სტატიები
მესამე პრეზიდენტის „შესანიშნავი ექვსეული“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
895 07 ოქტომბერი 2019, 17:47

მიხეილ სააკაშვილის პრემიერები, მათი მთავარი ფუნქცია და ეკონომიკური ხედვა. ვინ როდის, რატომ და რა მისიით დაინიშნა ან მოხსნა. ONGO-სთვის ამ თემაზე ისტორიკოსმა და ექსპერტმა დათო გამცემლიძემ იმუშავა. 

2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ახალგაზრდა ხელისუფლებამ გადაწყვიტა „ამერიკული მოდელის“ გაუქმება, რომელშიც პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღვანელობს აღმასრულებელ რგოლს და ხელისუფლებათა გაყოფის „ფრანგულ-რუსულ მოდელზე“ გადავიდნენ, როდესაც პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება მართოს მთავრობა, თუმცა უშუალოდ მინისტრთა კაბინეტის მუშაობას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

ბევრი დღემდე თვლის, რომ ეს პერსონალურად ზურაბ ჟვანიასთვის გაკეთდა, რაკი „ვარდების რევოლუციის“ არქიტექტორსა და ერთ-ერთ ლიდერს მანამდე არსებული „სახელმწიფო მინისტრის“ თითქმის სიმბოლური როლი არ დააკმაყოფილებდა.

თუმცა უფრო არსებითი სხვა, სისტემური მიზეზია: „ახალგაზრდა რეფორმატორებმა“ ზუსტად გათვალეს, რომ მტკივნეული რეფორმების დროს აუცილებელია „პასუხისმგებლობის დივერსიფიცირება“ ანუ გადანაწილება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის.

მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია იმთავითვე შეთანხმებულნი იყვნენ, რომ რეფორმების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გადავიდოდნენ „გერმანულ მოდელზე“, ანუ 2012-2013 წლისათვის სიმბოლურად გადააქცევდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო კადენცია ამოიწურებოდა

ბუნებრივია, ამ შეთანხმებაში „რევოლუციური ტრიუმვირატის“ მესამე წევრი, ნინო ბურჯანაძე არ მონაწილეობდა, რაკი ქალბატონ ნინოს თავად ჰქონდა პრეზიდენტობის სურვილი.

გარდა ამისა, მაშინ ვერავინ გათვლიდა, რომ მოხდებოდა 2005 წლის 3 თებერვლის ტრაგედია, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა.


ზურაბ ჟვანია

ამრიგად, 2004 წლის თებერვლიდან განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ზურაბ ჟვანია გახდა პრემიერ-მინისტრი. მან თავისი „კაბინეტი“ დააკომპლექტა ძირითადად (თუმცა არა სრულად) საკუთარი გუნდის წევრებით. მაგალითად, ფინანსთა მინისტრი - ზურაბ ნოღაიდელი, შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი ბარამიძე.

თუმცა იგრძნობოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ სურდა სრულად გაეშვა ხელიდან ძალოვან უწყებათა მართვის სადავეები. ამაზე მეტყველებს ვანო მერაბიშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის, დავით კეზერაშვილის „გადაადგილებები“ საკვანძო თანამდებობებს შორის „საგადასახადოს უფროსობიდან“ – „ეროვნული უშიშროების საბჭოდან“ - გენერალურ პროკურორობამდე, ასევე თავდაცვის მინისტრობამდე და შინაგან საქმეთა მინისტრობამდე.

ზოგიერთი დეტალით იგრძნობოდა, რომ ზურაბ ჟვანიას არ ჰქონდა სრულად „სიამტკბილური ურთიერთობა“ და პოლიტიკური ჰარმონია არა მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილთან და მის გუნდთან, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთანაც.

მიუხედავად ამისა, ზურაბ ჟვანიას უზადო პოლიტიკურმა ნიჭმა მას მისცა საშუალება დაემყარებინა გარკვეული „ბალანსი“, თანდათან მოეპოვებინა რეალური გავლენა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, განსაკუთრებით ეაქტიურა საერთაშორისო კავშირთა გაძლიერების თვალსაზრისით და რამდენიმე მნიშვნელოვანი „ტრენდის“ ინიციატორიც გამხდარიყო მთავრობასთან ერთად.

მაგალითად, სწორედ ზურაბ ჟვანიას დროს ჩატარდა თბილისში რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ფორუმი, რომელზეც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოში მსხვილი რუსული კაპიტალის ინვესტირების თაობაზე: შემოვიდა VTB ბანკი, განმტკიცდა РАО ЕЭС Россия-ს პოზიციები, როგორც არა მხოლოდ „თელასის“, არამედ საქართველოს მთელი ენერგეტიკის მსხვილი აქტივის მფლობელისა; თუმცა არა ნაკლებ აქტიურად შემოდიოდა დასავლური კაპიტალიც.

 ზოგადად, პრივატიზების პროცესის დაწყება და წარმატებით განხორციელება ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა. მისივე გადაწყვეტილება იყო კახა ბენდუქიძის მოწვევა საქართველოში საკვანძო თანამდებობაზე.

ზურაბ ჟვანიას სამთავრობო პროგრამის „მემარჯვენეობაზე“ ან „მემარცხენეობაზე“ საუბარი არარელევანტური იქნებოდა. პირობითად თუ ვიტყვით, იმ 1 წლის განმავლობაში, რაც ჟვანია მინისტრთა კაბინეტს ხელმძღვანელობდა, მისი პრიორიტეტი იყო ინსტიტუციური მშენებლობა; ინსტიტუციური მშენებლობის ნაწილია პრივატიზება. ასევე, ერთიანი საჯარო რეესტრის შექმნა, რაც უკვე მაშინ განიხილებოდა „იუსტიციის სახლის“ ჩანასახად.

გატარდა ინსტიტუციური რეფორმები საბაჟო-საგადასახადო სფეროში, ჯანდაცვაში.

მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას ზურაბ ჟვანიას წარდგენილი პროგრამის (2004-2009წწ) ძირითადი პოსტულატები იყო მთავრობის სტრუქტურული რეფორმა, სამართალდამცავი და უშიშროების სისტემის რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური ზრდა, მოქალაქეთა სოციალური კეთილდღეობა, ენერგეტიკული პრობლემების მოგვარება, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია – ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელის გათვალისწინებითაც ახალი მთავრობა მომავალში მუშაობას აპირებდა და რომელიც დეტალურად იყო გაწერილი ზურაბ ჟვანიას მიერ წარმოდგენილ 24 გვერდიან პროექტში. 

პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია აცხადებდა, რომ მისი მიზანია უშიშროების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში ძირეული რეფორმების გატარება, საბჭოთა კავშირის დროინდელი მართვის სტილის შეცვლა და ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა.

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ საქართველოს შეიარაღებული ძალების რეალური შესაძლებლობები“ - განაცხადა პრემიერმა. მისი პროგრამული აქცენტი იყო «ეკონომიკა, რაც დასაბამი იქნება ადგილობრივი მრეწველობის და ბიზნესის განვითარებისა». ზურაბ ჟვანია არ გამორიცხავდა  მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას  ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდისთვის.

სამწუხაროდ, ზურაბ ჟვანიამ ვერ მოასწრო თავისი პოლიტიკური პოტენციალის სრულად რეალიზება. შესაბამისად, ქვეყანამ დაკარგა პრემიერ-მინისტრი, რომელიც, იმავდროულად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაც იყო......„მიშას“ ყველა შემდეგი პრემიერ-მინისტრისაგან განსხვავებით.  


ზურაბ ნოღაიდელი

ზურაბ ჟვანიას  გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს პოლიტიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი უპირველესი ამოცანა-პრიორიტეტი იმ მომენტში იყო, არ დაეშვა „ჟვანიას გუნდის“ განაწყენება და განდგომა, რადგან ამ გუნდს და მის ლიდერებს მძლავრი პოზიციები ჰქონდათ პარლამენტში, მთავრობაში, პოლიტიკურ წრეებში და საზოგადოებაში.

სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა უზრუნველჰყო ზურაბ ჟვანიასათვის შესაბამისი პატივის მიგება, ხოლო პრემიერ-მინისტრად დანიშნა მისი უახლოესი მეგობარი - ზურაბ ნოღაიდელი.

და ეს მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრემიერის ფიგურა  თავისთავად მოიცავდა რისკებს მისი პოლიტიკური და სახელისუფლებო თვისებების გამო:  ზურაბ ნოღაიდელის  აბსოლუტურად უკომპრომისო, შეუვალი, „ჯიუტი“ სტილი ელიტათა „სტრატეგიული განაწყენების“ ალბათობას ზრდიდა.

ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ინციდენტი, ოდნავ მოგვიანებით, გახდა ბიზნესმენ-დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, რისთვისაც ამჟამად მიხეილ სააკაშვილს 6 წლიანი საპატიმრო სასჯელი აქვს გამოტანილი: ამ საქმის პირველწყარო კი ის გახდა, რომ ზურაბ ნოღაიდელმა, ჩვეული ერთმნიშვნელოვნებითა და სიჯიუტით უარი განაცხადა დაუყოვნებლივ, პირველი მოთხოვნისთანავე გადაეხადა ვალერი გელაშვილისთვის მისი კუთვნილი თანხა, რაც ბიზნესმენს პრეზიდენტის სასახლის ერთი  ნაწილის გამოსყიდვის შემდეგ უნდა მიეღო.

ზურაბ ნოღაიდელს აბსოლუტურად უკომპრომისო პოზიცია ჰქონდა ასევე ყველა იმ საკითხზე, რაც საბიუჯეტო პრიორიტეტთა „დალაგებასა“ და ხარჯვას შეეხებოდა, მიუხედავად „სოციალური ფასისა“.

ფინანსთა მინისტრობისას, ზურაბ ნოღაიდელი ცნობილი იყო, როგორც „მინისტრი არა“ (ყველა მისი აზრით არამიზანშეწონილ თხოვნაზე თანხების გამოყოფის შესახებ ამბობდა მტკიცე „არას“) და ასეთად დარჩა პრემიერ-მინისტრობის დროსაც.

პრემიერის ამგვარმა სიხისტემ ქვეყანას საშუალება მისცა, დაემყარებინა ფისკალური წესრიგი, აღმოეფხვრა ბიუჯეტის არამიზანშერწონილი ხარჯვის ტრადიცია, ხარჯების გაბერვა...ზურაბ ნოღაოდელის უსასტიკესმა „საგადასახადო ადმინისტრირებამ“ გამოიწვია ბიუჯეტის ზრდა. ჯერ გაორმაგება, შემდეგ გაოთხმაგებაც.

ამის  ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა გახდა ე.წ. „ერგნეთის ბაზრობის“ დახურვა, რის შედეგადაც საქართველოში ლეგალურმა ბიზნესმა, მათ შორის ლეგალურმა იმპორტმა აზრი შეიძინა. ამაშიც, ზურაბ ნოღაიდელს, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.

ნაღაიდელის მთავრობა“, საკადრო თვალსაზრისით, თითქმის მთლიანად იმეორებდა „ჟვანიას მინისტრთა კაბინეტს“.

ზურაბ ნოღაიდელის სამთავრობო პროგრამას ეწოდებოდა „ერთიანი და ძლიერი საქართველოსათვის“. უმთავრეს პრიორიტეტად ცხადდებოდა მეტი სამუშაო ადგილის შექმნა კერძო სექტორში; გამჭვირვალე და ქმედითი სახელმწიფო მმართველობა და თვითმმართველობა; ეფექტიანი მართლმსაჯულება; ქმედითი სამართალდამცავი სისტემა; გამოთანაბრებული რეგიონული განვითარება; ხარისხიანი და კონკურენტული განათლების შესაძლებლობა...

საგარეო მიმართულებით:  ნატო-ში თანმიმდევრული ინტეგრაცია; კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამშვიდობო სამოქმედო გეგმების მიზანმიმართული განხორციელება; საბაზო ჯანდაცვის განვითარების პირობების გაუმჯობესება...

ნიშანდობლივია, რომ გარკვეული დაძაბულობა „გუნდებს“ შორის ნოღაიდელის მთავრობაში მაინც იგრძნობოდა. მაგალითად „მიშას კადრები“ - შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი -  პარლამენტში მთავრობის დამტკიცებაზეც კი არ მოვიდნენ. ისინი იშვიათად ესწრებოდნენ, ასევე, მთავრობის სხდომებს.

ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობისას დიდი მიღწევა იყო თურქმენეთთან სახელმწიფო ვალის განულება, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობების „დალაგება“ და საქართველოს საკრედიტო რეიტინგის ამაღლება. შესაბამისად, წარმატებული პრივატიზაცია.

თუმცა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლამ და წესრიგის დამყარებამ ფისკალურ სფეროში და  მრავალი სტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე მტკივნეულმა რეფორმებმა,  გავლენიანი ელიტური ჯგუფების, ასევე სოციალურად დაუცველი მაგრამ აქტიური საზოგადოებრივი სეგმენტის მძლავრი უკმაყოფილება გამოიწვია.

ზურაბ ნოღაიდელის პრობლემად იქცა ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა მკვეთრი გაუარესება მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილმა, პრეზიდენტ სააკაშვილთან შეთანხმებით, დააპატიმრა თავხედურად მოქმედი რუსი სამხედრო დაზვერვის ოფიცრები და დემონსტრაციულად, დამამცირებელი ფორმით გადასცა ისინი რუსეთს მთელი მსოფლიოს თვალწინ.

მოსკოვმა გამოაცხადა სრული ემბარგო ქართულ პროდუქციაზე, ჩაკეტა გზები, გააუქმა ავია-რეისები და ა.შ.

ბუნებრივია, ამას ჰქონდა ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. თანაც არა მხოლოდ იმიტომ, რომ უშუალოდ რუსეთის ბაზარი ან „ლარსის გზა“ იყო მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომაც, რომ დასავლელი ინვესტორები ძალიან დააშინა ამგვარმა დაპირისპირებამ პატარა საქართველოსა და მეზობელ ბირთვულ ზესახელმწიფოს შორის. შესაბამისად, ისინი უკვე „ფეხს ითრევდნენ“ ჩვენს ქვეყანაში მასშტაბური პროექტების განხორციელებისგან.

ზურაბ ნოღაიდელის, როგორც პრემიერ-მინისტრის მმართველობა იყო ერთ-ერთი ყველაზე „თავანკარად მემარჯვენე“ მმართველობა საქართველოს უახლეს ისტორიაში. თუმცა ნოღაიდელს აკლდა ზურაბ ჟვანიასეული არტიკულაციის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის, პოლიტიკური ლავირების, პოლიტიკურ ძალებთან „ლავირების“ უნარი, მან გაანაწყენა გავლენიანი ელიტები, გაანაწყენა სოციუმის მნიშვნელოვანი ნაწილი, შესაბამისად, 2007 წლის ნოემბრის „აფეთქების“ შემდეგ მოსალოდნელიც იყო, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციურ ძალებთან „სამკვდრო-სასიცოცხლო“ დაპირისპირებისას, სწორედ ზურაბ ნოღაიდელს გაწირავდა მიუხედავად „ჟვანიას გუნდთან“ დაკავშირებული ყველა რისკისა.

მეორეს მხრივ, თუ ზურაბ ნოღაიდელისათვის დამახასიათებელ სტილს გავითვალისწინებთ, იგი თავადაც აღარ მოინდომებდა ისეთ სოციო-ეკონომიკურ პოლიტიკაში „ჩაწერას“, რომელიც უფრო კომპრომისული იქნებოდა „მემარჯვენეობა-მემარცხენეობის“ და სახელმწიფო პატერნალიზმის დისკურსში.


ლადო გურგენიძე

ზურაბ ნოღაიდელის შემდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრები „ტექნიკური პერსონები“ იყვნენ 2012 წლამდე, როდესაც მთავრობას სულ რამდენიმე თვით (და ძალიან წარუმატებლად) სათავეში ჩაუდგა უდავოდ წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრი  ვანო მერაბიშვილი.

ტექნოკრატ პრემიერთაგან“ პირველი იყო ლადო გურგენიძე.

მისი კაბინეტის დამტკიცებისას, გურგენიძემ განაცხადა, რომ ახალი მთავრობა წინა მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური კურსის მემკვიდრე იქნებოდა. თუმცა, რეალურად, პრემიერი გურგენიძე ისევე განსხვავდებოდა „დონით“, სტატუსით, რეალური გავლენითა და „წონით“ პრემიერ ნოღაიდელისაგან, როგორც ზურაბ ნოღაიდელი - ზურაბ ჟვანიასაგან.

ამ გარემოებას არ შეეძლო ზეგავლენა არ მოეხდინა ეკონომიკურ პოლიტიკაზეც, თუმცაღა გურგენიძის პროგრამა სისტემურადაც  განსხვავდებოდა წინამორბედის ხედვებისგან: ხელისუფლება იძულებული იყო „დაეკორექტირებინა“ ნოღაიდელის მკაცრი პოლიტიკა, რათა სოციალური ფონი ოდნავ მაინც შეერბილებინა.

მეორეს მხრივ,  „მემარჯვენე“ კურსის რეალურ შენარჩუნებას, ისეთივე მკაცრ ადმინისტრირებას და ელიტებთან ურთიერთობას გურგენიძის შედარებით სისუსტე და გავლენის  ნაკლებობა უშლიდა ხელს. დადასტურდა, რომ საბანკო წრეებში გავლენა რეალურად საკმარისი არ არის. მით უმეტეს, რომ ეს გავლენაც შეფარდებითი იყო. მაგალითად, ზურაბ ნოღაიდელმა, ერთ ერთ ბანკზე საუბრისას პარლამენტის სხდომაზე განაცხადა: „ამ ბანკს მე გავანადგურებო“. - იმის პასუხად, რომ ბანკმა ფინანსური რესურსი გამოიყენა რუსთაველის გამზირზე ე.წ. „კადეტთა კორპუსის“ შენობის შესაძენად 4 მილიონ დოლარად. საკითხი ამ ხმამაღალი განცხადებისთანავე მოგვარდა.

ძალიან საეჭვოა ლადო გურგენიძეს იგივე განეცხადებინა ოდესმე. მით უმეტეს საჯაროდ.

 სამთავრობო პროგრამის დამტკიცებისას, ლადო გურგენიძემ აღნიშნა, რომ ახალი კაბინეტი  „წინა კაბინეტის ეკონომიკური კურსის მემკვიდრე იქნება და შეეცდება ეკონომიკური წარმატებების  თითოეულ მოქალაქემდე მიტანას“. რეალურად, იგი გულისხმობდა  სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვან კორექტირებას.  კერძოდ, გაიზარდა პენსიები: მინიმალური პენსია  55 ლარი გახდა, ხოლო 2008 წელს  76 ლარი; მასწავლებლების  ხელფასის მინიმალური ზრდა 40 ლარი  იყო; გაიზარდა ლტოლვილთა დახმარება.

მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა  დასაქმების პროგრამებს. პრემიერი პირობას დებდა, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებდა საშუალო ასაკის მოქალაქეების დასაქმებას (წმინდა წყლის მემარცხენე-სოციალისტური თეზისი - იმდროინდელი საყოველთაო აღშფოთების პასუხად, რომ „40 წელს გადაცილებული ადამიანი აღარაფერში უნდათ.....“ და ა.შ.).

თავის გამოსვლაში ლადო გურგენიძემ  აღნიშნა, რომ ახალი კაბინეტი გადახედავს 2008 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს: "მინისტრთა  კაბინეტი იზრუნებს მაღალი ინფლაციური დონის შესამცირებლად. ამ მიზნით  გამკაცრდება მონეტარული პოლიტიკა. შეძლებისდაგვარად შემცირდება 2008 წლის ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო 2009 წლიდან წარმოდგენილი იქნება პროფიციტული ბიუჯეტი".

მისივე თქმით: „უნდა მოხდეს ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა,  საქართველოდან მუშახელის ექსპორტი უნდა   შეიცვალოს   პროდუქციის ექსპორტით“.

სულ მალე დადასტურდა ამ თეზისების სრული არარეალურობა და ილუზორობა

დიდწილად სწორედ ლადო გურგენიძის სახელს უკავშირდება  ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროექტი, ასევე რკინიგზის   პრივატიზების იდეა, რაც არ განხორციელდა მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, ეს აქტივი ბადრი პატარკაციშვილისთვის „ტელე-იმედში“ გადაეცვალა....მანვე გამოთქვა „100 ახალი საწარმოს შექმნის“ დაპირება, რაც 5 წლის შემდეგ უკვე ახალი ხელისუფალის, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო თეზისად იქცა.....

ლადო გურგენიძე ასევე პირობას დებდა, 2008 წლის გაზაფხულზე შეეტანა პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტი საქართველოში საფინანსო ცენტრის შექმნის შესახებ და გამოვიდა წინადადებებით საფონდო ბირჟის ტრანსფორმაციის შესახებ; 

 არც ერთი და არც მეორე არ გაკეთებულა.

ჰიდროენერგეტიკაში საფუძველი უნდა ჩაყროდა  არანაკლებ 100 მეგავატი ახალი სიმძლავრეების მქონე ობიექტების  მშენებლობას. ესეც მხოლოდ დაპირება აღმოჩნდა

სამაგიეროდ, ლადო გურგენიძემ შეასრულა დაპირება, რომ მისი მთავრობის მუშაობის დროს „არ მოიმატებს გადასახადები“.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მაშინ განაცხადა, რომ წარმოდგენილი გეგმის განსახორციელებლად  საჭირო იყო ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება. თუმცა რეალურად მივიღეთ არათუ სტაბილურობა, არამედ გამანადგურებელი ომი 2008 წლის აგვისტოში!

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ „აგვისტოს კატასტროფის“, ასევე მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის  გაუთვალისწინებლად, შეუძლებელი იქნება ლადო გურგენიძის პროგრამის და მისი საქმიანობის ობიექტურად შეფასება. ამ პრემიერის სახელს ობიექტურად დაუკავშირდა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროცესი: სამშენებლო სექტორის ჩამოშლა (ეს სექტორი მანამდე ეკონომიკის „ლოკომოტივი“ იყო ყველა თვალსაზრისით) დიდი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების დაწყება, რაც საბოლოოდ უმძიმესი ფინანსური და სოციალური შედეგებით დასრულდა.

ოღონდ ამჯერად ვალდებული ვართ ვაღიაროთ, რომ ეს პირადად ლადო გურგენიძის ბრალი ვერანაირად ვერ იქნებოდა: „სამშენებლო სექტორის“ ჩამოშლა ზემოთხსენებული სისტემური მიზეზებით უფრო იყო განპირობებული.

პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე, საბოლოოდ, მეხსიერებას შემორჩა როგორც მოღვაწე, რომელიც 2008 წლის 14 აგვისტოს გამოვიდა ტელევიზიით და გორიდან რუსული ტანკების წამოსვლით შეშინებული თბილისელები დააწყნარა: „ახალგორისკენ გადაუხვიეს, ჯერ თბილისისკენ არ მოდიან, თუ წამოვლენ ჩვენ პირველნი გეტყვითო“.

ასეთ ვითარებაში „ეკონომიკურ პოლიტიკაზე“ და „სამთავრობო პროგრამებზე“ ლაპარაკი შეუძლებელია.

ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ ლადო გურგენიძემ, მიხეილ სააკაშვილთან და თბილისის მერ გიგი უგულავასთან ერთად „დაალაგა“ პრიორიტეტები, 2008 წელს, რუსული აგრესიის შემდეგ, დასავლეთის ფინანსური დახმარების განაწილებისას.  მისი მონაწილეობით გადაწყდა, რომ პრიორიტეტი იქნებოდა საბანკო სფეროს გადარჩენა.

დრომ დაამტკიცა: ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ამის გათვალისწინებით, აღარც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ გადადგომის შემდეგ ლადო გურგენიძე ერთ-ერთი უდიდესი ქართული ბანკის მესვეური გახდა.


გრიგოლ მგალობლიშვილი

2008 წლის პირველ ნოემბერს პრემიერ-მინისტრი ხდება 35 წლის  დიპლომატი გრიგოლ მგალობლიშვილი.

ეს იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ერთი შეხედვით ძალიან უცნაური გადაწყვეტილება, რადგან მგალობლიშვილი არ გამოირჩეოდა არათუ რაიმე გავლენით პოლიტიკურ და ელიტურ, მათ შორის ბიზნესწრეებში, არამედ მედია თვალსაზრისით განსაკუთრებული „ცნობადობითაც“ კი.

ზოგიერთი თვლის, თითქოს გრიგოლ მგალობლიშვილი (NATO-ში ყოფილი ელჩი) სააკაშვილმა შეარჩია, როგორც მისი პროდასავლური კურსის დადასტურება 2008 წლის შემდეგ. მაგრამ ეს მოსაზრება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს: ამ სფეროშიც კი, გრიგოლ მგალობლიშვილი არ ყოფილა შესამჩნევი ფიგურა პრემიერად დანიშვნამდე

რეალურად, პრეზიდენტის  გადაწყვეტ6ილება იმას ნიშნავდა და გულისხმობდა, რომ სააკაშვილს,  ზურაბ ნოღაიდელისა და ლადო გურგენიძის შემდეგ, არათუ მხოლოდ „ტექნოკრატი“ პრემიერი სჭირდებოდა, არამედ ისეთი „ტექნიკური პრემიერ-მინისტრი“, რომელსაც, იმავდროულად, არ ექნებოდა არანაირი რეალური გავლენა საქართველოს ბიზენს-ელიტებში.

სხვაგვარად თუ ვიტყვით,  ზურაბ ნოღაიდელისა და ლადო გურგენიძის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, ქვეყნის ბიზნეს-ელიტებთან ურთიერთობა ჰქონოდა „პრემიერის გვერდის ავლით“, ხოლო მთავრობის თავმჯდომარეს მხოლოდ „ტექნიკური ფუნქცია“ შეესრულებინა.

სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ მას სურდა პირადად, „ხელით ემართა“ ქვეყნის ეკონომიკა და ჰქონოდა პირდაპირი ურთიერთქმედება ბიზნეს-ელიტებთან. ამდენად, პრემიერ-მინისტრს „მეხამრიდის“ ფუნქცია შეესრულებინა და იოლად გამოეცვალა იგი საჭიროების შემთხვევაში: გრიგოლ მგალობლიშვილმა „იოლი ცვლადის“ ფუნქცია პირნათლად შეასრულა: „ჩუმად მოვიდა“ და „ჩუმად“ წავიდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ დაახლოებით იგივე ფუნქცია (ბიზნეს-ელიტებთან საპრეზიდენტო „პროქსისა“) დააკისრა მიხეილ სააკაშვილმა ასევე შემდეგ პრემიერებს: ნიკა გილაურს და ვანო მერაბიშვილსაც კი. ეს უკანასკნელი, მართალია თითქოს „ყოვლისშემძლე“ შინაგან საქმეთა მინისტრად ითვლებოდა, თუმცა რეალურად, ბიზნეს-ელიტებთან უფრო იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი ურთიერთქმედებდნენ.

სამთავრობო პროგრამის და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას, ზურაბ მგალობლიშვილმა დეპუტატებს განუცხადა, რომ ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” - პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ - იქნება მისი მთავრობის მთავარი ამოცანა. ამით ასევე დადასტურდა ძირითადი „ტრენდი“, რაც ახასიათებდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობას მეორე ვადაში: სოციალური შემადგენლის გაძლიერება, აქცენტი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე:

„ჩვენი ბევრი თანამემამულე სიღარიბეში ცხოვრობს და ბევრია გასაკეთებელი ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად“ - განაცხადა მგალობლიშვილმა სამთავრობო პროგრამის საპრეზენტაციო სიტყვაში. მინისტრთა კაბინეტის უმთავრეს მიზნად მან  ”რეკონსტრუქცია, დასაქმება და ხალხზე ზრუნვა” გამოაცხადა.

მგალობლიშვილის თქმით, ”დემოკრატიულმა რეფორმებმა უნდა უზრუნველყონ იმ შეცდომების გამოსწორება, რამაც სამართლიანი შეკითხვები გააჩინა საზოგადოებაში, მათ შორის კერძო საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით“.

ეს განცხადება უეჭველად ნიშნავდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდი უკვე მაშინ, 2008 წლის შემოდგომაზე გრძნობდა, რა ძირითადი „მესიჯებით“ იწარმოებდა მის წინააღმდეგ ბრძოლა 4 წლის შემდეგ. თუმცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას იმ დროს, ჯერ კიდევ, მაღალი ალბათობით, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა.

მგალობლიშვილის განცხადებით,  2009 წლიდან იგეგმებოდა პენსიის 100 აშშ დოლარის ნიშნულამდე ეტაპობრივი ზრდა. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ არის მზად დაასახელოს აღნიშნული ზრდის გრაფიკი. მისი თქმით, 2010 წლიდან ასევე იგეგმებოდა მასწავლებელთა ხელფასის ეტაპობრივი ზრდა 50 ლარით - ისევ და ისევ „მიზნობრივი სოციალური ჯგუფების“ დასაკმაყოფილებლად.

მგალობლიშვილის პროგრამაში ლაპარაკი იყო ასი თანამედროვე სტანდარტის საავადმყოფოს ამოქმედებაზე, 2009 წლიდან პენსიების ზრდაზე, იაფი კრედიტების პროგრამაზე, რკინიგზაში ინვესტიციების ჩადებაზე და ასე შემდეგ.

2008 წელს, მგალობლიშვილის პარლამენტში დამტკიცებისას, ოპოზიციის უმთავრესი პრეტენზია იგივე იყო, რაც რამდენიმე წლის შემდეგ, „ოპოზიციად“ ქცეული იმდროინდელი ხელისუფლებისა, - პრემიერ-მინისტრების ცვალებადობისას: „ვერ გავიგეთ.....არავინ გვითხრა......რატომ, რა მიზნით „გაუშვეს“ წინა პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე?“

საპარლამენტო დისკუსიის შეჯამებისას,  პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ აღნიშნა: „გრიგოლ მგალობლიშვილმა  აჩვენა, რომ ის არა მხოლოდ კარგი დიპლომატია, არამედ დიდი პოლიტიკური მომავალიც აქვს“.

რას გულისხმობდა ბატონი ბაქრაძე გრიგოლ მგალობლიშვილის „დიდ პოლიტიკურ მომავალში“, დღევანდელი გადასახედიდან „ცოტა არ იყოს“ გაუგებარია.

აღსანიშნავია, რომ სწორედ გრიგოლ მგალობლიშვილის პრემიერ-მინისტრობისას შეუსრულა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების დანაპირები ბიზნეს-ელიტებს, ასევე წვრილ მეწარმეებს  და საშემოსავლო გადასახადი 25%-დან 18-20% მდე შეამცირა.

გრიგოლ მგალობლიშვილის პრემიერობისას  იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია სააკაშვილის ეკონომიკურ პოლიტიკაში: მნიშვნელოვანი სახსრების ხარჯვა (მათ შორის დასავლური დახმარებისა) ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის გზების მშენებლობაში. ამას უპირველესად სოციალური დატვირთვა ჰქონდა, რადგან ასაქმებდა რეგიონებში „ადგილობრივ“ მოსახლეობას.

მთავრობა ასევე გეგმავდა სოფლის გაზიფიკაციის პროგრამის განხორციელებას და მოსახლეობას პირდებოდა, რომ  სოფლად მცხოვრებთა 90%-ზე მეტს ექნებოდა საშუალება, ესარგებლა ბუნებრივი აირით.

ამ დანაპირების შესასრულებლად (რაც მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა  3-4 წლის განმავლობაში) მიხეილ სააკაშვილს მოუწია ენერგეტიკული კავშირის კიდევ უფრო განმტკიცება მეზობელ აზერბაიჯანთან: რეგიონების გაზიფიცირება თითქმის მთლიანად ჩაიბარა აზერბაიჯანულმა კომპანია „SOCAR“ - მა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უცხოეთში შესყიდული ბუნებრივი აირის 100% აზერბაიჯანული წარმომავლობის იყო. რუსეთიდან ტრანზიტით სომხეთში მიწოდებული ბუნებრივი აირი კი  ქვეყანას უფასოდ რჩებოდა. „მონეტიზაციამდე“ მაშინ ჯერ კიდევ დიდი დრო რჩებოდა.

ელიტებთან“ (არა მხოლოდ ბიზნეს-ელიტებთან) პრეზიდენტ სააკაშვილის „მუშაობის“ გამოხატულება გახდა  ასევე დაპირება, რომ 2008 წლიდან „მკვეთრად გაიზრდებოდა მეცნიერების დაფინანსება“.

მიუხედავად „ძირითად“ ტრენდში კომფორტულად „ინკორპორირებისა, გრიგოლ მგალობლიშვილმა, როგორც ჩანს პირადი თვისებების გამო, ვერ შეძლო იმ მწირი ფუნქციის შესრულებაც კი, რაც უშუალოდ მას დააკისრა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ანუ თუნდაც„ მესენჯერისა“ ქართულ ელიტებთან.

შესაბამისად, მისი სულ რამდენიმე თვეში შეცვლა  გარდაუვალი იყო.


ნიკა გილაური

ნიკა გილაური აღმოჩნდა ის ფიგურა, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილს „დაუბალანსა“ ყველა მისი ინტერესი ელიტებთან ურთიერთობის და, იმავდროულად, პასუხისმგებლობის „გადანაწილების“ თვალსაზრისით. შესაბამისად, ნიკა გილაური ყველაზე „კომფორტული“ იყო მისთვის და/ანუ არც ისაა  გასაკვირი, რომ სწორედ  ნიკა გილაურია ყველაზე „ხანგრძლივი“ პრემიერ-მინისტრი „მიშას პრემიერებს“ შორის.

პრემიერ გილაურს ჰქონდა მძლავრი „ბექგრაუნდი“: 2004-2005 წლებში, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნისას, მან გადაწყვიტა უმთავრესი პრობლემა, რისი გადაჭრის გარეშეც ახალი, რევოლუციური ხელისუფლება პოლიტიკურ ლეგიტიმურობას ვერასგზით შეინარჩუნებდა ხალხის თვალში: დამთავრდა „ენერგოკრიზისი“, დასრულდა ე.წ. „დენის გრაფიკები“, თუმცა ამის მისაღწევად ხელისუფლებას დასჭირდა „თელასის“ მფლობელ ანატოლი ჩუბაისის РАО ЕЭС Россия-სთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება მიუხედავად იმისა, რომ მანამდე, ამერიკული კომპანია AES-ის მიერ რუსებისთვის „თელასის“ მიყიდვა ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი ბრალდება იყო „რევოლუციონერთა“ მხრიდან.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით მაშინ „ჟვანია-ბურჯანაძის“ გუნდი უფრო აქტიურობდა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი.

ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა მოახერხა ამ სფეროში არსებული სრული ქაოსის მოწესრიგება, თუმცა ენერგოკრიზისის დაძლევის უმთავრესი წინაპირობა  მაინც გამოდგა მოსახლეობისათვის ელექტროენერგიაზე ფასის გაზრდა შევარდნაძის დროინდელი 9 თეთრიდან კილოვატსაათზე - 17-18 თეთრამდე.

შესაბამისად, ქართული ენერგეტიკა გახდა მომგებიანი ინვესტორთათვის; მოსახლეობამ (პირველ რიგში თბილისის მოსახლეობამ) დაიწყო ელექტროენერგიის დაზოგვა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი დარწმუნდა, რომ ზუსტადაც  ნიკა გილაურია ის ფიგურა, ვისაც  „სტრატეგიული ნდობით“ შეიძლება მოეპყრას, -  ჰყავდეს „რეზერვში“ განსაკუთრებულ საჭიროებამდე.

ამასთან, სრულიად ცხადი იყო, რომ ნიკა გილაურს არ ჰქონდა არანაირი პოლიტიკური ამბიცია, ხოლო ბიზნეს, მათ შორის საბანკო წრეები მას მხოლოდ „ტოპ-მენეჯერად“ განიხილავდნენ და „მესენჯერად“ უმაღლეს ხელისუფალთან, ესე იგი პრეზიდენტ სააკაშვილთან.

ეს მიდგომა მთლიანად დადასტურდა უკვე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როდესაც ნიკა გილაური უმსხვილესი ბანკის „ტოპ-მენეჯერი“ გახდა.

ნიკა გილაურის პრემიერობა კიდევ იმითაც იყო საინტერესო, რომ მის დროს საბოლოოდ  წაიშალა ზღვარი, მათ შორის არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ მთავრობაშიც, „მიშას“ გუნდსა „ჟვანიას გუნდს“ შორის.

ამაზე მეტყველებს „გილაურის მთავრობის“ შემადგენლობა და იქ, მაგალითად, ვერა ქობალიას დამკვიდრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად. ეს ძალიან ნიშანდობლივი გადაწყვეტილება გამოდგა, რადგან ბევრს სასაცილოდ ეჩვენება, თუმცა ვერა ქობალია, საბოლოოდ აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული იმ ურთულესი პრობლემების გადაჭრისას, რაც ვერც ერთმა მისმა წინამორბედმა (თვით კახა ბენდუქიძემაც კი) ვერ გადაჭრა: სწორედ ვერა ქობალიას მეშვეობით, დიდი ბრძოლის შემდეგ, შეძლო მიხეილ სააკაშვილმა (არ გაგიკვირდეთ: ელიტურ ჯგუფებთან ჭიდილში სააკაშვილსაც უხდებოდა ხოლმე უკან დახევა) „ღია ცის“ პოლიტიკის გამოცხადება, რაც თამამად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობისას. მათ შორის იგულისხმება „ქუთაისის აეროპორტის“ ფენომენი, ყველაზე წარმატებული ევროპული ავიაკომპანიების შემოსვლა საქართველოს ავია-ბაზარზე და ა.შ.

„ვერა ქობალიას“ ფიგურით  სააკაშვილმა კვლავ დაამტკიცა, რომ მას სჭირდება მთლიანობაში „ტექნიკური“ კაბინეტი, რადგან ნებისმიერი „პროფესიონალი“, ვინც წარსულში ან სამომავლოდ იქნებოდა დაკავშირებული ბიზნეს-ელიტებთან, სწორედ ამ ურთიერთობებისა და ვალდებულებების (მათ შორის პიროვნული ვალდებულებების) გამო, ვერ მოახერხებდა ელემენტარული გადაწყვეტილებების მიღებას - ელიტურ ჯგუფთა ფარული თუ აშკარა წინააღმდეგობის გამო.

„ვერა ქობალიას“ და სხვა „არსაიდან მოსულ ვერა ქობალიებს“, ასევე თვით ნიკა გილაურს  კი, დასაკარგი არაფერი ჰქონდათ.

ნიკა გილაურის პრემიერობისას, მიუხედავად გადატანილი ომისა, სარეიტინგო სააგენტო Standart &Poors საქართველოს  საკრედიტო რეიტინგი მოუმატა. მაშინ, როცა ამ პერიოდში, აღნიშნულმა სარეიტინგო კომპანიამ ევროპის 5 ქვეყანას საკრედიტო  რეიტინგი შეუმცირა.

სწორედ ნიკა გილაურმა წარმოადგინა კონკრეტული „ანტიკრიზისული პროგრამა“  2,2 მილიარდი ლარის რესურსით ეკონომიკის სტიმულირებისათვის. ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ფინანსური ინექცია განხორციელდა, თუმცა ეროვნული ბანკის მყარი კონტროლი, ასევე დასავლური დახმარება საშუალებას აძლევდა სააკაშვილი-გილაურის მთავრობას, არ დაეშვა ლარის დევალვაცია და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ინფლაცია.

 პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, სახელისუფლებო თვალთახედვით,  უშეცდომოდ განვლო სამწლიანი გზა ისე, რომ პრეზიდენტისთვის არც ერთი თვალსაზრისით სერიოზული პრობლემა არ შეუქმნია. პირველ რიგში იმ მიმართულებით, რასაც მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა: PR თვალსაზრისით ნიკა გილაურს არ უკავშირდებოდა რაიმე ნეგატიური სტერეოტიპი კორუფციის, ნეპოტიზმის თუ სხვა. თვით ეს ფიგურა ისეთნაირად იყო „მორგებული“ საზოგადოებრივ განწყობებს, რომ იმდროინდელი ოპოზიციური მედიაც კი ვერ ახერხებდა ნიკა გილაურის „მონსტრუალიზებას“, მის დაკავშირებას რაიმე კორუფციულ სკანდალთან.

ამ მხრივ გილაურის წინამორბედი „მიშას პრემიერები“ მაინც ქმნიდნენ გარკვეულ რისკებს...... აქ ლაპარაკია არა რეალურ კორუფციაზე ან რაიმე რეალურ კავშირზე ნეგატიურ ტრენდებთან, არამედ სწორედ საზოგადოებრივ იმიჯზე: ნიკა გილაური იყო  წმინდად „ტექნიკური პრემიერი“, რომელიც, იმავდროულად, არ განიხილებოდა საზოგადოებაში და მედიაში, როგორც რაიმე თვალსაზრისით უარყოფითი ფიგურა, თუმცაღა „საქმეს აკეთებდა“.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას:  რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე, 2012 წლის არჩევნების მოახლოება  და თვით პრეზიდენტ სააკაშვილის  პოლიტიკური საჭიროებანი (პრემიერ-პრეზიდენტის პოსტებს შორის მოსალოდნელი ან ნავარაუდევი გადათამაშება) ნიკა გილაური იყო პრეზიდენტის მრავალმხრივ ინტერესებზე „ფაზლის სიზუსტით“ მორგებული პრემიერ მინისტრი!

მაგრამ არჩევნების მოახლოებამ, „ქართული ოცნების“ სახით რეალურად  საშიში ოპოზიციის ჩამოყალიბებამ, მიხეილ სააკაშვილი აიძულა, ახალ სამთავრობო კონფიგურაციაზე,  ახალ სამთავრობო პრიორიტეტებზე ეფიქრა. შესაბამისად, მტავრობის თავმჯდომარე, ნიკა გილაურის ნაცვლად, „შეუცვლელად“ და „ხერხემლად“ მიჩნეული შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი გახდა.


ვანო მერაბიშვილი

როგორც ითქვა, მერაბიშვილის „დაწინაურება“ (ბევრის აზრით კი, რეალურად დაქვეითება და ძალაუფლების ბერკეტებისგან დაშორება) მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაწყვეტილება იყო: ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირების პროცესში, პრეზიდენტს  უკვე სჭირდებოდა არა უბრალოდ „ტექნიკური პრემიერი“ (ნიკა გილაურივით) ან ისეთი, რომელიც „ბიზნეს-ელიტებთან“ მისი „მესენჯერის“ ფუნქციას შეასრულებდა (ლადო გურგენიძესავით), არამედ პრემიერ-მინისტრი, რომელიც, ძალაუფლების ბერკეტთა გამოყენებით, აიძულებდა (!) ამ ელიტებს არა მხოლოდ და არა უბრალოდ არსებული ხელისუფლებისთვის დაეჭირათ მხარი, არამედ, რაც ბევრად მნიშვნელოვანი იყო იმ მომენტში მიშასათვის, პირდაპირ ებრძოლათ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

მაგრამ ვანო მერაბიშვილმა ეს ფუნქცია ვერ შეასრულა. ამას დიდწილად ობიექტური მიზეზები ჰქონდა: „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოსული ხელისუფლება დროთა განმავლობაში „დაიჟანგა“, სააკაშვილის ბობოქარმა სტილმა, მუდმივმა დაძაბულობამ მოქანცა ხალხი და ივანიშვილი „მოსვენება-დასვენების“ უზრუნველმყოფ ალტერნატივად აღიქმებოდა.

მესამე პრეზიდენტი დღემდე დარწმუნებულია (და ღიად ამბობს), რომ  „იმ ხალხმა, ვისაც ივანიშვილის პრობლემის გადაწყვეტაზე უნდა ემუშავა, ეს ვერ ან არ გააკეთა“. პირველ რიგში ვანო მერაბიშვილს გულისხმობს. ალბათ მხედველობაში აქვს, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა აღმოუჩინეს და საქართველოს მოქალაქეობა ლეგიტიმურად დაკარგა, მას აღარ ჰქონდა, კანონით, საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის, მით უმეტეს ამ საქმეში ფინანსური ინვესტირების უფლება, შესაბამისად ხელისუფლებას ჰქონდა იურიდიული საბაბი, იგი ქვეყნიდან გაეძევებინა, მაგრამ „ვანომ“ ეს არ/ვერ გააკეთა.

ამგვარი პრეტენზია, რაც მიხეილ სააკაშვილს ბოლო წლებში ღიად თუ ვუალირებულად არაერთგზის გამოუთქვამს, არც თუ სამართლიანია, რადგან ასეთი დონის გადაწყვეტილებას მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ვერ მიიღებდა. მაგრამ ამ გამონათქვამებში სჩანს, რა „მისიას“ აკისრებდა პრეზიდენტი - პრემიერს 2012 წელს.

ვანო მერაბიშვილმა სხვა თვალსაზრისითაც ვერ გაართვა თავი მთავრობის თავმჯდომარეობას. იგი ვერ მიხვდა, რომ ამ პოსტზე იმ სტილით ვერ იმუშავებდა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნისას. და რომ სულ სხვაგვარი PR სჭირდებოდა.

ეს თითქოსდა წვრილმანებშიც კი მჟღავნდებოდა. მათ შორის ვიზუალსა და დრეს-კოდში საჯარო ღონისძიებებისას, რასაც მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა და არასდროს მიაჩნდა „სულელურ წვრილმანად“, მართალიც იყო. თუ გახსოვთ, მთავრობის ერთ სხდომაზე საჯაროდ, ტელეკამერების წინ  შენიშვნაც კი მისცა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს - პერანგის ამარა რატომ მოხვედი და პიჯაკი რატომ არ გაცვიაო.

ეს გარემოება, რასაკვირველია, არ ყოფილა არც განმსაზღვრელი და არც არსებითი, თუმცა მათ შორის ასეთი „წვრილმანებითაც“ იქმნება  პოლიტიკოსის „იმიჯი“, მით უმეტეს პრობლემური არჩევნების წინ, როდესაც მმართველ ძალას სჭირდება მძლავრი „ფიარი“ და „ლიდერშიპი“.

რამდენად ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო ვანო მერაბიშვილი, იმდენადვე სუსტი პრემიერი აღმოჩნდა. აქცენტი ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერებაზე, ასევე ახალაიას ჯგუფის წინ წამოწევა (ბაჩო ახალია შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა), უკვე სრულიად უშედეგო იყო იმ ვითარებაში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ალტერნატივას ეძებდა და პოულობდა კიდეც „ოცნებით“ მაღალ ხელფასებზე, პენსიებზე, სამუშაო ადგილებზე, გაიაფებულ კომუნალურ გადასახადებსა და რაც მთავარია მშვიდობაზე - საზარელი ომის შემდეგ!

„ამათ თუ რამე შეეძლოთ, აქამდე გაეკეთებინათ“ - ეს მორალური სლოგანი ე.წ. „მერყევი“ ამომრჩევლის თვალში  ვანო მერაბიშვილის ნებისმიერ, თუნდაც საუკეთესო სამთავრობო პროგრამას დაანგრევდა. ამიტომაც, ახალი თანამდებობა (დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი) უკვე დაცინვით აღიქმებოდა.

შეუძლებელია ეს არ სცოდნოდა და ამას ვერ მიმხვდარიყო მიხეილ სააკაშვილი, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რა მთავარ  მისიას აკისრებდა იგი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომელმაც იგი ვერ შეასრულა და 1 ოქტომბრის არჩევნებიც, ხელისუფლების  სასტიკი მარცხით  დასრულდა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი