სტატიები
კელი დეგნანი - ამერიკის მეცხრე ელჩი და მისი წინამორბედები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1521 03 თებერვალი 2020, 11:25

თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისში ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების მეცხრე ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. მას „მრჩეველი-დესპანის“ დიპლომატიური რანგი აქვს, - არა „საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა“. ეს არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის გარემოება, თუმცა აღსანიშნავია.

მთავარი მაინც ისაა, რომ შეწყდა „უცნაური“ პაუზა, რომელიც 2018 წლის მარტიდან - 2020 წლის იანვრამდე გაგრძელდა, როდესაც ვაშინგტონს სრულუფლებიანი ელჩი არ ჰყავდა საქართველოში.

ამას ალბათ თავისი მიზეზები ჰქონდა, რადგან დიპლომატიაში ხშირად არ ხდება და „უხერხულობადაც“ ითვლება. ზოგი თვლის, თითქოს მიზეზი გახდა „ოცნების“ უარი, დათანხმებოდა ახალ ელჩად წინამორბედი ამბასადორის  (იენ კელის)  მოადგილის, ბრიჯით ბრინკის დანიშვნას ელჩად.  ეს უკანასკნელი, თითქოსდა, მიხეილ სააკაშვილის „მომხრე“ და ამჟამინდელი ოპოზიციის გულშემატკივარია. მეორე ვერსიით კი,  რეალური მიზეზი გახდა გაჭიანურებული დაპირისპირება პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის სენატს შორის.


ორივე მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. ან სულაც შესაძლოა, სიმართლე მათი „კომბინაცია“ იყოს. ახლა ბევრად მნიშვნელოვანია Who is ქალბატონი დეგნანი - პირველი ქალი ამ რთულ და დელიკატურ პოსტზე კავკასიურ ქვეყანაში.  და|ანუ როგორ „ჩაეწერება“ იმ ტრენდებში, რაც ზოგადად დამახასიათებელია ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებისთვის 1992 წლიდან - დღემდე.

Who is ქალბატონი დეგნანი - პირველი ქალი ამ რთულ და დელიკატურ პოსტზე კავკასიურ ქვეყანაში

თავად დეგნანი არათუ უდიდესი გამოცდილების პროფესიონალი დიპლომატია, არამედ გარკვეული „სპეციალიზებაც“ გააჩნია, რაც ჩვენთვის ბევრს შეიძლება ნიშნავდეს: გასული წლის სექტემბერში, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა იგი ელჩობის კანდიდატად წარადგინა, ქალბატონი კელი  ევროპასა და აფრიკაში ამერიკის სამხედრო-საზღვაო სარდლის მრჩეველი იყო. მანამდე NATO-ში ამერიკის წარმომადგენლის კონსულტანტად მუშაობდა და ავღანეთშიც უმსახურია ისეთ პოზიციებზე, სადაც დიპლომატებს მხოლოდ რესპექტაბელურად  ჩაცმა, მახვილგონივრული რიტორიკა და შამპანურით ან კონიაკით სავსე ჭიქის სტილურად ხელში დაჭერა კი არ ევალებათ, არამედ ბევრად რთული, დელიკატური  და საპასუხისმგებლო „მისიების“ შესრულებაც. გამგები გაიგებს.

შემთხვევითი როდია, რომ სენატში Hearing-ისას, ასევე თბილისში ჩამოსვლისთანავე, ელჩმა დეგნანმა ჩვენს ქვეყანაში საკუთარ პრიორიტეტად დაასახელა, დაეხმაროს საქართველოს „რუსეთის მავნებლობათა მოგერიებასა“ და „საკუთარი საზღვრების, აგრეთვე მოქალაქეების დაცვაში“.

„მგლის თავზე სახარების კითხვას“ რომ აზრი არა აქვს, ეს ქალბატონმა ელჩმა, რასაკვირველია იცის, ამდენად „დახმარებაში“ უფრო სხვა და არსებით კონტრიბუციას გულისხმობდა. თუ რას, - უახლოეს მომავალში გაცხადდება. რამდენიმე კვირა დარჩა „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებებამდე, რომლებშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას ამერიკულ კონტინგენტთან ერთად.


წინამორბედები

რაკი ამერიკის ელჩი, როგორც იქნა, თბილისშია, მოვიდა დრო მისი ელჩობა განვიხილოთ ამერიკა-საქართველოს 28 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის კონტექსტში. როგორც უკვე ითქვა, კელლი დეგნანი მეცხრე ელჩია. მანამდე, 1992 წლიდან, ამერიკამ რვა ელჩი მოავლინა ჩვენს ქვეყანაში - საქართველოს მხარდასაჭერად და საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად რეგიონში:

კენთ ბრაუნი (სექტემბერი 1992 - აგვისტო 1995)

უილიამ ქორთნი (სექტემბერი 1995 - აგვისტო 1997)

კენეტ იალოვიცი (ივლისი 1998 - ივნისი 2001)

რიჩარდ მაილსი (მაისი 2002 - აგვისტო 2005)

ჯონ ტეფტი (აგვისტო 2005 - სექტემბერი 2009)

ჯონ ბასი (ოქტომბერი 2009 - ივლისი 2012 )

რიჩარდ ნორლანდი (აგვისტო 2013 - სექტემბერი 2016)

იან კელი  (ოქტომბერი 2016 - მარტი 2018)

ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელების „რანგირება“ სხვადასხვანაირად შეიძლება.......თუნდაც მათი გამოცდილების, „ბეგრაუნდის“, რესპუბლიკელობა-დემოკრატობის მიხედვით, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე სწორი იქნება ისინი „დავალაგოთ“ საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდთა შესაბამისად, ანუ იმის მიხედვით, რომელი ქართული ხელისუფლების (პრეზიდენტის, მთავრობის) დროს მოუწიათ მოღვაწეობა, რა იყო მაშინ ამერიკის პრიორიტეტი ჩვენს ქვეყანაში, რამდენად წარმატებულნი აღმოჩნდნენ ამ პრიორიტეტთა განხორციელებაში, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ ლიდერებთან, ასევე ადგილობრივ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ ბიზნეს ელიტებთან და ა.შ.

ამ თვალსაზრისით, ამერიკის ელჩები (შესაძლოა მათდაუნებურად) იყოფიან სამ კატეგორიად: შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის „ეპოქათა“ შესაბამისად.

პირველი ელჩი


აშშ პირველი ელჩი იყო კენთ ბრაუნი. იგი საქართველოში ჩამოვიდა უმძიმეს დროს: 1992 წლის სექტემბერში, როდესაც უკვე მძვინვარებდა ომი აფხაზეთში, ასევე სამოქალაქო ომი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამერიკის ელჩი არანაირად არ ჩარეულა სამოქალაქო დაპირისპირებაში და არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია ისეთი, რაც სამოქალაქო ომის მეორე მხარეს შეეძლო გაეგო, როგორც დაგმობა. მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ვაშინგტონის წარმომადგენელი აქტიურად თანამშრომლობდა „ბერლინის კედლის დამანგრეველ“ ედუარდ შევარდნაძესთან, უკვე უქმნიდა ლეგიტიმურობას საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ჯერ კიდევ ახალი ქართული კონსტიტუციის მიღებამდე და პრეზიდენტად არჩევამდე.

თუმცა, ამერიკული დიპლომატიისათვის, კენთ ბრაუნის პერიოდში, იოლი არ იქნებოდა შეემუშავებინა Modus Vivendi და Modus Operandi ისეთ უჩვეულო ვითარებაში, როდესაც  ედუარდ შევარდნაძე, მართალია, პირდაპირი კენჭისყრით აირჩია ხალხმა 1992 წლის 11 ოქტომბერს, მაგრამ ოფიციალურად ითვლებოდა უპირველესად პარლამენტის თავმჯდომარედ და შემდეგ სახელმწიფოს მეთაურად.  რომელიმე არადემოკრატიულ ქვეყანაში, ამას შესაძლოა არც შეექმნა პროტოკოლური პრობლემები, მაგრამ საქართველოში ქმნიდა. მით უმეტეს, ვიმეორებ, როდესაც ზვიად გამსახურდია თავს „კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს“ უწოდებდა და ქვეყანაში დაბრუნებასაც ლამობდა.

სამაგიეროდ,  ელჩი ბრაუნი ძალზე აქტიური იყო აფხაზეთის მიმართულებით. სწორედ მისი ინიციატივით, დასავლელი ელჩები რამდენჯერმე ეწვივნენ სოხუმს უსასტიკესი შეტევების დროს. სულ ბოლოს, 1993 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ქალაქი ბეწვზე ეკიდა.

რასაკვირველია,  ბრაუნი სერიოზულად არ აღიქვამდა იმდროინდელი პარლამენტის ბევრი წარმომადგენლის „გიჟობებს“ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობათა და „NATO-ს ჯარების დაუყოვნებლივ შემოყვანაზე“. სწორედ ელჩ ბრაუნის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ირაკლი წერეთლის (იმ დროს მთავარი ქართველი „ატლანტისტის“) მონაწილეობით გაემგზავრა ბრიუსელში და შეხვდა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს.

საეჭვოა ამ შეხვედრებისას „ეროვნული მოძრაობის“ ლიდერებს აზრი შეეცვალათ საქართველო-NATO-ს პერსპექტივათა შესახებ, მაგრამ ამერიკის ელჩის მცდელობა მაინც ნიშანდობლივია.

ბრაუნის დროს საქართველო-ამერიკის ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობა „ჰუმანიტარულ დახმარებას“ შორს არ სცილდებოდა

იმ დროს, ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობა ალიანსთან ხორციელდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმავე ფორმატში, რაც რუსეთის და სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნებისა: „პარტნიორობა - მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში.

კენთ ბრაუნი 1995 წლის აგვისტომდე დარჩა საქართველოში. მის დროს საქართველო-ამერიკის ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობა „ჰუმანიტარულ დახმარებას“ შორს არ სცილდებოდა, თუმცა ედუარდ შევარდნაძე ორჯერ (1992 და 1994წ) ეწვია ვაშინგტონს სამუშაო ვიზიტით, შეხვდა პრეზიდენტ კლინტონს და მოიპოვა პოლიტიკური მხარდაჭერა 1995 წლის ნოემბრის გადამწყვეტი არჩევნების წინ.

სწორედ კენთ ბრაუნმა დაარწმუნა კლინტონის ადმინისტრაცია, რომ ედუარდ შევარდნაძეს ნამდვილად არ ჰყავდა ალტერნატივა, რომ იგი ბევრად სჯობდა ჯუმბერ პატიაშვილს და/ანუ შეეძლო პროდემოკრატიული, პროამერიკული ძალების კონსოლიდაცია. მათ შორის ზურაბ ჟვანიას ახლადგამოჩეკილი გუნდისა, რომელიც ელჩმა ბრაუნმა, მახვილი მზერით  „შენიშნა“ და რამდენჯერმე მიიწვია კიდეც  ამერიკაში სხვადასხვა პროგრამით. თვითონ ზურაბ ჟვანია ამას ასე იხსენებდა დაბრუნების შემდეგ: „დამყვებოდა უზარმაზარი აფროამერიკელი......სადაც არ უნდა წავსულიყავი, დაჰქონდათ ჩემი პორტფელი, მიღებდნენ ყველა კარს.......“


პოლიტიკური ფსონის გაფორმება


1995 წლის სექტემბერში, ქენთ ბრაუნი უილიამ კორტნიმ შეცვალა. მან საბოლოოდ „გააფორმა“ ამერიკის ფსონი ედუარდ შევარდნაძეზე. ოღონდ არა მხოლოდ მასზე პირადად, არამედ მის გუნდზე, რომელშიც, უკვე მაშინ, წამყვან პოზიციებს თანდათან ზურაბ ჟვანია და ნიუ იორკიდან ახლახანს დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი იკავებდნენ. ზოგადად, ამერიკული დიპლომატია, ყველგან და ყოველთვის მუშაობს „პროამერიკული“, მაშასადამე დემოკრატიული პოტენციალის ელიტებზე, ამ ელიტებში ნიჭიერი ადამიანების წარმოჩენასა და წახალისებაზე. ზურაბ ჟვანიას ნიჭი რომ მათთვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, გასაკვირი არ არის. მაგრამ ედუარდ შევარდნაძე უპირველესად იმიტომ  მოსწონდათ, რომ მან  ჟვანიასა და სააკაშვილზე გააკეთა მაშინ აქცენტი (არა ვახტანგ რჩეულიშვილზე) და მათი მეშვეობით დაიწყო ახალი სახელისუფლებო სტრუქტურების მშენებლობა.

ზურაბ ჟვანიას ნიჭი რომ მათთვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, გასაკვირი არ არის

ეს გარემოება საქართველოში ამერიკის პირველი ელჩებისთვის ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე შევარდნაძის წარსული დამსახურებები: „ბერლინის კედლის დანგრევა“, „გერმანიის გაერთიანება“, „ცივი ომის დასრულება“ და ა.შ.

უილიამ კორტნის აქტიური მონაწილეობით, საქართველომ დაიწყო ფინანსური დახმარების მიღება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან. ორივე ამ გლობალურ ორგანიზაციაში გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ვაშინგტონს ეკუთვნის. თუმცა, დახმარება „წამოვიდა“ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამერიკის საელჩოს ანალიტიკოსებმა დაადასტურეს: შევარდნაძემ დაიწყო რეალური რეფორმების განხორციელება -  შემოიღო ლარი კუპონის ნაცვლად, შეწყვიტა სახელმწიფო დოტაციები, გაათავისუფლა ყოველგვარი რეგულაციისაგან საკრედიტო ბაზარი, თითქმის „გაუშვა“ ფასები ენერგეტიკაში, განახორციელა დემონოპოლიზაცია, შექმნა მარეგულირებელი კომისიები, დააფუძნა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ჩაატარა მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნები, რის შედეგადაც არაკომუნისტურმა ოპოზიციამ („ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“) შექმნა მძლავრი ფრაქცია საკანონმდებლო ორგანოში და ა.შ.

საქართველომ დაიწყო ფინანსური დახმარების მიღება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან

ამავდროულად, უილიამ კორტნის ელჩობა უკავშირდება ერთ-ერთ ყველაზე სამწუხარო ფურცელს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში. ვგულისხმობ გიგა მახარაძის საქმეს:

1997 წელს, საქართველოს მაღალი რანგის დიპლომატმა, გიგა მახარაძემ, რომელიც ვაშინგტონში მსახურობდა, შემთხვევით, ავტოავარიაში მოკლა თინეიჯერი გოგონა. უგონოდ მყოფ დიპლომატს ამერიკელმა ექიმებმა ექსპერტიზა ჩაუტარეს. საქართველოს ელჩი ამერიკაში, თედო ჯაფარიძე მოგვიანებით ამბობდა, რომ ამერიკელ ექიმებს ამის უფლება არ ჰქონდათ, რაკი შესანიშნავად იცოდნენ, რომ მახარაძე დიპლომატი იყო. დიპლომატი კი ხელშეუხებელია.

ექსპერტიზამ დაადგინა: გიგა მახარაძე ალკოჰოლური თრობის  ქვეშ იმყოფებოდა. თავად  ამბობდა, რომ დიპლომატიურ შეხვედრაზე იყო, სადაც (ზოგჯერ) დიპლომატიური ეტიკეტი და პროტოკოლიც კი მოითხოვს სასმელით ხელში ესაუბრო კოლეგას, თუმცა ამ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომას, რასაკვირველია, არანაირი გამართლება არა აქვს.

დიპლომატიური პროტოკოლი და საერთაშორისო პრაქტიკა, ასევე „დაწერილი კანონი“, მაგალითად ვენის კონვენცია, ასეთ შემთხვევებში მოითხოვს, რომ დიპლომატი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა იმ ქვეყანაში, სადაც აკრედიტებულია, დაუყოვნებლივ ბრუნდება სამშობლოში;  შემდეგ კი მის მიერ ჩადენილი კრიმინალისთვის  პასუხს აგებს თავისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. ანუ, ამ წესით, გიგა მახარაძე უნდა გამოეწვიათ ამერიკიდან, თბილისში კი ელოდა სასამართლო, რაკი ალკოჰოლური თრობის პირობებში უნებლიე მკვლელობა დანაშაულად ითვლებოდა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითაც.

ოღონდ ამერიკის იმდროინდელმა ადმინისტრაციამ, ბილ კლინტონის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა სხვაგვარად ემოქმედა: როდესაც გიგა მახარაძემ ამერიკის დატოვება სცადა, მანქანაში ჩაჯდა და აეროპორტისკენ გაემგზავრა, რამდენიმე ტელეარხმა პირდაპირი ტრანსლაცია ჩართო. ლამის ისეთივე სიტუაცია შეიქმნა ამერიკის გრანდიოზულ ტელე-სივრცეში, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილი სპორტსმენის, ო ჯეი სიმფსონის „გაქცევისას“.

არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, თუ გიგა მახარაძე აეროპორტამდე მიაღწევდა, ბილეთს აიღებდა და შეეცდებოდა ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებულიყო.

 ამ დროს ელჩი უილიამ კორტნი, პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციის დავალებით, ურეკავს ედუარდ შევარდნაძეს, რის შემდეგაც პრეზიდენტი მანქანაში, მობილურზე  ურეკავს დიპლომატ გიგა მახარაძეს და ვაშინგტონში დაბრუნებას უბრძანებს.

ეპიზოდმა ხაზი გაუსვა, რამდენად უფრთხილდებოდა საქართველოს ხელისუფლება ამერიკასთან ურთიერთობას

მახარაძე ბრუნდება. მცირე ხნის შემდეგ, ოფიციალური თბილისი მას დიპლომატიურ იმუნიტეტს უხსნის, დიპლომატს ასამართლებენ და რამდენიმეწლიან ციხეს უსჯიან. ოღონდ, საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარი მოლაპარაკებით მიაღწია,  ქართველი დიპლომატი ციხეზე ლმობიერ პირობებში (ბიბლიოთეკის თანამშრომლად) განწესებულიყო; ხოლო გარკვეული დროის შემდეგ მას საქართველოს გადმოსცემენ, სადაც კიდევ რამდენიმე თვეს მოიხდის და თავისუფლდება.

ამ ეპიზოდმა ხაზი გაუსვა, რამდენად უფრთხილდებოდა საქართველოს ხელისუფლება ამერიკასთან ურთიერთობას, რაკი ის ქვეყანა, უმძიმეს ვითარებაში, სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და არსებობის გარანტორი იყო.


ახალი ელჩი და ურთიერთობის ახალი სტილი


უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ლოიალობა და დაღუპული გოგონას ოჯახის მოთხოვნისადმი პატივისცემა ვაშინგტონში უპასუხოდ არ დაუტოვებიათ: უილიამ კორტნიმ საქართველო დატოვა 1998 წლის ივნისში, მის შემცვლელად კი კენეტ იალოვიცი დაინიშნა.

ყველა, ვისაც კი მასთან თბილისში ურთიერთობა ჰქონდა, ერთხმად აღნიშნავს:  სწორედ იალოვიცი გახდა ის ელჩი, რომელმაც სრულიად ახალი „სტილი“ შექმნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, გადაიყვანა ეს ურთიერთობები „თანამშრომლობის“ რანგში და ნაყოფიერად მუშაობდა უკვე არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ და ბიზნეს ელიტებთან.

 შემთხვევითი არ არის, რომ იალოვიცის დროს, ედუარდ შევარდნაძემ დაამკვიდრა ახალი წესი, როდესაც საინვესტიციო პროექტები ამერიკის ელჩის მონაწილეობთ განიხილებოდა მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის თავმჯდომარეობით: იალოვიცი ქართველ მინისტრებთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად იჯდა მაგიდასთან.

კენეტ იალოვიცმა დააორგანიზა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი ვაშინგტონში, როდესაც „ახალგაზრდა რეფორმატორები“ ხვდებოდნენ არა მხოლოდ მეორე-მესამე რანგის ჩინოვნიკებს, არამედ სენატორებს და ძალიან გავლენიან ფიგურებს თეთრ სახლში.

იმ დროიდან იწყება ამერიკის ეროვნული გმირის, სენატორ ჯონ მაკკეინის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ (ასევე სენატორების მაკკონელის, უორნერის და სხვათა). ამერიკის დემოკრატიულ მექანიზმთა სპეციფიკა ზუსტად ისაა, რომ არათუ თეთრი სახლის რომელიმე კლერკი, არამედ თვით სენატორიც კი, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საუბრის დაგეგმვისას, აუცილებლად გამოითხოვს, თანაშემწეთა მეშვეობით, ინფორმაციას იმ ქვეყანაში ამერიკის საელჩოდან.

ეს, ზოგადად, „დაუწერელი“, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში „დაწერილი“ წესია.

კენეტ იალოვიცმა, ისევე როგორც მისმა ორმა წინამორბედმა, ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი 1999 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილის „მოქალაქეთა კავშირს“, ხოლო 2000 წლის აპრილის საპარლამენტო არჩევნებზე - ედუარდ შევარდნაძეს. ეს არ იქნებოდა რთული, რაკი ამ ძალას იმ დროს არანაირი რეალური ალტერნატივა არ ჰყავდა: ასლან აბაშიძე, მისი „აღორძინების“ მეშვეობით, უბრალოდ თამაშობდა თბილისურ წინააღმდეგობებზე რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე და ეს ამერიკელებს არ გამოჰპარვიათ. მით უმეტეს „აღორძინების“ იმდროინდელი „ეკლექტური“ შემადგენლობის გათვალისწინებით: მამუკა გიორგაძიდან -  ვახტანგ რჩეულიშვილამდე.


რევოლუციური ცვლილებები


2002 წლის მაისში, ამერიკულ მისიას სათავეში ჩაუდგა რიჩარდ მაილსი. მისი დიპლომატიური საქმიანობა არა უბრალოდ დაემთხვა, არამედ შეუთავსდა (!) ისტორიულ ცვლილებას ჩვენს ქვეყანაში: „ვარდების რევოლუციასა“ ახალი პროდასავლური ხელისუფლების შექმნას. იმ აზრით, რომ წინა, ანუ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება, აგრეთვე პროამერიკული და პროდასავლური იყო, თუმცა ამერიკელებს სჭირდებოდათ, ეს ხელისუფლება, იმავდროულად, უნარიანი ყოფილიყო და საქართველო გამოეყვანა „არშემდგარი, კორუმპირებული, უიმედო წარმონაქმნის“ ჭაობიდან.

ელჩ მაილსის დროს, ამერიკის საელჩომ გააძლიერა ჟვანია-სააკაშვილის გუნდის მხარდაჭერა, რაც საბოლოოდ გამოიხატა იმით, რომ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, პრეზიდენტ შევარდნაძეს გამოუგზავნა წერილი, რომელშიც სიტყვა სიტყვით იყო ნათქვამი:  „მოვიდა დრო, ასპარეზი დაუთმოთ ახალ, რეფორმატორულ ძალებს“. ბუნებრივია, იგულისხმებოდა იგივე ჟვანია-სააკაშვილის გუნდი.

ჯორჯ ბუშმა, პრეზიდენტ შევარდნაძეს გამოუგზავნა წერილი, რომელშიც სიტყვა სიტყვით იყო ნათქვამი: „მოვიდა დრო, ასპარეზი დაუთმოთ ახალ, რეფორმატორულ ძალებს“. ბუნებრივია, იგულისხმებოდა იგივე ჟვანია-სააკაშვილის გუნდი

ასეთი წერილი იმას ნიშნავდა, რომ სწორედ საქართველოში ამერიკის საელჩოს მიწოდებული ანალიტიკური მასალებით, რეკომენდაციებით, პროგნოზებით, თეთრი სახლი მივიდა დასკვნამდე, რომ რეგიონში ამერიკის ინტერესებისთვის უკეთესი იქნებოდა,  შევარდნაძის „ჩაჩოჩება“ და მის ნაცვლად მაღალი პროდასავლური და რეფორმატორული ლეგიტიმაციის მქონე ძალების მოსვლა ქვეყნის ხელისუფლებაში. მით უმეტეს, რომ ეს ძალები თვით შევარდნაძის „გაზრდილებად“ და მისი გუნდის წევრებად ითვლებოდნენ. ამდენად, ვაშინგტონისთვის  სრულიად მოულოდნელი და გაუგებარი აღმოჩნდა ის მძაფრი (მეტი რომ არ ვთქვათ) რეაქცია, რაც  წერილს მოჰყვა ედუარდ შევარდნაძის მხრიდან: პრეზიდენტმა თქვა (ერთ კერძო საუბარში), რომ დაიბარებს ელჩ მაილსს და დაემუქრება დაუყოვნებლივ გადადგომით. გარდა ამისა, ხელისუფლების მითითებით, ქართული ელიტური ინტელიგენციის ჯგუფმა ღია წერილით მიმართა ელჩ მაილსს(!) და პროტესტი გამოთქვა „ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო“.

არადა, ამ მესიჯში  ამერიკელები ნამდვილად არ გულისხმობდნენ, რომ პრეზიდენტ შევარდნაძეს არ უნდა გაეგრძელებინა თავისი მოღვაწეობა 2005 წლამდე და რომ უნდა მომხდარიყო რევოლუცია. თუმცა ნამდვილად გულისხმობდნენ ხელისუფლების ტრანზიტს 2005 წელს. არც თვით რიჩარდ მაილსს არც მის ხელმძღვანელობას არ ჰქონდა გეგმაში რევოლუცია. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. თუნდაც ის, რომ სულ რამდენიმე წლით ადრე, ამერიკა ედუარდ შევარდნაძეს აჯილდოებდა და რეგიონში დემოკრატიის მთავარ მშენებლად აცხადებდა. გარდა ამისა,  შევარდნაძე დიქტატორი არასდროს ყოფილა და ეს ამერიკელებმა ძალიან კარგად იცოდნენ. თუმცა ხელისუფლებათა ცვალებადობა ამერიკის ურყევი პრიორიტეტია და თუ აქვთ საშუალება ეს პრიორიტეტი მშვიდობიანად, უსისხლოდ განახორციელონ, უეჭველად ახორციელებენ.

ელჩი მაილსი და მისი ხელმძღვანელები სახელმწიფო დეპარტამენტში სულ ბოლო მომენტამდე სთავაზობდნენ შევარდნაძეს კომპრომისებს „ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდთან“.  მაგრამ ყველა წინადადების არსი ის იყო, რომ 2005 წლიდან შევარდნაძე ხელისუფლებას უნდა ჩამოშორებოდა და მემუარები ეწერა.

საქართველოს მრავალწლიან მმართველს კი ჩაფიქრებული ჰქონდა შეექმნა სპეციალური საბჭო (ეროვნული უშიშროების საბჭოს ბაზაზე) და ზუსტად ისე, როგორც დღეს ყაზახეთის ლიდერმა, ნურსულთან ნაზარბაევმა გააკეთა, სწორედ ამ „გაძლიერებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს“ ჩასდგომოდა სათავეში 2005 წლის შემდეგ.

ელჩი მაილსი და მისი ხელმძღვანელები სახელმწიფო დეპარტამენტში სულ ბოლო მომენტამდე სთავაზობდნენ შევარდნაძეს კომპრომისებს „ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდთან“

ამ პირობით, შევარდნაძე მზად იყო, ნინო ბურჯანაძის „თოჯინა-პრეზიდენტობა“ გაეფორმებინა. შესთავაზა კიდევ ბურჯანაძეს, თავისი „ახალგაზრდობის მეგობრის“, ანზორ ბურჯანაძის მეშვეობით, მაგრამ სასტიკი უარი მიიღო: ქალბატონი ნინო სრულფასოვან პრეზიდენტობას აპირებდა მაშინ და არა „თოჯინობას“.

რასაკვირველია, ასეთ „ტრანზიტს“ ამერიკელები „ხელს არ მოაწერდნენ“ არც ერთ შემთხვევაში, ხოლო სააკაშვილი და ჟვანია არ დაუშვებდნენ.

ამერიკელთა ბოლო კომპრომისული წინადადების ავტორი ისევ ელჩი მაილსი გახდა. სწორედ მისი მონაწილეობით შემუშავდა გეგმა, რომელსაც ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძეც იზიარებდნენ: 2003 წლის 18 ნოემბერს, ანუ რევოლუციამდე რამდენიმე დღით ადრე, ისინი მივიდოდნენ ედუარდ შევარდნაძესთან, ჩაატარებდნენ ერთობლივ პრეს-კონფერენციას ელჩ მაილსის მონაწილეობით, რომელზეც შევარდნაძე განაცხადებდა, რომ 2 ნოემბრის არჩევნები საქართველოში ჩაიშალა, არ შედგა, ამიტომ გაზაფხულზე ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ხოლო ედუარდ შევარდნაძე რჩება პრეზიდენტად 2005 წლის აპრილამდე. იმ დროს ამერიკელებს და პირადად ელჩ მაილსს უკვე ძალიან აშფოთებდათ მიხეილ სააკაშვილის რადიკალიზმი.

ეს გეგმა, ანუ  საპარლამენტო არჩევნების შედეგთა გაუქმება, კატეგორიულად მიუღებელი იყო მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელსაც მიაჩნდა, რომ 2 ნოემბრის არჩევნები მისმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო. მაგრამ ჟვანია-ბურჯანაძესა და სააკაშვილს შორის  ფარული უთანხმოება არ გამჟღავნდა, რაკი კომპრომისი არ შედგა. შეთანხმება ჩაიშალა ორი მიზეზით: ეროსი კიწმარიშვილის „რუსთავი-2“-მა  მოსალოდნელი გარიგება „რევოლუციური საქმის ღალატად“ გამოაცხადა და არც თვითონ შევარდნაძე იყო აღფრთოვანებული 2005 წელს ზურაბ ჟვანიას გუნდისთვის ძალაუფლების გადაბარების პერსპექტივით.

მაშინ ელჩმა მაილსმა „ხელები დაიბანა“ და როდესაც რევოლუცია მოხდა, ყველაფერი იღონა, ახალ ხელისუფლებას ამერიკული  „ლეგიტიმაცია“ ჰქონოდა. სწორედ მისი რეკომენდაციით, სახელმწიფოს მდივანმა კოლინ პაუელმა ერთ-ერთ ევროპულ ფორუმზე პირველად ახსენა „ვარდების რევოლუცია“, შემდეგ ტელეფონითაც ესაუბრა რევოლუციის ლიდერს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში მიიწვიეს.


ომის საფრთხე


ელჩი მაილსი ჯონ ტეფტმა შეცვალა 2005 წელს. მას ერთადერთი ამოცანა ჰქონდა: როგორმე არ დაეშვა გართულებათა ომში გადაზრდა აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში. ჯონ ტეფტმა  კარგად იცოდა, რომ ამ პროვოკაციათა ავტორი მოსკოვი იყო. მისი  ფარული უთანხმოება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან მხოლოდ ამ პროვოკაციებზე რეაგირების ხარისხს და შინაარსს შეხებოდა. 

თუმცა, ძალიან საეჭვოა, ან ელჩ ტეფტს ან მის ხელმძღვანელობას რაიმე მკაფიო გეგმა შეთავაზებინათ პრეზიდენტისთვის, თუ კონკრეტულად როგორ, რა გზით, რა ნაბიჯებით შეიძლებოდა ომის თავიდან აცილება. ბოლოს ელჩმა  ურჩია სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს, პირადად ჩამოსულიყო საქართველოში, შეხვედროდა სააკაშვილს და ეთხოვა, არ აჰყოლოდა პროვოკაციებს. კონდი რაისი მართლაც ჩამოვიდა, თუმცა უკვე ყველაფერი ძალიან გვიან იყო: პოსტსაბჭოურ  სივრცეზე „ფერადი რევოლუციების“ გამავრცელებელი საქართველოს უსასტიკესად დასჯა რუსებს მტკიცედ და საბოლოოდ ჰქონდათ გადაწყვეტილი.

იმდროინდელი სახელმწიფო მინისტრი (კონფლიქტების დარგში), თემურ იაკობაშვილი სააკაშვილთან რაისთან შეხვედრას ასე იხსენებდა: „განუწყვეტლივ იმეორებდნენ, თუ რა არ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ არ გვეუბნებოდნენ, რა უნდა გაგვეკეთებინა“.

უშუალოდ ომის დაწყებისას, ჯონ ტეფტმა ვაშინგტონს შეატყობინა, რომ სამხედრო კონფლიქტის მიზეზი ნამდვილად გახდა ოსური ფორმირებების მიერ ლიახვის ხეობის ქართული სოფლების დაბომბვა და იქ ეთნოწმენდის მომზადება, ხოლო საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდა კატასტროფული არჩევანის წინაშე: ან ჩარეულიყო მთელი ძალით და ამით გამოეწვია ღია ომი რუსეთთან ან „შორიდან ეყურებინა“, როგორ გამოდევნიდნენ ლიახვის ხეობიდან, ასევე აფხაზეთის კოდორის ხეობიდან ქართველებს „ოსებად გადაცმული რუსები“ და „აფხაზებად გადაცმული რუსები“, ხოლო შემდეგ დამხობილიყო ქართული ოპოზიციის („რატომ არ ჩაერიეთ დროზეო“) და გაგიჟებული ლტოლვილების ერთობლივი მოქმედებით თბილისში.



WTO - თბილისის პირობები


2009 წლის ოქტომბრიდან, ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასია. მისი „ელჩობა“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის მეორე ეტაპს: სააკაშვილის კადენცია ორ პერიოდად იყოფა არა არჩევნების მიხედვით, არამედ 2008 წლის აგვისტოს ომამდე და აგვისტოს ომის შემდეგ. 

„ხუთდღიანი ომით“ დაზაფრულმა დასავლეთმა რუსეთის აგრესიის მსხვერპლ ქვეყანას სამხედრო ემბარგო გამოუცხადა და თავდაცვით იარაღსაც კი არ გვაწვდიდა. თუმცა, იმავე დასავლეთს საქართველო სჭირდებოდა ერთ დელიკატურ საკითხში: მაშინ დასავლეთი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა რუსეთი შემოეყვანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

მოლაპარაკებები ელცინის დროიდან, ანუ 1992 წლიდან მიმდინარეობდა. თუმცა, ბოლოს, საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთის წევრობას ვეტო-ს ადებდა. 
აქ ცენტრალური როლი დაეკისრა ელჩ ბასს. სწორედ იგი იქცა მთავარ „მესენჯერად“ ბარაქ ობამას ადმინისტრაციასა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის იმ პირობებში, როდესაც ობამა - მედვედევთან „გადატვირთვას“ ავითარებდა. ანუ ერთის მხრივ, მოსკოვის განაწყენება არ უნდოდა, მეორეს მხრივ თბილისის თანხმობაც სჭირდებოდა. 

სხვა გამოსავალი არ იყო და თუ სურდათ მიეღოთ საქართველოს თანხმობა რუსეთის WTO-ში გაწევრებაზე, ობამა უნდა შეხვედროდა სააკაშვილს და საჯაროდ, ტელეკამერების წინ ხელი ჩამოერთმია

ელჩი ბასი ლამის ყოველ დღე ესაუბრებოდა  საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებს და ბოლოს სააკაშვილისგან მიიღო მკაცრი პირობა: შეიქმნას „სავაჭრო დერეფნები“ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ გავლით, მაგრამ შეთანხმება გაფორმდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე შევხვდები პირადად ბარაკ ობამას.

სააკაშვილს ობამასთან შეხვედრა როგორც შიდა, ასევე საგარეო-პოლიტიკური მოსაზრებებით ესაჭიროებოდა. მაგრამ ობამას ძალიან არ უნდოდა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმავე მიზეზით, რატომაც დე-ფაქტო ემბარგო გამოუცხადა ჩვენს ქვეყანას - რაკი მოსკოვი ეჭვის თვალით უყურებდა თბილისთან ნებისმიერ კონტაქტს.

თუმცა სააკაშვილი ჯიუტად იდგა თავის პოზიციაზე და ბოლოს სწორედ ჯონ ბასმა ურჩია ობამას ადმინისტრაციას, რომ სხვა გამოსავალი არ იყო და თუ სურდათ მიეღოთ საქართველოს თანხმობა რუსეთის WTO-ში გაწევრებაზე, ობამა უნდა შეხვედროდა სააკაშვილს და საჯაროდ, ტელეკამერების წინ ხელი ჩამოერთმია......უნდოდა ეს თუ არა.
რამდენიმე წლის შემდეგ კი ეს ისტორია, შეიძლება ითქვას, კომიკურად დასრულდა: მას შემდეგ რაც ამერიკამ, ევროპამ, ერთობლივი ძალისხმევით, ტიტანურად იბრძოლეს რათა რუსეთი შემოეყვანათ  უნივერსალურ სავაჭრო ორგანიზაციაში და საქართველოსაც აფრთხილებდნენ: „მსოფლიოს სჭირდება რუსეთი აქ წევრად და ხელს ნუ გვიშლითო“, რუსეთმა დაიპყრო ყირიმი, მოახდინა დონბასის ანექსია და იმ WTO-ს წესდება პირდაპირ „თავზე დაახია“ დასავლეთს, რაკი დასავლური პროდუქციის იმპორტი ცალმხრივად აკრძალა.



ხუთდღიანი ომი



რიჩარდ ნორლანდი (აგვისტო 2013 - სექტემბერი 2016) ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მაღალი კლასის ამერიკელი დიპლომატია, ვისაც საქართველოში უმსახურია. მისი ამოცანა იყო, სახელისუფლებო ტრანზიტის პირობებში, „აეშენებინა“ ურთიერთობები ახალ ხელისუფლებასთან ისე, რომ შეენარჩუნებინა ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ორივე ამოცანას ელჩმა ნორლანდმა ბრწყინვალედ გაართვა თავი. ბუნებრივია ითვალისწინებდა, რომ მილიარდერ ივანიშვილს არ აწყობდა ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭება, ერთხელ ნორლანდს საჯაროდ „გენიოსიც“ კი უწოდა: „ამერიკას საქართველოში გენიალური ელჩი ჰყავსო“.

ახალმა ელჩმა რამდენჯერმე სცადა სააკაშვილისა და ივანიშვილის არა შერიგება (რაც აბსოლუტურად შეუძლებელი იყო) არამედ „მორიგება“. პირადად შეხვედრაც  დააორგანიზა ამერიკის ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე. თუმცა ნორლანდი ითვალისწინებდა სად გადის ზღვარი შეუძლებელსა და შესაძლებელს შორის. ამიტომ, როდესაც ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მიხეილ სააკშვილის წინააღმდეგ მიუხედავად ვაშინგტონის არაერთგზის გაფრთხილებისა ეს არ გაეკეთებინა, თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს მაინც არ ჩათვალეს იმ დონის დარღვევად, ივანიშვილთან თავდაპირველი შეთანხმების დარღვევად მიჩნეულიყო. მით უმეტეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იყო დაპატიმრებული რეალურად და ოფიციალური თბილისი არ ითხოვდა ევროპა-ამერიკიდან მის ექსტრადიციას. ეს უკვე თავისთავად მიიჩნეოდა კომპრომისად.

სწორედ რიჩარდ ნორლანდმა უზრუნველჰყო ვაშინგტონის „გადაწყვეტილების მიმღებთა“ წრეში ის გაგება და მიდგომა, რომ ამერიკა ვალდებულია არც ერთი „ნამცეცით“ არ მისცეს მოსკოვს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ანექსიის „გაპრავების“ საშუალება

რიჩარდ ნორლანდმა „ააწყობინა“ ოცნების ხელისუფლებას ურთიერთობა პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაციასთან. ეს არ უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით ძნელი, რადგან ობამა ამერიკული ელიტის იმ ნაწილს წარმოადგენდა, ვინც საშინლად უკმაყოფილო იყო მიხეილ სააკაშვილით, ვისაც „რუსეთთან დაპირისპირების პროვოცირებაში“ და „უპასუხისმგებლობაში“ ადანაშაულებდა. სწორედ ობამას ადმინისტრაციამ (სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა) დაიწყო მოსკოვთან ე.წ. „გადატვირთვის“ პოლიტიკა. მაშინ ჯერ კიდევ რამდენიმე წელი რჩებოდა უკრაინის ნაწილობრივ ანექსიამდე და იმ დასავლურ ძალებს, ვისაც ომში საქართველოს დადანაშაულება უფრო აწყობდა, იმის საშუალებაც ჰქონდათ, საქართველო „პროვოკატორად“ მიეჩნია. ოღონდ ელჩი ნორლანდი, როგორც ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ელემენტარულად ჭკვიანი ადამიანი, შესანიშნავად ხვდებოდა, ვინ იყო ნამდვილი დამნაშავე „ხუთდღიან ომში“. ამიტომ, სწორედ რიჩარდ ნორლანდმა უზრუნველჰყო ვაშინგტონის „გადაწყვეტილების მიმღებთა“ წრეში ის გაგება და მიდგომა, რომ ამერიკა ვალდებულია არც ერთი „ნამცეცით“ არ მისცეს მოსკოვს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ანექსიის „გაპრავების“ საშუალება. რამდენად მართალი და შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა ეს „ბებერი მგელი-დიპლომატი“.


„აქტიური დაკვირვების“ ფაზა


2016 წლის სექტემბრიდან - 2018 წლის მარტამდე ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობას იენ კელი ხელმძღვანელობდა. ეს პერიოდი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში შეიძლება შეფასდეს, როგორც „აქტიური დაკვირვება“:  ვაშინგტონი აფასებდა ძალთა რეალურ განლაგებას საქართველოში და როგორც ყოველთვის (ეს ამერიკული დიპლომატის ურყევი კანონია) ცდილობდა თანაბრად კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჰქონოდა როგორც მმართველ პარტიასთან, ასევე ოპოზიციასთან. ეს იოლად შესამჩნევი იყო ოპოზიციურ ლიდერთა (დავაკვირდეთ, რომ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“) წარმომადგენლების მიწვევით ამერიკაში, საკმაოდ მაღალ დონეზე შეხვედრებით, ასევე ოპოზიციურ ლიდერთა მიწვევით საელჩოს მიღებებზე (ეს ძალიან დახვეწილი დიპლომატიური ტექნოლოგიაა) და რაც მთავარია, განცხადებებით „პირობით მხარდაჭერის“ შესახებ - „რეფორმათა გაძლიერების“ მოთხოვნით.

იენ კელლის დროს უკვე ცხადი იყო, რომ რუსეთი არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიათა, არამედ მეზობელი ქვეყნების (არა მხოლოდ უკრაინის) „ფრაგმენტულ“ ანექსირებას ცდილობს. ბუნებრივია, ამ „შეგნებამ“ გავლენა მოახდინა საქართველოს და სხვა „ფრონტისპირა“ ქვეყნებისადმი ვაშინგტონის დამოკიდებულებაზეც. ეს უკვე სწორედ ვაშინგტონის გადაწყვეტილება იყო და არა იენ კელლის ანუ საქართველოში ამერიკის ელჩის.

ამ ელჩის დროს საქართველომ და ამერიკამ აღნიშნეს დიპლომატიურ ურთიერთობათა 25 წლისთავი. რა თქმა უნდა, ამგვარ „იუბილეს“ ამერიკა ყველა ქვეყანაში აღნიშნავს, მაგრამ „მასშტაბს“ და თანამდევ ვიზიტებს განსაზღვრავს ხოლმე ელჩი. ამიტომ, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის მოდალობებს სწორედ ელჩის ინფორმაცია განაპირობებს. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი, ვინ არის ელჩი და რამდენად კვალიფიციური (და კეთილგანწყობილი!) დიპლომატია იგი. 

იმედი ვიქონიოთ, ახალი ელჩი კელი დეგნანი სწორედ კეთილგანწყობილი იქნება ჩვენი ქვეყნის და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ და ხელს შეუწყობს პლურალისტური დემოკრატიის დაფუძნებას 2020 წლის არჩევნების შედეგად.


დათო გამცემლიძე



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი