სტატიები
გახარიას ათვლის წერტილი -გადადგომიდან და საარჩევნო რინგამდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1486 04 სექტემბერი 2021, 20:55


ქეთი ხატიაშვილი

გიორგი გახარიამ პოლიტიკაში ბოლო ზარი გამოიყენა - თბილისის მერად საკუთარი კანდიდატურა დააყენა. და ახლა ის ბრძოლის ახალ საფეხურზე გადავიდა. დაახლოებით ისე, კომპიუტერულ თამაშებში რომ არის, ერთ ეტაპს დაასრულებ და პროგრამა ახალს გიხსნის. ეს ახალი კი გაცილებით რთული და ფათერაკებით სავსეა. 

გადადგომიდან საარჩევნო რინგამდე რამდენიმე საფეხური გაიარა, ელემენტარულ დონეზე „გამოცდები“ ჩააბარა, რინგზე ავიდა და ახლა დიდ პოლიტიკურ თამაშში ჩაება. 

საკმაოდ სმარტია იმისთვის, რომ არ იცოდეს, ვისთვის თამაშობს. სწორება მხოლოდ იმ ამომრჩეველზე აქვს, ვინც 2012 წელს ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. გრძნობს, საარჩევნო რინგზე მხოლოდ თვალის ჩაპაჭუნება ან სხვადასხვა სიტყვიერი „ფიშკა“ - როგორიც იყო, მაგალითად, წერტილი! - არ ეყოფა. ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი სჭირდება. 2012 წლის ელექტორატისთვის ბიძინა ივანიშვილი მიშას წინააღმდეგ ჯერ ისევ ფაქტორია. 

ამიტომაც გახარია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე განსაკუთრებული მოწიწებით საუბრობს - ელექტორატი რომ არ დააფრთხოს. სამაგიეროდ, ღიად უპირისპირდება ირაკლი კობახიძეს - უკმაყოფილო და საპროტესტო ხმების მისამხრობად. ირაკლის მიმართ, საერთოდ, ზოგს - თეთრი, ზოგს კი შავი შური აქვს. ამ უკანასკნელის წარმომადგენლები არიან, მაგალითად, გია ხუხაშვილი და დავით უსუფაშვილი. მათ პრიმიტიულ მოტივაციაში ახლა არ შევალთ. ერთი სიტყვით, ორივე დაბოღმილია.

გიორგი გახარიას ბოღმა არ ეტყობა. შესაძლოა, ის საკუთარ შეცდომას ვერ პატიობდეს სხვას. ეს სხვა კი ირაკლი კობახიძეა. სწორედ მასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო პრემიერმა გადადგომის გადაწყვეტილება. 

ამიტომაც გადადგომის შემდეგ კომუნიკაციაში დარჩა კალაძესთან, მაგრამ არა კობახიძესთან, მით უფრო ღარიბაშვილთან - მისი ადგილი ხომ სწორედ ამ უკანასკნელმა დაიკავა.

არადა, სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ ვერტიკალის მწვერვალზე იდგა, სოცკვლევების ლიდერი იყო და მმართველი პარტიის ერთ-ერთ გამწევ ძალას წარმოადგენდა.  როგორც ჩანს, მასში მეგრულმა ხასიათმა იფეთქა და გადადგომის გადაწყვეტილება ცხელ გულზე მიიღო. 

სხვა შემთხვევაში, ის რამდენჯერმე არ შეცვლიდა გადადგომის მიზეზს. გადადგომის დროს მან ერთი თქვა, პოლიტიკაში მოსვლისას მეორე, პარტიის დაფუძნების დროს მესამე და საარჩევნო რინგზე ასვლისას კიდევ სხვა. მაგრამ ეს ჩვენი ინტერესის სფერო უკვე აღარც არის - ძალიან არასერიოზულად გამოიყურება. 

მივყვეთ მის ხასიათს პოლიტიკაში და მის პოლიტიკას ვერტიკალზე. მან ორი საბედისწერო შეცდომა დაუშვა.

პირველი, საკუთარი გუნდის შექმნა დაიწყო. და ეს იყო მომენტი, როცა საკუთარი მუდმივად მოგებიანი პოზიცია წაგებისკენ თავადვე შეაბრუნა. 

ერთი მხრივ, რა იყო აქ უჩვეულო? გუნდი კახა კალაძესაც ჰყავს, ირაკლი კობახიძესაც და მაშინ რატომ არ შეიძლებოდა გიორგი გახარიასაც ჰყოლოდა?

საქმე ის გახლავთ, რომ კალაძე გუნდური მოთამაშეა. არაერთხელ დავწერე და ახლაც ვიტყვი, დასავლურმა ფეხბურთმა მას დასავლური თამაშის წესებით მოქმედება ასწავლა. ეს კი პირველ რიგში დისციპლინაა, მეორე რიგში - საკუთარ თავზე მუშაობა, მაგრამ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ გუნდისთვის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, უნდა იყო გუნდური მოთამაშე ლიდერი. დაბოლოს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოგწონს და ვინ - არა, თუ და სანამ გუნდში ხარ, ყველასთან ერთად მუშაობ ერთი გუნდისთვის. 

ირაკლი კობახიძესაც დასავლური სკოლა აქვს გავლილი, ის გერმანიაში ჩამოყალიბდა და ისიც გუნდური მოთამაშეა. 

გიორგი გახარიას კი მაინც რუსული სკოლის გავლენა ეტყობა. ოღონდ ამით იმის თქმა კი არ მსურს, რომ ის პრორუსია, არამედ მხოლოდ იმის, რომ მისი ცხოვრების სტილი სრულიად განსხვავებულია. 

არა, დისციპლინის მაღალი გრძნობა მასაც აქვს - რუსული სკოლა ამ მხრივ გამორჩეულია - თუმცა, დანარჩენი სრულიად განსხვავებულია. იქ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იყო ორიენტირებული. გუნდისთვის კი არა, მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის, პირადი უპირატესობისთვის უნდა იბრძოლო. 

შესაბამისად, გიორგი გახარია, რა თქმა უნდა, გრძნობდა, რომ ლიდერი იყო. მაგრამ სურდა, უფროსიც ყოფილიყო. ეს კი ნიშნავს, რომ გუნდში კონსენსუსისა და გუნდთან შეთანხმების ნაცვლად, იყო: მე ვამბობ, სხვები ისმენენ და მემორჩილებიან.

და რაკი უფროსობის ამბიცია გაუჩნდა, მეორე საბედისწერო შეცდომა უკვე გარდაუვალი აღმოჩნდა და ეს მხოლოდ დროის საკითხი გახლდათ.

გადადგომის მომენტში ის უკვე აღარ იყო ლიდერი, იყო მხოლოდ უფროსი, რომელიც ძალიან გაბრაზდა, რომ არ დაუჯერეს - მელიას აყვანის ოპერაცია ორი დღით არ გადადეს, როგორც ამას თავად მოითხოვდა. 

უფროსობის ამბიცია ოპოზიციაშიც წაიყოლა. გვერდით მხოლოდ ისინი დაიყენა, ვინც უჯერებდა. ახლა ის სრულიად უფროსია,  მაგრამ არის კი პოლიტიკოსი?

ამბობს, რომ რადიკალიზმის წინააღმდეგია, თუმცა, მისი თამაში მაინც რადიკალურია - ადგილობრივ არჩევნებში მხოლოდ ვადამდელი არჩევნების მოპოვებას ცდილობს. 
სხვა შემთხვევაში 2024 წლამდე ის პოლიტიკაში ვერ გაძლებს. რამდენიმე თვეში გაქრება. პოლიტიკურ რუკაზე რომ დარჩეს, ან მერი უნდა გახდეს - რაც სრულიად გამორიცხულია, კახა კალაძეს ვერ მოუგებს; ან მისმა პარტიამ „ქართულ ოცნებას“ უნდა წაართვას ხმები. ისე, რომ მმართველი ძალა 43%-მდე ვერ ავიდეს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა სწორედ რადიკალ ნაციონალებთან ერთად მოითხოვოს, შეიძლება რადიკალური ფორმებითაც. 
სწორედ ამ ნაწილშია ის ნაციონალების მოკავშირე. ნიკა მელიამაც ხომ ძალიან კარგად იცის, რომ კახა კალაძეს ვერ მოუგებს. მათი ამოცანაც ვადამდელი არჩევნებია. 

მეტიც, პოლიტიკაში უფროსმა გახარიამ თავისი მიზანიც ღიად დააფიქსირა - არჩევნების შემდეგ „ოცნების“ დაშლა.  ამ პოლიტიკურ ანონსში არც დეტალები დააკონკრეტა და არც სურვილები. 

კახა კალაძეს გულისხმობს? ოპოზიცია ხომ უკვე დიდი ხანია, „ოცნებიდან“ მისი გასვლის მოლოდინშია. ასეთი მოლოდინის დროს კახა კალაძეს ისინი ძლიერ, გავლენიან და დამოუკიდებელ ფიგურად ხატავენ. სხვათა შორის, გამონაკლისი არც ოპოზიციაში გადაბარგებული გახარია იყო; მაგრამ როცა თბილისის მერმა მათ ოცნებები გაუცრუა, მერია მაშინვე იქცა კორუფციის ეპიცენტრად. ესეც გახარიას შეფასებაა. 

არადა, შექებიდან გაკრიტიკებამდე კახა კალაძეს ის ორჯერ შეხვდა.  ერთხელ წყნეთში, მეორედ მერიაში. 

რთულია, ისაუბრო კონკრეტიკაზე, როცა დეტალები უცნობია. თუმცა, მალევე კულისებში გავრცელდა ორი ქალბატონის სახელი და გვარი. გიორგი გახარია თითქოს მზად იყო, „ოცნებასთან“ შეთანხმების შემთხვევაში, რომელიმე მათგანის კანდიდატურა წამოეყენებინა. 
მაგრამ უფროსს არც ახლა დაუჯერეს და გახარია ამჯერადაც გაბრაზდა. 

შეთანხმება რომ შემდგარიყო, გახარია საკუთარ კანდიდატურას არ წამოაყენებდა, რაც მეორე ტურის შანსებს თითქმის ნულამდე დაწევდა. მოგვიანებით, ირაკლი კობახიძე იტყვის, რომ ექსპრემიერმა ფული მოითხოვა, თუმცა თანხის რაოდენობა არ დაუზუსტებია. თავად კახა კალაძემ კი ამ თემის გაშლა არ ისურვა. თქვა, რომ ის არჩევნებით და საქმით არის დაკავებული.

ახლა მთავარი ის კი არ არის, ვინ გადავა მეორე ტურში ან იქნება თუ არა საერთოდ მეორე ტური, - დიდი ალბათობით მაინც იქნება და კახა კალაძე მაინც გაიმარჯვებს, - არამედ ის, რამდენ პროცენტს აიღებს პარტია „ქართული ოცნება“ და როგორ დაკომპლექტება საკრებულო. თბილისის მერის კანდიდატურა შეიძლება ბევრმა შემოხაზოს, მაგრამ საკრებულოში ხმა, „ოცნების“ ნაცვლად, პარტია „საქართველოსთვის“ მისცეს. 

როგორიც არ უნდა იყოს გახარიას ინტრიგა, მმართველი ძალა, როგორც ჩანს, ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის. ეს ყველაფერი კი ჩინურია გიორგი გახარიასთვის. მას უდავოდ აქვს შანსები, მაგრამ მისი გამოყენება არ იცის - ამასაც თავისი გამოცდილება სჭირდება. ამ გამოცდილებამდე კი ის არ მისულა, საჭიროებაც არ იყო, ვერტიკალზე ყველაფერს პარტია აკეთებდა, ოპოზიციაში  ეს „ყველაფერი“ მანთავად უნდა აკეთოს. ასე რომ, ვნახოთ...

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი