სტატიები
მოკლავს თუ ვერა „კორონავირუსი“ საქართველოს ეკონომიკას?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2642 27 მარტი 2020, 11:13

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 კაცობრიობის „ნომერ პირველ მტრად“ გამოაცხადა. თუმცა მეორე საკითხი, რაც ახლა არანაკლებ აღელვებთ მსოფლიო ლიდერებს ისაა, რამდენად დააზიანებს ეს დაავადება ეკონომიკას, შესაბამისად სოციალურ სისტემებს მთელს მსოფლიოში.


ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში მით უმეტეს აქტუალურია, რაკი განსხვავებით ამერიკის, ევროპის სახელმწიფოთა და სხვა მდიდარი ქვეყნებისგან, საქართველოს არანაირი რესურსი არ გააჩნია, რათა შექმნას ე.წ. „უსაფრთხოების ფინანსური ბალიში“ უმუშევრად დარჩენილთათვის.
ამერიკამ ყველა (!) მოქალაქეს 1 200 დოლარი გადაუხადა, პლუს 500 დოლარი თითოეულ ბავშვზე. დიდმა ბრიტანეთმა - 3 500 გირვანქა ყველა ბრიტანელს. თუმცა, კაცმა რომ თქვას, იქაური ფასების და სახდელების გათვალისწინებით, სულაც არაა ფანტასტიური თანხები.
მაგრამ საქართველოს მთელი რეზერვები ამასაც კი არ ეყოფა. ეს რეზერვები ჯერ ჯერობით იმისთვის გამოიყენება, რათა როგორმე შეაკავონ ლარის კატასტროფული ვარდნა (25%), რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე ათეული (ზოგიერთი ცნობით 100 მილიონამდე) დოლარი დახარჯა. ამ ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე რომ დაეთანხმა ასეთ აუცილებლობას (სხვა დროს კატეგორიულად არ თანხმდებოდა მისი „მონეტარისტული ფილოსოფიიდან“ გამომდინარე) Covid-19-ს პირველი ეკონომიკური შედეგია ჩვენს ქვეყანაში.

იორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე თქვა, რომ ცენტრალური ფიგურა ამ მიმართულებით იქნება არა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, არამედ ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი

ამჟამად, სხვა რამდენიმე სიმპტომის მიხედვით, მხოლოდ იმაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, რა სტრატეგია აირჩია მთავრობამ. პირველი ნიშანია, თუ ვის დაევალა სტრატეგიის განსაზღვრა ეკონომიკურ გუნდში. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე თქვა, რომ ცენტრალური ფიგურა ამ მიმართულებით იქნება არა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, არამედ ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

საეჭვოა ამგვარი არჩევანის მიზეზი რანგი (ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერია თურნავასგან განსხვავებით) ყოფილიყო. მთავარი მიზეზი ის იქნება, რომ სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროს განკარგულებაშია ასეულობით მილიონი ლარი, რაც დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის უნდა დახარჯულიყო და როგორც ჩანს მოხდება ამ სახსრების „გადამისამართება“. გრდა ამისა, ცქიტიშვილი უფრო „ახლოსაა“ იმ ფინანსურ კაპიტალთან, რომელიც მილიარდერ ივანიშვილს ეკუთვნის და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის თქმით „იხარჯება“ რამდენიმე მიმართულებით. პირდაპირ ასე არ უთქვამს, მაგრამ აშკარად იგულისხმა.

მოსალოდნელია ადრე შემოღებული შეზღუდვების და რეგულაციების გაუქმება, რათა ბანკებმა იმ სექტორთა დაკრედიტება შეძლონ, რომლებმაც კიდევ შეიძლება იმუშავონ
 

გამოჩნდა პირველი მიმანიშნებელი სიმპტომებიც იმისა, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება ყველაზე დაზარალებული და „საშიში-გასაფრთხილებელი“ სექტორების მხარდაჭერას: ბუნებრივია, სრულიად „გაჩერებული“ სასტუმროებისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია, რომ კარგ თანხებს უხდიან „კარანტინისთვის“. ბევრად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა „თავს დაჰკანკალებს“ ბანკებს (პანიკამ და დეპოზიტების გატანამ ისინი შეიძლება გაანადგუროს), ამიტომ მოსალოდნელია ადრე შემოღებული შეზღუდვების და რეგულაციების გაუქმება, რათა ბანკებმა იმ სექტორთა დაკრედიტება შეძლონ, რომლებმაც კიდევ შეიძლება იმუშავონ „ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრის“ პირობებში. ასეთი სექტორები მაინც არსებობს. მაგალითად მშენებლობა. იგი არ შეჩერებულა მთლიანად. და ესეც ვიცე-პრემიერ ცქიტიშვილის „საკურატორო“ დარგია.

იოლი შესამჩნევია, რომ ლარის „გაბონების“ პირობებში ფასების ზრდის თუნდაც შესაკავებლად, მთავრობამ აირჩია ბევრად გონივრული ტაქტიკა, ვიდრე გაძვირების აკრძალვა იქნებოდა (გარდა ცხრა სასიცოცხლო პროდუქტისა): ესაა კონკურენციის წახალისება და იმპორტის შეუზღუდავობასთან ერთად (ჩვენგან განსხვავებით ბევრმა ქვეყანამ საავტომობილო სასაქონლო გადაზიდვებიც აკრძალა) ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა იმ სეგმენტში მაინც, სადაც „ჩანაცვლება“ შესაძლებელია. ამით ფასების ზრდა იქნებ გამოდგეს არა 50%, არამედ ვთქვათ 30%, რაც პატარა, თუმცა მაინც შეღავათია.

ამავე მიზნით, მთავრობა ამზადებს სასოფლო სამეურნეო პროექტების დაფინანსებას, რაც ბენზინზე ფასის დაცემის პირობებში შესაძლოა კატასტროფულად ძვირიც აღარ აღმოჩნდეს. მაგალითად „ხვნის პროგრამა“, რომელიც ბევრმა საცინლად აიგდო თავის დროზე, თუმცა დღეს აღარ ითვლება კომიკურად.

კრიზისი არა მხოლოდ პრობლემებს ქმნის, არამედ შანსებსაც

ბიუჯეტის შესაძლო ცვლილებასთან ერთად (არა სეკვესტრის, არამედ რესურსთა გადანაწილების მიმართულებით) მთავრობა დიდ იმედს იმაზე ამყარებს (არც თუ მთლად უსაფუძვლოდ), რომ რაკი „კორონავირუსმა“ მთელი მსოფლიოს ეკონომიკას შეუქმნა საფრთხე, შეიკრიბება G7 და მათი ბრძანებით „მსოფლიო ბანკი“, ასევე „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ გამოჰყოფს მნიშვნელოვან თანხებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან ამ კრიზისით ეკონომიკის სტრუქტურის და რესურსთა სიმწირის გამო.

მათ შორის ერთ-ერთი, სამწუხაროდ, საქართველოც იქნება. ეს გარდაუვალია.
ოღონდ აქვე უნდა ითქვას, რომ  კრიზისი არა მხოლოდ  პრობლემებს ქმნის, არამედ  შანსებსაც: ვითარებაში, როდესაც მეზობელი ქვეყნებისა და ევროპის ეკონომიკები თითქმის „გაჩერდება“,  მაშინ,  თუკი „კორონას“ დამარცხების შემდეგ ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის სწორად და სწრაფად „დაქოქვას“, შესაძლოა საქართველომ ახალი ბაზრებიც მოიპოვოს და მათზე დამკვიდრდეს.

დათო გამცემლიძე . ჟურნალისტი. ისტორიკოსი. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი