ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ოფიციალური დასტური
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
799 26 აპრილი 2020, 22:13

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) ოფიციალურად დაადასტურა, რომ შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის და პან-ამერიკული შესარჩევი შეჯიბრების შედეგების მიხედვით  განაწილებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ძალაში რჩება. 

უფრო ადრე, 2020 წლის ოლიმპიადის  გადავადებიდან რამდენიმე დღეში,  საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ თამაშებში მონაწილეობის უფლება შეუნარჩუნდება  ყველა ლიცენზიანტს ყველა სახეობაში.

მოჭიდავეთა ოლიმპიური ტურნირის თითოეულ დისციპლინაში - თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედლები გათამაშდება 6-6 წონით კატეგორიაში. 2019 წლის სექტემბერში ნურსულთანში (ყაზახეთი) გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ ლიცენზიას დაეუფლა 4 ქართველი სპორტსმენი:  ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში - გიორგი მელია (97 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ); თავისუფალ ჭიდაობაში - ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

დანარჩენი ლიცენზიებისთვის  მოჭიდავეებს უნდა ებრძოლათ ბუდაპეშტსა და სოფიაში წლეულს მარტსა და აპრილში დანიშნულ საკვალიფიკაციო ტურნირებზე, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ეს შეჯიბრებები გადაიდო 2021 წლის გაზაფხულისთვის.

გარდა მოჭიდავეებისა, ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია დადასტურებულად ასევე მოპოვებული აქვთ  ნინო სალუქვაძეს (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძეს, ლაშა ღულელაურს (ორივე - მძლეოსნობა), სახილ ალახვერდოვს (კრივი). მოგვიანებით, ლიცენზიებს ველოდებით  ძიუდოში, ძალოსნობაში, ფარიკაობაში, ტანვარჯიშის და საწყლოსნო  სახეობებში, კარატეში, ჩოგბურთში, კანოეში, ტრიათლონში, მშვილდოსნობაში და კიდევ სპორტის რამდენიმე  სახეობაში.

დამოუკიდებლობის წლებში ყველაზე მეტი - 40 ქართველი ოლიმპიელი გამოვიდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე (2016). 36-36 ოლიმპიელი გვყავდა ატლანტასა (1996) და სიდნეიში (2000), ყველაზე ნაკლები - 33 სპორტსმენი - ათენში (2004).

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი