებად გამოცხადება და ა.შ. 


ვფიქრობ, ამ ჩამონათვალში ინტერესთა „გრადაცია“ სრულად არის დაცული პრიორიტეტულობის მიხედვით - ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე.

და ისიც პირდაპირ უნდა ითქვას (სამწუხაროდ) რომ ეს პუნქტუაცია ერთობ კომფორტულია პუტინისთვის!

იმიტომ, რომ მაგალითად, რუსი ავტოკრატი მმართველი თუნდაც დღეს მოუწერს ხელს ამერიკას  ბირთვული იარაღის, ასევე მის „მატარებელთა“ შეზღუდვის შეთანხმებაზე, რაკი რუსეთი და ამერიკა მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის 90%-ს და მის ეფექტურ მატარებელთა (კონტინენტთაშორისი რაკეტების) 95%-ს ფლობენ. მაშასადამე, როგორც არ უნდა შემცირდეს, რუსეთს მაინც დარჩება საკმარისად - მეზობლებზე ძალის პროექცირებისთვის თუ დასჭირდა.

ასევე მზად არის პუტინი, შეაჩეროს კიბერ/შეტევები ამერიკაზე, თუ ამერიკა (მისი ლოგიკით) შეწყვეტს რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევას, არ გააღრმავებს სანქციებს, არ შეუშლის ხელს „ჩრდილო ნაკადის“ დასრულებას და/ანუ უკრაინის მოხრჩობას გაზის ტრანზიტის შეწყვეტით.

პუტინის მორიგი თავხედობა იყო, რომ მან აღარც კი დამალა: ბოლო კიბერშეტევა, რის შედეგადაც ამერიკის მთელი აღმოსავლეთ სანაპირო  საწვავის გარეშე დარჩა სტრატეგიული მილსადენის მწყობრიდან გამოსვლის გამო, სწორედ რუსი ჰაკერების განხორციელებულია: „5 მილიონი გადაუხადეს გამოსასყიდათ“ - თქვა პუტინმა. და როცა ჰკითხეს: „კი მაგრამ თქვენ საიდან იცით რომ გადაუხადეს“, უპასუხა: „საიდან და ელექტრონული საფულეებიდან“.

ამაზე პირდაპირ რაღა უნდა თქვას?

შესაბამისად, აქვე დადგინდა პირველი წითელი ხაზი: არ იქნება სერიოზული სანქციები? არ იქნება „ჩრდილო ნაკადის“ ხელშეშლა? არ იქნება აღარც კიბერშტურმი!


ასევე იოლია არქტიკის რესურსთა გაყოფა თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსებს შესაბამისი ტექნოლოგიები მაინც არა აქვთ და საამისოდ განსაკუთრებული დანახარჯი არ სჭირდებათ: საკმარისია „არქტიკული სამხედრო ძალები“ გააჩერონ, იმ რეგიონში ამერიკულ და კანადურ მაღალტექნოლოგიურ ენერგოკომპანიებს თავისუფლად მუშაობის უფლება მისცენ, ხოლო თავად აიღონ ყოველწლიური რენტა ანუ, საბანკო ენით, „კრიჭონ კუპონები“....... არაფრის კეთებაში.

საბრალო უკრაინა კი, რომელმაც ბევრი იბრძოლა, იომა, იხვეწა, დარჩა „წითელი ხაზის“ იმ მხარეს, რომელიც გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ომის არგანახლებას; რუსული არმიის „უფრო შორს არწასვლას“.

და რაში დასჭირდება „უფრო შორს წასვლა“ პუტინს, თუკი გაზის ტრანზიტის შეწყვეტა სულ მალე მოახრჩობინებს ამ ქვეყანას ისედაც - უკვე 2022-2023წწ ენერგოსეზონისთვის?

პრესკონფერენციაზე ბაიდენმა საკმაოდ მკვახედ უპასუხა ამერიკელ ჟურნალისტს კითხვაზე: „სამხედრო პასუხი თუ განიხილება“. „არა არც კი განიხილება“ - მოუჭრა ამერიკის პრეზიდენტმა.

თუ უკრაინა შიგნიდან თავად ჩამოიშლება, ეს, როგორც ჩანს, მაღალი სამიტის მონაწილეთა პასუხისმგებლობა სულაც არ იქნება.

საქართველო? საქართველოზე არაფერი: ტერიტორია, რაც ბოლო 33 წლის კატასტროფულ მოვლენებს გადაურჩა, წითელ ხაზს „აქეთ“ დარჩა.

იმედია ცხინვალიდან ცენტრალური ავტომაგისტრალის მიმართულებით „მცოცავი“ ოკუპაციის პროცესს არა იმდენად აშშ ან ევროკავშირის მისია, რამდენადაც თურქეთისა და აზერბაიჯანის უძლიერესი რეგიონული ტანდემის მზარდი ინტერესი უფრო შეაჩერებს. და ამაში მათ ამერიკა პოლიტიკურად მხარს დაუჭერს.

და არც ესაა ცოტა დღევანდელ, საზარელ  ვითარებაში, რაც პუტინმა შექმნა მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აბა მკვლელიაო?

კი, მკვლელი უწოდა, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, თამაშის ახალი წესია: „გურულად“ თუ ვიტყვით „თვალისჩაპაჭუნება“.

საჯარო შეურაცხყოფა გლობალურად PR-დება, ღირებულებათა დაცვად, პრინციპულ დემარშად და შეტევად აღიქმება, თუმცა  რუს იმპერატორს, სინამდვილეში, სულაც არ ანაღვლებს: ის ხომ უკვე გარანტირებული ისტორიული წოდებით ტკბება: „რუსულ მიწათა შემომკრებისა“.

საოცნებო ყირიმის „ხახვივით შერჩენას“ ვერანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფა ვერ გადასწონის. თუგინდ ასჯერ უწოდე მკვლელი. მერე რა?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და.....ჩვენ რა ვქნათ ჩვენ?

რა ვქნათ და გავიგოთ, რომ საქართველოს ბედი რეგიონში წყდება - სხვა დიდ მოთამაშეებთან და არა მხოლოდ „შორეულ პარტნიორებთან“ საქმის დალაგებით.

ოღონდ ამ რეგიონულ მოთამაშეებში უკვე ჩინეთიც უნდა ვიგულისხმოთ აუცილებლად.

რაც დრო გავა, ეს მით უფრო ცხადი გახდება


დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი. ისტორიკოსი.





სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი