სტატიები
„სატელეფონო მართლმსაჯულების“ ხმაურიანი საქმეები: დახვრეტილი, გადამდგარი და გავლენიანი პირველები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1323 12 ოქტომბერი 2019, 16:33

მართლმსაჯულების უმაღლესი ინსტანციის თავმჯდომარეობა განსაკუთრებულად პრესტიჟულია ყველგან და ყოველთვის. მათ შორის, საქართველოშიც. თუმცა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ის ყოველთვის იყო „პოლიტიკური თანამდებობა“. ამ სტატუსის მატარებლები ხდებოდნენ მართალია, ძალზე მაღალი კვალიფიკაციის იურისტები, თუმცა, რეჟიმის ან მმართველი პოლიტიკური პარტიისთვის სასურველი ფიგურები. ფორმულა მარტივია - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე „შენია“, ძალაუფლება გამყარებულია. საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში  ძალზე ცოტა შემთხვევა იყო, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ იყო ხელისუფლების მორჩილი და არ ახორციელებდა  „სატელეფონო მართლმსაჯულებას“.


პირველი თავმჯდომარე დახვრიტეს

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 100 წლის განმავლობაში 23 თავმჯდომარე ჰყავდა. პირველი  - დავით ხელთუფლიშვილი არ გახდა  ბოლშევიკური ხელისუფლების თანამოაზრე და ის დახვრიტეს.

დავით ხელთუფლიშვილი უზენაეს სასამართლოს 2 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა 1919-1921 წლებში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ,1921 წელს ის ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დახვრიტა. სამწუხაროდ, მისი საქმიანობის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ უზენაესი სასამართლოს მეორე თავმჯდომარე გალაქტიონ ვაშაძე და მომდევნო კონსტანტინე ცინცაძე. ისინი ძალიან ცოტა ხანს, სულ რაღაც ორ-ორი წელი მუშაობდნენ სასამართლოში, რეჟიმთან შეუთავსებლობის გამო დატოვეს სამსახური და მალევე, ორივე  სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. იგივე ბედი ეწია მეოთხე თავმჯდომარეს - ალექსანდრე  კაჭარავას, ისიც ორი წელი მუშაობდა სასამართლოს თავმჯდომარედ - 1924-1926 წლებში და დაიღუპა 1937 წელს ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიების შედეგად.


„ტროიკის“  სასამართლოს მმართველი

1928-1931 წლებში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მეხუთე თავმჯდომარე იყო, სისასტიკით ცნობილი „ტროიკის“ წევრი ილარიონ ტალახაძე.

ის საქართველოში 1921 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაბრუნდა და დაინიშნა სამხედრო-რევოლუციური  ტრიბუნალის თავმჯდომარედ. იყო სამხედრო-საზღვაო შტაბის კომისარია, შინაგან საქმეთა კომისრის მოადგილე, აღმოსავლეთ საქართველოს პროკურორი.

დიდი სამამულო ომის წლებში იყო რესპუბლიკის პროკურორი და ისტორიაში შესულია როგორც იმ პერიოდის უსასტიკესი ჯალათი.   

ტალახაძე მართავდა „ტროიკის“ სასამართლოს და ამ დროს სასტიკად უსწორდებოდნენ ადამიანებს - „ხალხის მტრებს“ უმძიმებდნენ ბრალდებებს, ხვრეტდნენ აბსურდული დანაშაულებებისთვის

მის სახელთანაა დაკავშირებული შორაპნის ანტისაბჭოთა აჯანყების დახვრეტა. შემორიგებული აჯანყებულების ვაგონებში დახვრეტის ბრძანება სწორედ მან გასცა. როგორც კი ვაგონის ყველა კარი გააღეს, ტალახაძემ სულთმობრძავი ადამიანები მაუზერით დახოცა. 

ტალახაძე მართავდა „ტროიკის“ სასამართლოს და ამ დროს სასტიკად უსწორდებოდნენ ადამიანებს - „ხალხის მტრებს“ უმძიმებდნენ ბრალდებებს, ხვრეტდნენ აბსურდული დანაშაულებებისთვის, მაგალითად, პროდუქტების დამალვისთვისაც  კი.

მეექვსე თავმჯდომარე იყო ივანე ბოლქვაძე. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ საქმიანობაში. 1931-1937 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. დაიღუპა 1938 წელს - ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიების შედეგად.

უზენაესი სასამართლოს მომდევნო, მეშვიდე თავმჯდომარე 1937-1938 წლებში იყო მიხეილ ისაკაძე და მან მხოლოდ ერთი წელი დაჰყო ამ თანამდებობაზე.

კომუნისტური სასამართლოს მერვე ხელმძღვანელი იყო აკაკი ჯავახია, მან ცხრა წელი იმუშავა სასამართლოში და კომუნისტურ რეჟიმს ემსახურა.

კომპარტიას თავდადებით ემსახურა მიხეილ  ლომიძეც. პარტიული ერთგულებისთვის ის  ორჯერ აირჩიეს უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ: 1949-1951 წლებში და 1957-1959 წლებში. საერთო ჯამში, ის 4 წელი იყო საქართველოს მთავარი მოსამართლე.

საბჭოთა საქართველოს მე-10 მთავარი მოსამართლე იყო ბორის ფურცხვანიძე, რომელიც პროკურატურიდან მივიდა სასამართლოში, სადაც ორი წელი იმუშავა.  

უმაღლესი სასამართლოს მე-11-ე თავმჯდომარე იყო აკადემიკოსი ისიდორე  დოლიძე, რომელიც სამეცნიერო-პედაგოგიური  სფეროდან მივიდა სასამართლოში, სადაც სამი წელი იმუშავა.

მომდევნო, მე-12-ე თავმჯდომარე ორი წელი იყო  მიხეილ  ვეფხვაძე.  შემდეგ, ერთი წელი ეკავა ეს თანამდებობა რიგით მე-13 თავმჯდომარეს -  ემენ ტაკიძეს. პედაგოგიური და სამეცნიერო სფეროდან მივიდა სასამართლოში ასევე, ვლადიმერ მაისურაძე. ის 1962 წელს აირჩიეს   სასამართლოს მე-14-ე თავმჯდომარედ და ამ თანამდებობაზე იმუშავა 8 წელი. მე-15-ე იყო სერგო  ქაჯაია - 1970-72 წლებში.


კარანაძის 18-წლიანი ეპოქა

მას შემდეგ, რაც 1972  წელს ცეკას პირველი მდივანი გახდა ედუარდ შევარდნაძე  საქართველოს სსრ-ის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს  აკაკი კარანაძე. ქართულ საბჭოთა სასამართლო სისტემაში „კარანაძის ეპოქა“ 18 წლის განმავლობაში იდგა. კარანაძე იყო კომპარტიის  ბოლო, მე-18-ე მთავარი მოსამართლე. მუშაობდა  ბოლო სამ ცეკას მდივანთან. 13 წელი მსახურობდა ედუარდ შევარდნაძესთან, მისი მოსკოვში წასვლის შემდეგ, 4  წელი ჯუმბერ პატიაშვილთან და, ბოლოს, ერთი წელი, 1990 წლამდე, გივი გუმბარიძესთან.


საბჭოთა  ,,სატელეფონო მართლმსაჯულება’’ 

თუ საბჭოური, უძრაობის ხანის სამართალწარმოებას გადახედავთ, განსაკუთრებით,  გასული საუკუნის 70-იანის წლების დასაწყისიდან, 90-იანი წლების დასაწყისამდე,  საბჭოური რეჟიმის დაღი იმდროინდელ სამართალწარმოებას ყველა სხვა სფეროზე მეტად ატყვია. მიმართულება, რომელზეც საბჭოთა კანონდამცველები მუშაობდნენ, სსრკ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 96 პრიმა მუხლით, ასე იყო განმარტებული  - დიდი რაოდენობით სახელმწიფო ქონების დატაცება და ბრალდებული ისჯებოდა სასჯელის უმაღლესი ზომით - დახვრეტით.

გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, როცა საქართველოს სათავეში  კომუნისტური ხელისუფლება იდგა, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე მართავდა, საბჭოთა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს დარბაზებში ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდა პროლეტარიატის კუთვნილების “შემჭმელთა” ხმაურიანი სასამართლო პროცესები. საბჭოელი მოსამართლეები “კომბინატორებს” „ცეხავიკებს“, „მაქინატორებს“, რაიკომის მდივნებს სამაგალითოდ, სასჯელის უმაღლესი ზომით - დახვრეტით უსწორდებოდნენ.

სასჯელის ფორმა, რომელშიც, უმეტეს შემთხევვაში, სამასოიანი განაჩენია ჩაწერილი - ს.გ.დ. ანუ, სასჯელად განესაზღვროის დახვრეტა

უზენაესი სასამართლოს არქივს შემორჩენილ იმდროინდელ სტატისტიკურ ბარათებში კომპარტიის მოღალატეთა ვინაობის გვერდით არის გრაფა -  სასჯელის ფორმა, რომელშიც, უმეტეს შემთხევვაში, სამასოიანი განაჩენია ჩაწერილი - ს.გ.დ. ანუ, სასჯელად განესაზღვროის დახვრეტა. 70-80-იანი წლების საარქივო ბარათებში ნათლად ჩანს, რომ  იმ პერიოდის ყველაზე მძიმე და ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად დიდი რაოდენობით სახელმწიფო ქონების დატაცება ითვლებოდა. მაშინდელი კარტოთეკის ბარათებში სხვა კატეგორიის დანაშაულს თითქმის ვერ შეხვდებით და სასჯელის სახე უმეტეს შემთხვევაში, დახვრეტაა.

შექმნილ გახმაურებულ საქმეებს – მეღვინეების, წვენების,  საკონსერვოს, შამპანურის, იუზა კობახიძის, ანანიაშვილის, ლაზიშვილების, გელბახიანის,  ხაბეიშვილის, ნაზი შამანაურის, "თვითმფრინავის ბიჭების"  და ყველა სხვა დიდი საქმეები, რომელთაც  “შევარდნაძის საქმეებს” უწოდებდნენ,  აკაკი კარანაძის სასამართლომ განიხილა და ბრალდებულები სამაგალითოდ დასაჯა.  კარანაძე საბჭოთა „სატელეფონო მართლმსაჯულებას“ 18 წელი მართავდა.


დამოუკიდებელი საქართველოს პირველი და რიგით მე-19  „მთავარი მოსამართლე“

მინდია  უგრეხელიძე 1990 წელს 28 ოქტომბერს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად, ხოლო 1990 წლის 27 დეკემბერს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ის იყო დამოუკიდებელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პირველი თავმჯდომარე და რიგით მე-19.

90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს სათავეში მოსულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ “საბჭოეთის მოღალატეებს” კომუნისტური ცოდვები შეუნდო. საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ გამოცემული ფართომასშტაბიანი ამნისტიით, ორთაჭალის ციხის რკინის გისოსებს სსრკ-ს ლიდერების  მიერ მაქინატორობაში დადანაშაულებულნი და დახვრეტას გადარჩენილებიც დაემშვიდობნენ.    

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შეთავაზებაზე ჩაებარებინა უზენაესი სასამართლოს სავარძელი, მინდია უგრეხელიძემ ერთი პირობა წაუყენა - უნდა გაეუქმებინათ სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა (აღსანიშნავია, რომ წლების შემდეგ, დახვრეტაზე მორატორიუმის გამოცხადება  და ამ სანქციის საერთოდ გაუქმება სწორედ მინდია უგრეხელიძის დამსახურებაა). ასეც მოხდა, გარდა მკვლელობისა და გაუპატიურებისა, ყველა  სხვა დანაშაულს მოეხსნა ეს უმძიმესი სადამსჯელო სანქცია. შესაბამისად, უძრაობის პერიოდიდან გარდაქმნის, ხოლო შემდგომ  - ეროვნულ ეპოქაში გადასვლამ ქართულ სამართალწარმოებასაც დაატყო კვალი. უკვე 90-იანი წლების დასაწყისიდან “სახელმწიფო ქონების შემჭმელთა” რიცხვმა საგრძნობლად იკლო, ფაქტობრივად, გაქრა და იგი გადაფარა, შეიძლება ითქვას, ძალადობრივი კატეგორიის დანაშაულებმა: მკვლელობებმა, ყაჩაღობამ, ძარცვამ, ბანდიტიზმმა, ტერაქტებმა, სამშობლოს ღალატმა.  

მინდია უგრეხელიძეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, მისი მაღალი კვალიფიკაციის გამო დანიშნა ზვიად გამსახურდიამ, „თბილისის ომის“ შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა ედუარდ შევარდნაძემაც „ჩაიბარა“ სასამართლო, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში არეული ქვეყნის დალაგებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

90-იანი წლებში უზენაესი სასამართლო ხმაურიანი პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრი იყო

ქვეყნის დალაგება ზვიადისტებით დაიწყეს და ფაქტობრივად, ყველა ლიდერი გასამართლდა - სამშობლოს ღალატის ბრალდებით; გასამართლდნენ მხედრიონელთა ლიდერებიც - სამშობლოს ღალატისთვის; გასამართლდნენ და ციხეები  გაივსო გვარდიელებით, სხვადასხვა დაჯგუფების და საძმოების წევრებით... გასამართლდა თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი  - 90-იანი წლებში უზენაესი სასამართლო ხმაურიანი პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრი იყო.

მინდია უგრეხელიძე  9 წელი იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 1999 წელის  შეუწყდა უფლებამოსილება, რადგან  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.   

აღსანიშნავია, რომ 1997 წელს მინდია უგრეხელიძის თავმჯდომარეობის დროს დაიწყო სასამართლო რეფორმა, რომლის სამთავრებო კომისიის თავმჯდომარეც თავად იყო. ამ კომისიის დამსახურებაა არა ერთი საკანონმდებლო რევოლუციური ცვლილება, რომლითაც საბჭოთა კანონმდებლობიდან გათავისუფლება დაიწყო.

მიუხედავად არა ერთი დამსახურებისა და უმაღლესი რანგის კვალიფიკაციისა , მინდია უგრეხელიძე მაინც ითვლებოდა შევარდნაძის  და, შესაბამისად,  „სატელეფონო მართლმსაჯულების“ თავკაცად.

შევარდნაძის მესამე და დამოუკიდებელი საქართველოს მე-20 თავმჯდომარე

ლადო ჭანტურია 5 წელი - 1999-2004 წლებში იყო   უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ის 1992 წლიდან მონაწილეობდა დამოუკიდებლობამოპოვებული საქართველოს ახალი კანონმდებლობის შექმნაში, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სამოქალაქო კოდექსისა და კერძო სამართლის სხვა კანონების დაწერაში. მისი თანაავტორობით მომზადდა კანონი „მეწარმეთა შესახებ“.  გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად მუშაობდა კერძო სამართლის რეფორმაზე საქართველოში.  თავმჯდომარეობდა ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელ ჯგუფს;  თავმჯდომარეობდა საქართველოს უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის უწყებათაშორის კომისიას.

შევარდნაძის კადრი  „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდებში რევოლუციონერ „სამეულთან“ თანამშრომლობდა, მათთან შეხვედრებზეც დადიოდა. აღსანიშნავია, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი და  ბათილად ცნო 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბოლნისის  შედეგები, რაც, ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ.

თუმცა, საბოლოოდ, ლადო ჭანტურიასა და მიხეილ სააკაშვილის გზები გაიყარა - პოლიტიკური შეუთავსებლობის გამო.   

2004 წლის 15 ივნისს, უზენაეს სასამართლოში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილიც ესწრებოდა,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურიამ განაცხადა: „ვთვლი, რომ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები ამ თანამდებობაზე, ყველაფერს აქვს დასაწყისი დასასრული“ და გადადგა.      

პრეზიდენტმა  სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა ჭანტურიას ღვაწლზე და რა თქმა უნდა, ლადო ჭანტურიას გადაწყვეტილება დააკმაყოფილა. ლადო ჭანტურია საქართველოში არ დარჩენილა, ის ფაქტობრივად, პოლიტიკურ ემიგრაციაში წავიდა გერმანიაში, სადაც წლები საქმიანობდა.



მიხეილ სააკაშვილის პირველი „პირველი მოსამართლე“

ლადო ჭანტურია რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩმა, ნაციონალმა კოტე კემულარიამ ჩაანაცვლა, რომელმაც სახელისუფლებო ფრაქციისგან სრული მხარდაჭერა მიიღო. ის იყო, უზენაესი სასამართლოს 21-ე თავმჯდომარე.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ სწორედ ამ დროს დაიწყო საუბრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნეიტრალური პიროვნების და არა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ.

კოტე კემულარია ძალზე ცოტა ხანს - სულ შვიდი თვე იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მას უფლებამოსილება შეუწყვიტეს თანაპარტიელმა პარლამენტარებმა იმის გამო, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმის შტურმი ვერ დაიწყო.  აღსანიშნავია, რომ კოტე კემულარიას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ დამფინანსებლად ითვლებოდა,  მოგვიანებით, ქვეყნის დატოვებაც კი მოუწია ნაციონალური ხელისუფლების მიერ შექმნილი პოლიტიკური თუ სამართლებრივი პრობლემების გამო.  


სააკაშვილის ხელისუფლების ბოლო „მთავარი მოსამართლე“


2005 წლის 23 თებერვალს კოტე კემულარია  შეცვალა ასევე, ნაციონალმა კონსტანტინე კუბლაშვილმა. აკაკი კარანაძის მერე ის მეორე თავმჯდომარეა, რომელიც ხანგრძლივად, 10 წლის განმავლობაში ატარებდა ამ სტატუსს. კოტე კუბლაშვილი ქართული მართლმსაჯულების უმაღლესი ინსტანციის 22-ე თავკაცი იყო.

კუბლაშვილის თავმჯდომარეობის დროს დაიწყო სასამართლო სისტემის „წმენდა“ - მოსამართლეების დაჭერა, სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით მათი სამსახურიდან დათხოვნა. საბოლოოდ, ძველი კადრი ახლით ჩაანაცვლეს.  გაუმჯობესდა მოსამართლეთა სოციალური მდგომარეობა, მათ მიიღეს გაზრდილი და სტაბილური ხელფასები და ყველანაირი სოციალური გარანტიები. სასამართლო სისტემა ტექნიკურად   ევროსტანდარტების დონეზე განახლდა და აღიჭურვა. რადიკალურად შეიცვალა მოსამართლეთა დანიშვნის წესიც. ერთი სიტყვით, სასამართლო სისტემა  ძირეულად შეიცვალა და ის, ყველა მიმართულებით განახლდა.  თუმცა, ყველაზე მთავარი - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა დადგა სერიოზული საფრთხის ქვეშ. სასამართლო სისტემა გახდა პროკურატურის მორჩილი და მისი გადაწყვეტილების ნოტარიალურად გამფორმებელი, პოლიტიკური ტერორის იარაღი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი სასამართლო სისტემის ტექნიკურად გამართვას ხელმძღვანელობდა, რეალურად კი,  სასამართლო სისტემას პროკურატურა მართავდა, მთავარი პროკურორის ადეიშვილის კადრები - ჩინჩალაძე-ცერცვაძის კლანი. სასამართლოში გაიზარდა სიმკაცრით გამორჩეული და არაადექვატური გამამტყუნებელი განაჩენები და სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაფორმებული საპროცესო შეთანხმებები. ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდა პოლიტიკური სადამსჯელო პროცესები.  იმდროინდელი სასამართლოს უსამართლობის დასტურია სტატისტიკა: 00,1 პროცენტი გამამართლებელი განაჩენი.  

კოტე კუბლაშვილი 2015 წლის 23 თებერვალს დაემშვიდობა სასამართლო სისტემას - 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან კიდევ სამი წელი იმუშავა ამ თანამდებობაზე. მეტიც, „ქართული ოცნების“ ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეწვია კიდეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მართლმსაჯულების სასახლეში.  



უზენაესი სასამართლოს პირველი ქალი თავმჯდომარე

ნინო გვენეტაძე იმ მოსამართლეთა რიცხვში იყო, ვინც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩატარებული სასამართლოს წმენდის მსხვერპლი გახდა. რეპრესირებული წარსულის გამოც ნინო გვენეტაძე პრეზიდენტ მარგველაშვილს ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ და მისმა ლექტორმა ოთარ გამყრელიძემ წარუდგინეს, პრეზიდენტმა კი პარლამენტს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს იყო შემთხვევა, როცა ბიძინა ივანიშვილი არ ჩარეულა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაში, მისი მხარდაჭერის შესახებ მესიჯები დეპუტატებს არ მიუღიათ, რის გამოც, „ოცნების“ დეპუტატებში დაბნეულობაც  კი იყო.

თუმცა, ნინო გვენეტაძეს მმართველი კოალიციის გავლენიანი სუბიექტი „რესპუბლიკური პარტიის“ საპარლამენტო ფრთა ლობირებდა და ის აირჩია კიდეც პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს იყო შემთხვევა, როცა ბიძინა ივანიშვილი არ ჩარეულა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაში

პრინციპულობით და მებრძოლი წარსულით ცნობილი ნინო გვენეტაძისგან საზოგადოება სასამართლოსთვის დამოუკიდებლობის აღდგენას და კლანებისგან გასუფთავებას ელოდა. სამწუხაროდ, გვენეტაძე ძალზე სუსტი მენეჯერი აღმოჩნდა.

მალე,  „რესპუბლიკელების“ პროტეჟეს  გაძლიერებული კლანი დაუპირისპირდა ლევან მურუსიძის ლიდერობით.  უვადოდ დაინიშნა ყველა ის მოსამართლე, რომლის სახელიც არა ერთ გახმაურებულ საქმესთან იყო დაკავშირებული და გვენეტაძის გავლენა შესუსტდა.

საბოლოოდ, მოხდა ის, რომ ცნობილი გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეთა ტესტების წინასწარ გახსნის ფაქტი და მასთან ნინო გვენეტაძის სახელი დაკავშირდა. ფაქტის მოკვლევა იუსტიციის საბჭომაც დაიწყო და გენერალურმა პროკურატურამაც, თუმცა, მასზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია. არაოფიციალურად კი ითქვა, რომ გვენეტაძე „გამოიჭირეს“ და ამ ფაქტით აშანტაჟებდნენ.

თავის დროზე, იუსტიციის საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმაც  განაცხადა,  რომ  „კლანი“ გვენეტაძეს აშანტაჟებს.

ნინო გვენეტაძე სამი წელი ფლობდა უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სავარძელს და 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა პოსტი. განაცხადა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო  ვეღარ იმუშავებდა.

ამჟამად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას, მოადგილე მზია თოდუა ასრულებს. ვინ გახდება შემდეგი, 24-ე თავმჯდომარე ამაზე საუბარი ჯერჯერობით ძნელია. მართლმსაჯულების უმაღლესი ინსტანციის ხელმძღვანელი უზენაესი სასამართლოს 28-კაციანი შემადგენლობიდან ირჩევა.  

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს კონკურსის წესით არჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ამტკიცებს საკანონმდებლო ორგანო. აღნიშნული შემადგენლობიდან კი შეირჩევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

ამჟამად, უზენაეს სასამართლოში 11 მოსამართლეა, აქედან ორს შეუწყდა უფლებამოსილება ვადის ამოწურვის გამო, თუმცა დროებით გაუგრძელდათ  მასზე დაწერილი საქმეების საბოლოო განხილვამდე.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსის წესით შერჩეულ  სამოსამართლო კანდიდატებს უსმენს.  ვის დაუჭერს „ქართული ოცნება“ მხარს წინასწარ ძნელი სათქმელია.

უზენაესი სასამართლოს სამოსამართლო კანდიდატებს შორისაა შალვა თადუმაძე, მოქმედი გენერალური პროკურორი. თუ ოპოზიციის ვარაუდს ვენდობით,  სწორედ ისაა „ქართული ოცნების“ ფავორიტი და ის დაიკავებს უზენაესი სასამართლოს 24-ე თავმჯდომარის სავარძელს.

ინგა ალავიძე


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
„ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანებას, ფაქტია, ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
უცვლელი პრეზიდენტი, მაღალი ნდობა - რატომ იმარჯვებს ლავრენტი ალანია
არქივი