368
29 მაისი 2020, 17:12

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა დროში პოლიტიკური პოპულიზმი მაღალი რისკის შემცველია, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ ეპიდემიას, არის სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, აქვს საარჩევნო წელი, როდესაც ის არის ოკუპირებული და „ბორდერიზაცია“ მიმდინარეობს ყოველდღე.
„ასეთ დროს პოლიტიკური პოპულიზმი საფრთხის შემცველი კი აღარ ხდება, უკიდურესად უპასუხისმგებლო საქციელია. ეს არის ობიექტური რეალობა.
ახლა აქ რაც ხდება, ამის შედეგად, პირველ რიგში, ზარალდება ქვეყანა. ქვეყანა ზარალდება იმიტომ, რომ ოპონირების ფასი ჩვენთვისაც, მართველი ძალისთვისაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ოპონირება როდესაც ხდება დემაგოგიური და პოპულისტური, გამოდის, რომ ჩვენ ადგილზე ვდგავართ და ვტკეპნით ერთსა და იმავე ადგილს. ეს ქვეყანა იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას და ეს არ არის რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვები. ოპოზიცია, რომელსაც სჭირდება შეხსენება ყოველდღიურად, რომ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოთოკო, რომელსაც სჭირდება შეხსენება, რომ სიღარიბის დროს გაჭირვების გამოყენება იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები აკრიფო, უბრალოდ ამორალურია, ეს არის სამწუხარო. მესმის, რომ ზოგიერთის პოლიტიკური მრწამსი მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკა და მორალი შეუთავსებელია. ჩვენ, როგორც ჩანს, ცოტა სხვანაირად ვფიქრობთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
“ბატონო პრემიერო, უკეთეს ოპოზიციაში საკუთარ თავს გულისხმობდით რამდენიმე თვეში? შეგვეჯიბრეთ, კი ბატონო. რომ გადახვალთ, ვნახოთ, ჩვენზე უკეთესები იქნებით თუ არა, მოემზადეთ”, - მიმართა ბოკერიამ გახარიას.
პრემიერმა ოპოზიციონერ დეპუტატს დამშვიდება ურჩია.
“ბატონო გიგა, როგორც ჩანს, გუშინ თუ გუშინწინდელის შემდგომ ვიღაცა გაგიჯავრდათ, რომ ძალიან ისე იქცეოდით და დღეს ზედმეტად აგრესიულები ხართ, ან დაიღალეთ და დაისვენეთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ცოტა უფრო არგუმენტირებულად, სოლიდურად...” - მიმართა გახარიამ ბოკერიას.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |