სტატიები
ამერიკული აგენტურა საქართველოში, ანუ მონები და მონის მონები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11400 30 აგვისტო 2022, 12:56


როგორც ცნობილია, ნებისმიერი დიდი სახელმწიფო, რომელიც სხვა ქვეყანაში თავისი გავლენის დამკვიდრებასა და გაფართოებას ცდილობს, ამ ამოცანისთვის უშიშროების სამსახურს აქტიურად იყენებს. ამ თვალსაზრისით, გამონაკლისი ვერ იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში ფესვების გადგმა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში, მისივე თანხმობით დაიწყო, ხოლო 2003 წელს შევარდნაძეს „ვარდების რევოლუცია“ მოუწყო და თავისი აგენტურა ხელისუფლებაში სრული მასშტაბით დაამკვიდრა. სწორედ ამერიკული კარტბლანშით შექმნა მიხეილ სააკაშვილმა სრული სახელისუფლო მონოპოლია, 2004 წელს ავტოკრატიული მმართველობის ინტერესებს მოარგო ქვეყნის კონსტიტუცია, ერთ ხელში მოაქცია ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაც, დაიმორჩილა ყველა მედიასაშუალება და ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრაციისთვის უმძიმესი რეპრესიული სისტემა დაამყარა. 

მაშინ წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები პრინციპულად დუმდნენ ყველა იმ მანკიერებაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარულ ძალაუფლებას განამტკიცებდა. ამის მიზეზი მარტივი იყო - ხელისუფლებაც და ეს არასამთავრობოებიც ერთი ქსელის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ერთადერთ ამოცანას, ამერიკის ხელით ქართული სახელმწიფოს მართვას ემსახურებოდნენ. ყველას გვახსოვს, რომ თავისი შინაარსით სრულიად ანტიდასავლური ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ძალზე ფართო საერთაშორისო მხარდაჭერითაც სარგებლობდა, რაც სრულიად ბუნებრივი იყო. ამერიკა თავის აგენტს საკუთარი სტრუქტურებით ამაგრებდა და იგივეს გაკეთება არც ევროპული სტრუქტურების მეშვეობით უჭირდა. ასე ჰარმონიულად იყო აწყობილი მართვის ამერიკული მანქანა საქართველოში, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავს უამრავი პრობლემა დაატეხა, თუმცა, ამერიკული ინტერესების გასატარებლად მუდმივ რეჟიმში იყო მომართული.

2012 წლის არჩევნების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ხელისუფლების მონოპოლია დათმო, თუმცა, დროებით დანაკარგს შედარებით მარტივად შეეგუა, რადგან ახალ კოალიციურ ხელისუფლებაში თავისი აგენტები მრავლად ეგულებოდა. ექვსი კოალიციური პარტიიდან ორის „ლიდერშიპი“ უშუალოდ მის აგენტურას წარმოადგენდა, ხოლო კიდევ ერთზე არაპირდაპირი გავლენა ჰქონდა. 2016 წელს კოალიციის სრული დაშლა ამერიკელებმა მძიმედ განიცადეს, თუმცა, ხელისუფლების მიმღებლობა გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნეს, რადგან წლების მანძილზე როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ასევე პრეზიდენტის პოსტზე აშშ-ს თავისი აგენტები მრავლად ჰყავდა წარმოდგენილი. ამერიკის უარყოფითმა განწყობამ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულ ნიშნულს 2021 წლის თებერვალში მიაღწია, როდესაც ხელისუფლება ამერიკული აგენტურისგან თითქმის მთლიანად გაიწმინდა. იმ მომენტიდან, ამერიკული სპეცსამსახურების ყველა აგენტი ოპოზიციაშია თავმოყრილი და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, აშშ ძალღონეს არ დაიშურებს, რომ ხელისუფლება შეცვალოს და ძალაუფლების სათავეში საკუთარი აგენტურა დააბრუნოს.

ბუნებრივია, აგენტების ქსელი შედარებით ღია და ფარული აგენტებისგან შედგება. ღია აგენტების გაშიფვრა ბევრად ადვილია, რადგან ისინი საჯარო ცხოვრებაში აქტიურად არიან წარმოდგენილი და საკუთარ თავს მარტივად წარმოაჩენენ. რაც შეეხება ფარულ აგენტურას, მისი გაშიფვრა ბევრად უფრო რთულია. შესაბამისად, დღეს მხოლოდ ღია აგენტურის სიაზე შევჩერდებით, რომელიც შედარებით მარტივად არის იდენტიფიცირებადი. 

რასაკვირველია, საქართველოს ამერიკულ აგენტურაში განსაკუთრებული ადგილი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უჭირავს. სწორედ მისი საშუალებით შეიქმნა სახელისუფლო მონოპოლია, რომელიც 2004-12 წლებში მთლიანად აშშ-ს სამსახურში იდგა. მოგვიანებით, სააკაშვილი სწორედ ამერიკელებმა ჩაიყვანეს უკრაინაში, სადაც საკუთარი ინტერესების გასატარებლად ბევრჯერ გამოიყენეს. ბოლოს, სიტუაციის ასარევად არაჟნის კონტეინერით საქართველოში დააბრუნეს, თუმცა, როგორც ცნობილია, გეგმა ჩავარდა და ამერიკის მთავარი აგენტი ქართულ ციხეში აღმოჩნდა. ამერიკელები სააკაშვილის პირდაპირ გამოსარჩლებას ამ ეტაპზე ერიდებიან, რომ საქართველოში მისი შემოპარვის უკან ამერიკული კვალი არ გაიშიფროს. თუმცა, რაც მეტი დრო გავა, სააკაშვილის ღია დაცვას მით ნაკლებად მოერიდებიან.

აგენტურის მთავარი იდეოლოგი და ამერიკული დავალებების ძირითადი გამტარი გიგა ბოკერიაა. ბოკერია ამერიკის ერთ-ერთი ყელაზე სტაჟიანი აგენტია და ამერიკული სპეცსამსახურების სამსახურში ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დგას. როგორც ცნობილია, აგენტისთვის მას იდეალური თვისებები აქვს, რადგან ორგანულად სძულს ქვეყანა და განსაკუთრებულად ერჩის მართლმადიდებელ ეკლესიას. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მძიმე დავალებებს მას ამერიკელები ყოველთვის განსაკუთრებული სითამამით ანდობდნენ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნასა და მართვასაც ამერიკული სპეცსამსახურები, ძირითადად, ბოკერიას დახმარებით ახორციელებდნენ. სწორედ მათი დახმარებით გალიდერდა 2-პროცენტიანი პარტიის ლიდერი „ნათელაშვილის ფანჩატურში“, რომელშიც სრულიად ოპოზიციური სპექტრი იყო წარმოდგენილი.

2010 წლიდან შეუერთდა ამერიკული აგენტურის რიგებს ნიკა გვარამია. საზოგადოება ხედავს, რომ აშშ-ს დღევანდელი სტრატეგია საქართველოსთან მიმართებით პოლარიზაციაზე დგას, რომლის გაღვივებაშიც გვარამია წლების მანძილზე განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. აქედან გამომდინარე, გვარამიას დაჭერა ამერიკელებმა სააკაშვილის დაჭერაზე არანაკლებ მძიმედ მიიღეს და ციხიდან მის დასახსნელად ყველაფერს გააკეთებენ.

აგენტურას განეკუთვნება ყოფილი სპიკერი, დავით ბაქრაძეც, რომელსაც წლების მანძილზე ხალხისთვის ყველაზე მისაღები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის იმიჯს უნარჩუნებდნენ. ახალ რეალობაში ბაქრაძემ ფუნქცია დაკარგა, თუმცა, მუდმივი მზადყოფნის რეჟიმშია და საჭიროების შემთხვევაში, ამერიკელები მას წინა პლანზე ნებისმიერ მომენტში შემოაბრუნებენ. 

როგორც ყველაფერზე წამსვლელმა და პრინციპებისგან სრულად დაცლილმა პოლიტიკოსმა, გიორგი ვაშაძემაც მალევე მიიპყრო ამერიკელების ყურადღება. ცნობილია, რომ ვაშაძეს განსაკუთრებული სიახლოვე აქვს გიგა ბოკერიასთან.

ზუსტად იგივე ითქმის ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზეც, რომელიც ასევე ბოკერიას სამეგობროს განეკუთვნება და ნებისმიერი მძიმე დავალების შესრულებაზეა წამსვლელი.

გრიგოლ ვაშაძე ამერიკელებმა საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს „ჩაიბეს“. ხასიათიდან გამომდინარე, ცდილობს, მაქსიმალურად აირიდოს თავიდან დავალებები, თუმცა, თუ მიიღებს, პირნათლად ასრულებს კიდეც.

ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი აგენტია დავით უსუფაშვილი, რომელიც ამერიკელებმა „ვარდების რევოლუციამდე“, „საიას“ თავმჯდომარეობის დროს „დაავერბოვკეს“. საზოგადოებას ემახსოვრება, რომ ამერიკელებმა წელს საჯარო სივრცეში მეორე ფრონტის თემის შემოტანა ღია ტექსტით პირველად სწორედ მისი მეშვეობით სცადეს. სტაჟიანი აგენტია უსუფაშვილის მეუღლე, თინა ხიდაშელიც, რომლის გადაბირება ასევე „საიაში“ საქმიანობის პერიოდს უკავშირდება.

გიორგი მარგველაშვილი, პიროვნული სისუსტის გამო, მცირე კალიბრის აგენტია. აგენტად პრეზიდენტობამდე წლებით ადრე გადაიბირეს, გაპრეზიდენტების შემდეგ კი მაშინვე „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირეს. სატელევიზიო სივრცეში ამერიკელები ხშირად სწორედ მისი პირით ცდილობენ მათთვის სასურველი მესიჯების შემოგდებას. ამის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი იყო განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს შეიარაღების მასობრივი შესყიდვა უნდა დაეწყო, რაც ომის რიტორიკის ერთ-ერთ მთავარ ხაზად იყო მოაზრებული.

ირაკლი ალასანია ამერიკელებმა გაეროში ელჩობის დროს „დაავერბოვკეს“ და საქართველოში გამოუშვეს. თუმცა, პიროვნულად იმდენად სუსტია, რომ ვერცერთი დავალება ვერ შეასრულა, რის გამოც პოლიტიკას დროებით გაარიდეს და ამერიკაში დააბრუნეს. საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს ჩამოიყვანენ საქართველოში. ასევე, აგენტები არიან ძმები დოლიძეები, რომელთაგან უფროსი ნატოში საქართველოს ელჩია, ხოლო უმცროსი გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შედარებით გვიან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეზიარნენ აგენტის სტატუსს. როგორც საზოგადოება ხედავს, ამერიკული დავალებით ისინი ყველა რადიკალური სცენარის აღსრულებაში დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. 

ამერიკულ აგენტურაში მნიშვნელოვანი ფიგურები არიან ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია და თამარ ჩუგოშვილი. გიგაური არასამთავრობო სექტორის არაფორმალური ლიდერია და შესაბამისად, სპეცსამსახურებისთვის მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ხოლო ლომჯარიამ წონა სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ შეიძინა. ჩუგოშვილს ერთ-ერთი მთავარი დავალება ამერიკელებმა 2019 წელს შეასრულებინეს, როდესაც პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემდეგ, ის „ქართული ოცნების“ ჩამოსაშლელად უმრავლესობიდან გავიდა და რამდენიმე დეპუტატიც გაიყოლა. საბოლოოდ, ამერიკელებმა ვერ გათვალეს, ვერც „ქართული ოცნება“ ჩამოშალეს და ჩუგოშვილი და მისი მეგობრებიც პოლიტიკის თამაშგარეში დატოვეს.

2017 წელს ამერიკელებმა სწორედ ჩუგოშვილის პირადი ურთიერთობის გამოყენებით, ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის დროს „დაავერბოვკეს“ გიორგი გახარია. სწორედ ამერიკელების დავალებით მოითხოვა მან შინაგან საქმეთა მინისტრობა და ამერიკელების პრეფერენციების გათვალისწინებით გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. როგორც ყველა დავალების უსიტყვო შემსრულებელი, ამერიკელებმა ის არაერთხელ გატესტეს, მათ შორის ბასიანში, პანკისში, ჩორჩანაში და რაც მთავარია 20 ივნისს, როდესაც ჟურნალისტებს და მომიტინგეებს დამიზნებით ესროლა.

სწორედ ეს ოცამდე ადამიანია აშშ-ს მთავარი ღია აგენტი, რომლებიც ყველა ამერიკული დავალების უსიტყვოდ შემსრულებლები არიან. როგორც ცნობილია, აგენტის მდგომარეობა მონის მდგომარეობის ტოლფასია, რის გამოც ადამიანურად ისინი გარკვეულ სიბრალულსაც იმსახურებენ. თუმცა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ მიმართ ლოიალური დამოკიდებულების ჩვენება ძალიან რთული და არასწორია.

ამ ოცამდე ადამიანის გარდა, ქართულ პოლიტიკაში ასევე არიან ამერიკის ირიბი აგენტები, ანუ მონის მონები. მათ უმეტესობას ამერიკელებთან რაიმე პირდაპირი ბმა არ აქვს, თუმცა, ეს ადამიანები ირიბი ფორმით გაცნობიერებულად არიან ჩართული იმ საქმიანობაში, რომელსაც აშშ საქართველოში ზემოაღნიშნულ პირთა მეშვეობით წარმართავს. რადგან მხოლოდ ირიბი აგენტები არიან, ამერიკელები მათ განსაკუთრებულად არც იცავენ ხოლმე. სწორედ ამიტომ მოუწიათ ყველაზე ხანგრძლივი სასჯელის მოხდა ვანო მერაბიშვილს და გიგი უგულავას

მერაბიშვილისა და უგულავას გარდა, ირიბ აგენტურას, ანუ მონის მონებს განეკუთვნებიან ნიკა მელია, შალვა ნათელაშვილი და ძმები ბერძენიშვილები. ეს უკანასკნელნი ასრულებენ ამერიკელების ყველაზე ბინძურ და თვითდამაზიანებელ დავალებებს, მათ შორის ღიად აწარმოებენ ლგბტ და ანტიეკლესიურ პროპაგანდას. ბოლოდროინდელი კამპანიაც ერეკლე მეორის და სხვა ქართველი მეფეების წინააღმდეგ ამის ნათელი მაგალითია.

საზოგადოება უნდა იცნობდეს თავის „გმირებს“, რათა უკეთ იყოს დაცული. თუ ხალხს ეცოდინება, რომელი ინტერესების გასატარებლად და რა სქემით მუშაობს რადიკალური ოპოზიცია, უფრო გაუადვილდება ყველა მისი ნაბიჯის წაკითხვა და გაშიფვრა. ასევე, გაუადვილდება იმის გააზრება, თუ რას უკავშირდება ამერიკული და ევროპული სტრუქტურების პოზიციები და გადაწყვეტილებები საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, აგენტების სია საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვეტანა. ბუნებრივია, ეს სია არასრულია და საზოგადოებას თანდათანობით მივაწვდით მეტ ინფორმაციას აგენტების ქსელისა და მისი საქმიანობის შესახებ. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი