სტატიები
ახალი ომის მოლოდინში - როგორია მოსკოვის პოზიცია და რა მოჰყვება ირანელი გენერლის მკლელობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1092 04 იანვარი 2020, 01:31
პოლიტიკოსები და ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ ირანელი გენერლის მკვლელობა ახლო აღმოსავლეთში ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს და გაამწვავებს. ახლა მხოლოდ საკითხავია ეს იქნება რეგიონალური მასშტაბის კონფლიქტი თუ ის ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება. 

ამერიკა და ირანი უკვე დიდი ხანია დაძაბულობის ფაზაში იმყოფებიან. და როგორიც არ უნდა იყოს ახლა რეაქცია, რამდენადაც არ უნდა შეიკავონ მხარეებმა თავი შურისძიებისა და საპასუხო ქმედებებზე, ბაღდადის აეროპორტში მომხდარ სპეცოპერაციაზე მსოფლიო ეკონომიკამ რეაგირება უკვე მოახდინა: როგორც კი, ყასემ სოლეიმანის მკვლელობა ცნობილი გახდა, ნავთობზე ფასებმა მოიმატა. ის რეგიონში რუხ კარდინალად ითვლებოდა, იყო რამდენიმე სამხედრო ოპერაციის ავტორი და ომის პოლიტიკის არქიტექტორი სირიაში.   


ირანი - შურისძიება და პრობლემები

ექსპერტების ვარაუდით, თეირანში სოლეიმანის მკვლელობა არ დაავიწყდებათ სულ მცირე მანამ, სანამ ირანს არსებული ხელისუფლება მართავს. 

BBC მიმომხილველის ამირ აზიმის შეფასებით, ირანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამერიკამ ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა. ბაღდათის აეროპორტში ირანელი გენერლის მკვლელობამ, ისევე როგორც რამდენიმე დღით ადრე თეირანში ამერიკის საელჩოს ბლოკადამ დიპლომატიურ მოლაპარაკებების შესაძლებლობას ამერიკისა და ირანს შორის რამდენიმე წლით დაუსვა წერტილი.    

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, შეერთებულ შტატებს საშინელი შურისძიებით დაემუქრა და ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

მან უკვე დანიშნა ალ-ქუდების სპეციალური ძალების ახალ მეთაურად ისმაილ ყაანი,  ადრე ის სოლეიმანის მოადგილე იყო. ვარაუდობენ, რომ მოკლული გენერალი მის მემკვიდრეზე სიცოცხლეშივე იზრუნებდა. 

თუმცა, ვარაუდობენ, რომ თეირანს რაიმე ქმედითი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გაუჭირდება. 


ზოგიერთ ექსპერტს ასეთი დასკვნის საშუალებას ირანში მოსახლეობის განწყობები აძლევს, რომელიც მუდმივი დაძაბულობისგან და საომარი მდგომარეობისგან უბრალოდ ძალიან დაიღალა. უკვე ერთ წელზე მეტია თეირანის ქუჩებში ანტისახელმწიფოებრივი ლოზუნგები ისმის, მოსახლეობას არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება სერიოზულ ფინანსებს მიმართავს ერაყისა და სირიის კონფლიქტებში.  

თუმცა,  BBC მიმომხილველის მოსაზრებით, ამერიკის საჰაერო თავდასხმამ ირანელ გენერალზე ირანში ბრაზი გამოიწვია, ხალხი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ეს კი ირანის ოპოზიციას მდგომარეობას ურთულებს. ხელისუფლებამ სოლეიმანის ხსოვნის აღსანიშნავად ფართომასშტაბიანი მიტინგი უკვე დაგეგმა. ამ ფონზე ოპოზიციის რეფორმები აქტუალურობას კარგავს.                                                



ამერიკა სამხედრო პოზიციებს იმყარებს

ამერიკასა და ირანს შორის წარმოქმნილი კონფლიქტს უკვე აფასებენ როგორც გამოუცხადებელ ომს. 

ყასემ სოლეიმანის მოშორებით, ამერიკამ გზიდან ჩამოიცილა საკმაოდ გავლენიანი და ძლევამოსილი მტერი. ამით ვაშინგტონმა დარტყმა მიაყენა თავის მტრებს ახლო აღმოსავლეთში და ისლამურ რესპუბლიკას გულში დაარტყა. 

თუმცა, მეორეს მხრივ, ვითარება ფეთქებადსაშიში გახდა - გამოუცხადებელი ომი ნებისმიერ დროს შეიძლება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს. 


ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3,5 ათასი ჯარისკაცი გააგზავნა და ეს ირანის მხრიდან შურისძიების მუქარის პასუხად გააკეთა. ამერიკული შეირაღებული ძალები საომარ მზადყოფნაში არიან. 

ამერიკას დიდი ხანია სოლეიმანი მიზანში ჰყავს ამოღებული, სამხედრო მასალების მიხედვით, რომელსაც გრიფით საიდუმლო მოხსნეს, ირანელი გენერლის მკვლელობას ჯერ კიდევ 2006 წელს, ერაყის ომის დროს, განიხილავდნენ.    

ის ფაქტი, რომ ჩახმახს ამერიკელებმა ხელი მხოლოდ ახლა გამოჰკრეს, ექსპერტების აზრით, მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: ტრამპმა ჩათვალა რომ სოლეომანის მკვლელობით ვაშინგტონი რისკებზე მეტად სარგებელს მიიღებს.  

ირანში მმართველი რეჟიმი დასუსტებულია იზოლაციის შედეგად, ასევე ეკონომიკური სანქციებისა და მასიური დემონსტრაციების გამო. როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაციამ მიიჩნია, რომ ამ ფონზე თეირანის მმართველი ელიტა მხოლოდ ორთქლს გამოუშვებს, დაიმუქრება, რეალურ ნაბიჯებს კი ვერ გადადგამს. 

თუმცა, ასეთ შეფასებას ამერიკაში ყველა არ იზიარებს. 

”პრეზიდენტმა ტრამპმა ახლახანს დინამიტი ჩაყარა დენთის კასრში. ახლა მას მოუწევს აცნობოს ამერიკელებს, თუ რას აპირებს, რათა დაიცვას ჩვენი ჯარი და საელჩოს თანამშრომლები, ჩვენი ხალხი და ჩვენი ინტერესები - როგორც სახლში, ისე მის ფარგლებს გარეთ", - თქვა აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.



ერაყში კონფლიქტი ღრმავდება

საჰაერო იერიშის შედეგად, სოლეიმანთან ერთად, კიდევ ერთი სამხედრო ლიდერი დაიღუპა. ის გახდლათ ერაყის შიიტური ამბოხებულების გავლენიანი ხელმძღვანელი აბუ მაჰმად მუჰანდისი. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვნად ართულებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

საქმე ის გახლავთ, რომ ერაყის რამდენიმე სამხედრო დაჯგუფების ლიდერებმა დაიფიცა რომ შურს იძიებს შეერთებულ შტატებზე, რაც ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმების რისკს ზრდის. ამ ბაზაზე ამჯერად 5000 – მდე ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული.


თუმცა, ამავე დროს, ერაყელი შიიტების სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი სიტანიანი მოუწოდებს ყველა მხარეს მიიღონ გონივრული გადაწყვეტილებები, რადგან ქვეყანა იმყოფება რთულ, შესაძლოა, თავისი ისტორიის საბედისწერო მიჯნაზეც კი. 



როგორია რუსეთის პოზიცია

​რუსეთი ირანის ახლო მოკავშირეა. ეჭვი არავის ეპარება, რომ კრემლის თეირანს მხარს დაუჭერს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ, შესაძლოა, ფინანსურადაც კი. BBC მიმომხილველი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ რეგიონში კონფლიქტის ეპიცენტრში არ მოხვდეს, მას ახლა არ აწყობს ამერიკის წინააღმდეგ გამოსვლა.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი