საქართველოს მთავრობამ 2020-2023 წლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციებისგან სამედიცინო დაწესებულებების გათავისუფლების შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 02 მაისი 2025, 18:13

საქართველოს მთავრობამ 2020-2023 წლების ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციებისგან სამედიცინო დაწესებულებების გათავისუფლების შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა.

დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რა პირობებით ჩამოეწერებათ კლინიკებს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები. დადგენილების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებები ჯარიმის 75 პროცენტისგან გათავისუფლდებიან, თუ დავალიანების 25 პროცენტს დაფარავენ და საკითხთან დაკავშირებით არსებულ დავებს შეწყვეტენ.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, კლინიკა ჯარიმისგან ნაწილობრივ გათავისუფლდება, თუ პირველი ივნისიდან არაუგვიანეს 60 კალენდარულ დღეში:

ა) აანაზღაურებს უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას უკან დასაბრუნებელი თანხის, აგრეთვე დამატებითი ფინანსური ჯარიმის სახით დაკისრებული თანხის 25%-ს ან მიმწოდებელი და განმახორციელებელი შეთანხმდებიან აღნიშნული ვალდებულების არაუმეტეს 12 თვის ვადაში განაწილვადებით შესრულების პირობებზე;

ბ) შეწყვეტს სახელმწიფო პროგრამების 22-ე მუხლის შესაბამისად საჯარიმო სანქციის სახით დაკისრებული უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნების, აგრეთვე დამატებითი ფინანსური ჯარიმის დაკისრების საფუძველზე ან/და მათთან დაკავშირებით განმახორციელებელთან ან პროგრამის ადმინისტრირების ორგანოსთან მიმდინარე ნებისმიერ ადმინისტრაციულ წარმოებას ან/და სასამართლო დავას.

დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პირველ მაისს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კლინიკების ჯამური დავალიანება დაახლოებით 26 მილიონი ლარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი