2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელი კომიტეტის წევრები სეოკ-ში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
714 05 თებერვალი 2020, 18:23
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელი კომიტეტის წევრებთან -  პიტერ ბრულთან (ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სპორტული დირექტორი),  სტრატოს კარეტოსთან და აზერ ალიევთან. 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველო, კერძოდ - ბორჯომი და ბაკურიანი 2025 წლის  ევროპის ზამთრის  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატია.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების  (EOC) მიერ სპეციალური მისიით მოვლინებულ სტუმრებს მიესალმა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან  ხაზი გაუსვა ამ მულტისპორტული შეჯიბრების მნიშვნელობას ევროპის სპორტულ კალენდარში, ისაუბრა ფესტივალის მასპინძლობისთვის ქართული მხარის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე და გამოთქვა რწმენა, რომ წლეულს, ნოემბერში გასამართ EOC-ის გენერალურ ასამბლეაზე ბორჯომი-ბაკურიანი ოფიციალურად გამოცხადდება ფესტივალის მასპინძლად.

„ჩვენ 2015 წელს მაღალ დონეზე ვუმასპინძლეთ ევროპის ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალს და მაშინ  მიღებული გამოცდილება უთუოდ გამოგვადგება უკვე ზამთრის ფესტივალზე. მთავრობა მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან პროექტს და წელსვე, ფესტივალამდე 5 წლით ადრე დაიწყება პირველი ეტაპის სამუშაოები. ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად,  აქედანვე ვგეგმავთ სპეციალური პროგრამის ამოქმედებას ფესტივალისთვის ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების უკეთ მომზადების მიზნით. სეოკ-ი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებთან, ერთობლივად და ნაბიჯ- ნაბიჯ გადაჭრას პრობლემები“, - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სპორტულმა დირექტორმა პიტერ ბრულმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა რესურსი, წარმატებით გაართვას თავი საპასუხისმგებლო ამოცანას და ღირსეულად უმასპინძლოს ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში. 
  
შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.


მოგვიანებით, ფესტივალის შემფასებელი ჯგუფის წევრებმა და სეოკ-ის ხელმძღვანელებმა შეხვდრები გამართეს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლებთან, საღამოს კი ბაკურიანში გაემგზავრნენ. 




სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი