
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს კაცები 81 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები – 63 კგ-ში გამოვლენ.
81 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ეყოლება: ტატო გრიგალაშვილი – ვენესუელელი ლუის პარიჩესა და თურქი ვედატ ალბაირაქის შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მეოთხედ შეეცდება მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. ზაურ დვალაშვილის მეტოქე კი შვეიცარიელი ორელინ ბონფერონი იქნება.
ქალთა შორის 63 კგ-ში ეთერ ასკილაშვილი პირველ შეხვედრას ჩინელ ჯინ ტანგთან გამართავს.
წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |