მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილი მე-4 ადგილზე გავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
429 26 მარტი 2022, 21:01

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილი მე-4 ადგილზე გავიდა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავეებს შორის ერთეულებში ეს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ყვითელაშვილმა ჯამში 272.03 ქულა დააგროვა. თავისუფალ პროგრამაში მან 179.42 ქულა დაიმსახურა, რაც მე-5 საუკეთესო შედეგი იყო. შეგახსენებთ, რომ მოკლე პროგრამაში მას 92.61 ქულა ჰქონდა მოპოვებული.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ქართველ მოციგურავეებს არასოდეს მიუღწევიათ ასეთი მაღალი სატურნირო პოზიციისთვის.

„26 მარტი კიდევ ერთი წარმატებული სატურნირო დღე აღმოჩნდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მოციგურავეთა გუნდისათვის. საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცთა კატეგორიაში მოასპარეზე 22 ქვეყნის 30 სპორტსმენს შორის ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა საკმაოდ შედეგიანად იასპარეზა ორივე პროგრამაში. თავისუფალ პროგრამაში მან სერიოზული კონკურენცია გაუწია მსოფლიოს რეიტინგულ მოციგურავეებს იაპონიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მხოლოდ ამ ორი ქვეყნის წარმომადგენელს დაუთმო პოზიციები, შეასრულა ურთულესი ოთხმაგი ნახტომები, დახვეწილად მოახდინა საკუთარი პროგრამის პრეზენტაცია და ორი პროგრამის ჯამური 272,03 ქულით მეოთხე საპატიო ადგილი დაიკავა და ამ შედეგით საუკეთესო აღმოჩნდა ევროპის ქვეყნების მოციგურავეებს შორის.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ქართველ მოციგურავეებს არასოდეს მიუღწევიათ ასეთი მაღალი სატურნირო პოზიციისთვის. მსოფლიო ჩემპიონატის მე- 4 ადგილი, ევროპის ქვეყნებს შორის პირველი და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი საგზური მამაკაცებს შორის ეს ის მონაპოვარია, რომელიც შესძინა მორის ყვითელაშვილმა ჩვენს ქვეყანას და ასე ღირსეულად იასპარეზა მისთვის ისეთ დაძაბულსა და ყველაზე საპასუხისმგებლო წელს, როგორიც ოლიმპიური თამაშების სეზონი იყო. ვულოცავთ ქართველ სპორტსმენს, მათ მწვრთნელებს, ფიგურული ციგურაობის ეროვნულ ფედერაციასა და ერთგულ ქართველ გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეულ ასეთ საამაყო შედეგებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი