
პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება, თუმცა გაზრდილი ჯარიმა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მუნიციპალური ავტობუსები ჩანაცვლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„პარკირების ჯარიმის ამოქმედებას რაც შეეხება, ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ჩვენ ავტობუსების ჩანაცვლებას მოვახერხებთ. ეს პროექტი ჩვენ დაწყებული გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, როგორც კი ჩვენ გვეყოლება ახალი თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსები, მაშინ ამოქმედდება ეს რეგულაცია. ახალია ავტობუსებით ჩანაცვლების პროცესი შესაძლოა წლის ბოლომდე გაგრძელდეს ან მომავალი წლის დასაწყისამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანამდე, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში ავტომობილის პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა.
კახა კალაძის თქმით, შესაბამისი ცვლილება კანონში უკვე შევიდა. მისი თქმით, პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის მიზეზი სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება და ის გარემოებაა, რომ ქალაქში უკვე მოქმედებს ზონალურ საათობრივი პარკირება. ასევე შეიცვალა ჯარიმის ჩაბარების წესი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |