მეუფე შიო მუჯირი - სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის, ჩვენც უნდა მოვიპოვოთ ისეთი სიყვარული, რომ ყოველგვარი შიში დავძლიოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 04 მაისი 2025, 17:33

მენელსაცხებლე დედებს განსაკუთრებული როლი აქვთ ეკლესიის ისტორიაში, მათ გვაუწყეს ყველას პირველად აღდგომის სიხარული,  მათ უფრო მეტად უყვართ. ეს ქალის განსაკუთრებული თვისებაა. ეს არის მთავარი თვისება და გადარჩენაც სწორედ ამაშია; ეს თვისება – სიყვარული – არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას აღნიშნა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა მენელსაცხებლე დედების ხსენება, რომლებიც სულ იყვნენ იესო ქრისტეს გვერდით და უზრუნველყოფდნენ პირველი ქრისტიანული თემის ცხოვრებას.

მათ ეწოდებათ მენელსაცხებლე დედები, რადგან მიიტანეს ნელსაცხებელი, მაცხოვრის სხეულისთვის რომ ეცხოთ მისი სიკვდილის შემდეგ. ისინი დილაუთენია მიდიან საფლავზე, მაგრამ ქრისტეს სხეულს ვერ აღმოაჩენენ, რადგან იგი უკვე აღდგა მკვდრეთით. მაცხოვარი არაერთხელ ამბობდა, რომ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებოდა, მაგრამ ეს დედები იმდენად შეძრული იყვნენ მომხდარით, რომ დაავიწყდათ მისი სიტყვები და მაინც მიირბინეს საფლავთან, რათა ეს დაკრძალვის წესი შეესრულებინათ.

თითქოს ისინი ამაოდ გაისარჯნენ, იქ აღარ იყო ქრისტეს სხეული, მაგრამ ეკლესია მაინც მიესალმება და აკურთხებს მათ ამ საქციელს, იმიტომ რომ, როგორც ამბობს წმინდა წერილი, „ღმერთი გულის ზრახვებსაც განიკითხავს“ (ებრ. 4,12). ამ მგლოვიარე ქალების გულის ზრახვები გამოიხატა ამ საქციელში, რისთვისაც მათ უფალმა აღირსა ანგელოზთან საუბარს, რომელიც იჯდა ფერხთით იმ ადგილას, სადაც სულ ცოტა ხნის წინ დასვენებული იყო იესო ქრისტეს სხეული და უთხრა: „რასა ეძიებთ ცოცხალსა მას მკუდართა თანა, აქ აღარ არის, რადგან აღდგა მკვდრეთით“ (ლკ. 24, 5-6).

რას გვიჩვენებს ამით უფალი? რა არის მისთვის ყველაზე ძვირფასი? რას აფასებს ის ჩვენში ყველაზე მეტად? – არც ფიზიკურ სილამაზეს, არც ჭკუას, არც სიმდიდრეს, არც რაიმე ცოდნას თუ ხელოვნებას, რომელსაც ადამიანი ფლობს, არამედ რას? – მისდამი სიყვარულს აფასებს ყველაზე მეტად.

და აი, მენელსაცხებლე დედების სიყვარული აღემატა მოციქულთა სიყვარულსაც კი, რომ ისინი აღმოჩნდნენ მოციქულებისთვის, მამაკაცებისთვის, რომლებიც იყვნენ მუდამ ქრისტესთან, მაუწყებელნი ქრისტეს აღდგომისა. რატომ? იმიტომ რომ მათი გული უფრო ახლოს აღმოჩნდა უფალთან.

აი, ასეთია ძვირფასო ძმებო და დებო, მენელსაცხებლე დედების განსაკუთრებული როლი ეკლესიის ისტორიაში, რომ მათ გვაუწყეს ყველას პირველად აღდგომის სიხარული. რატომ? იმიტომ რომ, ვიმეორებ, მათ უფრო მეტად უყვართ. ეს ქალის განსაკუთრებული თვისებაა. ეს არის მთავარი თვისება და გადარჩენაც სწორედ ამაშია; ეს თვისება – სიყვარული – არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის. მან გაიხარა, რომ მენელსაცხებლე დედებმა ეს უკვე ისწავლეს, რადგან ისინი ჯვართანაც იყვნენ, გარდამოხსნაშიც მონაწილეობდნენ, დაფვლაშიც და ახლა მიირბინეს საფლავთან, რათა მის სხეულს ნელსაცხებელი სცხონ. მოციქულებმა კი რა გააკეთეს? ერთის გარდა, ყველა გაიქცა, ამ ქალების სიყვარულმა კი დაძლია ყოველგვარი შიში.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც უნდა მოვიპოვოთ ისეთი სიყვარული, რომ ყოველგვარი შიში დავძლიოთ, როგორც ამბობს წმინდა წერილი: „სრულყოფილი სიყვარული შიშს განდევნის“ (I ინ. 4,18). ღმერთმა შეგვაძლებინოს ასეთი სიყვარულის მოხვეჭა.

მენელსაცხებლე დედების ხსენება არის მართლმადიდებელი ქალების დღესასწაული. ამიტომ თქვენ განსაკუთრებით, ჩვენო ძვირფასო დედებო, დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა გაგახაროთ, დაგლოცოთ, მოგცეთ წყალობა და შეწევნა ღვთისა და ყოფილიყავით თქვენი წინამორბედი წმინდა დედების ნამდვილი მემკვიდრეები და მათი საქმის გამგრძელებლები.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, გაგახაროთ! ყოველთვის ბედნიერი ვარ აქ ჩამოსვლით, ჩხოროწყუში წირვით. დღეს, მით უმეტეს, სხვადასხვა ტაძრიდან ბრძანდებით და ნამდვილად სუფევს დიდი სიყვარული და დიდი ნუგეშია, სააღდგომო სიხარული სუფევს დღეს ჩვენს ტაძარში და კიდევ ერთხელ გილოცავთ“,- განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება - ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის
არქივი