საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 20 ნოემბერი 2024, 10:48

ქალაქ რიეკაში საქართველოს 21 წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდა. ქართველებმა ხორვატი თანატოლები ორი მატჩის ჯამში დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებენ.

შეხვედრაში პირველი გოლი ბელიომ მე-11 წუთზე გაიტანა, ანგარიში 28-ე წუთზე ლუკა გაგნიძის გოლით გათანაბრდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, პენალტი ბელიომ ზუსტად შეასრულა და დუბლი გაიფორმა. „ჯვაროსნებმა“ ანგარიში 78-ე წუთზე კვლავ გაათანაბრეს ნოდარ ლომინაძის გოლით. მასპინძლები 92-ე წუთზე მარინ შოთიჩეკმა დააწინაურა. მატჩის ძირითადი დრო ხორვატების გამარჯვებით ანგარიშით 3:2 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა პენალტების სერიით გადაწყდა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 7:6 იმარჯვა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები გაიტანეს გიორგი კვერნაძემ, გიორგი აბულაშვილმა, ნოდარ ლომინაძემ, გიზი მამაგეიშვილმა, ლუკა ლაცაბიძემ, ნიკოლოზ უგრეხელიძემ და საბა ხვადაგიანმა.

პლეი-ოფის პირველ მატჩში „ჯვაროსნებმა“ ხორვატებს ანგარიშით 1:0 სძლიეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით ისტორიაში პირველად მოიპოვა.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2023 წელს ითამაშა. „ევრო 2023“-ს საქართველომ რუმინეთთან ერთად უმასპინძლა. ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულეს და მეოთხედფინალში გასვლა შეძლეს.

ინფორმაციისთვის: 2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს სლოვაკეთი უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი