სტატიები
ნაციონალური ცარცის წრე - ვის დარჩება მიშას ხმები და ვის დასჭირდა ზურაბ ჭიაბერაშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
658 29 ნოემბერი 2022, 21:36


ქეთი ხატიაშვილი

ამბობენ, მიშამ პოლიტიკა დატოვაო, თუმცა არა მხოლოდ დიდი არჩევნები, შიდაპარტიული არჩევნებიც კი სწორედ მიშაზე გადის. ვინც მისი მომხრეებისა და ფანების გულს მოიგებს, პარტიის თავმჯდომარის ტიტულსაც ის მიიღებს. 

მელიას წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში სწორედ მიშა ურევია. ნიკანორს მოღალატეც და ბიძინასთან გარიგებულიც კი უწოდეს იმის გამო, რომ მის დასახსნელად არაფერს აკეთებს. 

მაგრამ მელიას საარჩევნო ლექსიკონშიც გაჩნდა ეს სიტყვა. ჯერ თავად მელიამ გააკეთა მინიშნება, შემდეგ კი მისმა მამაც თქვა, ეს ვანო მერაბიშვილმა შემოიტყუა მიშა საქართველოშიო...

ნუ, მთლად ასე პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ ეჭვს აჩენს. არ ვიცი, ვანო მერაბიშვილმა შემოიტყუა თუ არა, მაგრამ... ასე ჟღერს ანზორ მელიას ციტატა. 

საერთოდაც, ჟღარუნა ფრაზები ნაციონალების ბრძოლის ველზე ხშირად ისმის. ასეთივე დაშვება/ვარაუდი ხომ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმაც გააკეთა: არ ვიცი, მაგრამ ხომ შეიძლება მოწამლული იყოს სააკაშვილიო...

და რა დატვირთვა აქვს ამ ფრაზას? ბევრი. ერთ-ერთმა ნიკა მელიას მიმართ მიუღებლობა და ზიზღიც კი უნდა გამოიწვიოს. როგორ, პრეზიდენტი მოწამლეს, კვდება, ეს მელია კი არაფერს აკეთებს - ასეთი ემოცია უნდა გაუჩნდეს ყველას, ვინც საარჩევნო მარათონში ჩაერთვება.  

ეს ემოცია მათ აუცილებლად შემოახაზვინებს ხაბეს, იმავე ლევან ხაბეიშვილს. რა ვიცით მასზე? და არც არავინ ცდილობს, მასზე რამე გვითხრას. ვიკიპედიამ ისიც კი არ იცის, სად რა ისწავლა...

უდიპლომო სასიძოს გვაპარებენ. მაგრამ მისი დიპლომი არავის სჭირდება. არც მისი აზრი აინტერესებს ვინმეს. მთავარია, მელია არ იყოს. 

კომპრომატების ომზე ჯერ არ გადასულან, თუმცა ერთმანეთის ნერვებს უკვე ეთამაშებიან. ლევან ხაბეიშვილმა, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ოფისის წინ აქცია უკვე დააანონსა და ის სწორედ მიშას ჯანმრთელობას მიუძღვნა [აკი გითხარით, შიდაპარტიული არჩევნები სწორედ სააკაშვილზე გადის].

და ეს მაშინ, როცა პარტიის თავმჯდომარე ჯერ ისევ ნიკანორ მელიაა. სხვათა შორის, ბოლო დროს ისიც გააქტიურდა. ხან სასამართლოს წინ იძლევა კომენტარებს და ხან - „ვივამედის“ წინ. ბოლო დროს სულ მიშას ჯანმრთელობაზე ლაპარაკობს.

თუმცა, ისე ჩანს, მას ახლა აღარაფერი უშველის. 

მით უფრო, რომ მისი შეცვლის საქმე ვანო მერაბიშვილს პირად კონტროლზე აქვს აყვანილი. ის კი კულუარული ომების დიდოსტატია. კარადაში დამალული ჩონჩხების მოძებნა სულაც არ უჭირს. 

ჰოდა, არც ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოჩენაა შემთხვევითი. საარჩევნო რინგზე ასვლას ისიც აპირებს. რა თქმა უნდა, ეს იდეა და სურვილი მას დამოუკიდებლად არ გაუჩნდებოდა. საკმაოდ ჭკვიანია იმისათვის, რომ არ იცოდეს, რა შანსები აქვს მას რადიკალების ზონაში. არც ეს ზონაა მისი ინტერესის სფერო. და მაშინ რატომ?

საქმე ის გახლავთ, რომ ვანომ ძალიან კარგად იცის, ვისგან შედგება „ენმ“. იცის, რომ აქ არიან რადიკალებიც, ზომიერებიც, გონიერებიც, ჭკვიანებიც... ჰოდა, მათი, ყველასი, ხაბეს გარშემო გაერთიანება არ მოხერხდება. ინტელექტუალებისთვის ეს ნამდვილი დრამაა. და ვანოს, როგორც ჭკვიან ადამიანს, მათი ეს ჭმუნვები კარგად ესმის. ჰოდა, ხაბეს უდიპლომობამ (ვიკიპედიის მიხედვით) პროტესტი რომ არ გამოიწვიოს და ნიკანორმა ზედმეტი ხმები არ დაიმატოს, ამ პროცესში ჭიაბერაშვილის ჩართვა გახდა საჭირო. 

ასეა, ჭირშიც ერთად იყვნენ -საბრალდებო სკამზე, მანამდე ლხინშიც ერთად იყვნენ - ვერტიკალზე და ახლა საარჩევნო რინგზეც საერთო მიზნით ავლენ...

სხვათა შორის, პარტიულ ბატალიებში ვანო მერაბიშვილი ყოველთვის მონაწილეობდა. მაშინაც კი, როცა ციხეში იჯდა. პირველი დიდი შეთქმულება პარტიაში სწორედ მაშინ დაიწყო. ორივე მხარე პატიმარი მერაბიშვილის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. გიგა ბოკერიაც და მიხეილ სააკაშვილიც. ჩემი აზრით, მაშინ ვანომ მიშას სასარგებლოდ უფრო ითამაშა, ამიტომაც კიევში გაქცეულმა მესამე პრეზიდენტმა კარგად იცოდა, ვინ იყო მისი წინააღმდეგი. არჩევნების წინ თითქმის ყველა მათგანი კიევში გამოიძახა. უკვე არჩევნების დღეს კი მათ - მათ შორის ნიკანორ მელიაც იყო - გიგა ბოკერია გაამინუსეს. 

ვანო ახლაც საქმეშია. ფსონი ხაბეიშვილზე დადო. უდიპლომოა, სამაგიეროდ, კარგად ყვირის ქუჩაში. და ახლა მისთვის ესეც საკმარისია. ხაბე სწორედ ის კაცია, ვინც მელიასავით არც ოფისის კარს არ მიუხურავს ცხვირწინ და არც კეზერაშვილს დაუძახებს ოლიგარქს...

თუმცა, ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი ხდება... 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
„ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანებას, ფაქტია, ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
უცვლელი პრეზიდენტი, მაღალი ნდობა - რატომ იმარჯვებს ლავრენტი ალანია
არქივი