42
21 მაისი 2025, 13:46

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მის გარემოცვაზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტები გაიხსენა.
„ჩემ გამო 2011 წელს დაიჭირეს ჩემი დეიდაშვილი, დაიჭირეს ჩემი მეგობრები და მთხოვდნენ, 8 მილიონი დოლარი გადამეხადა, რომ ისინი გამოეშვათ ციხიდან, ასეთი დროც იყო - იმიტომ, რომ ჩვენ ვიბრძოდით ძალიან აქტიურად საზღვარგარეთიდან. ჩვენ ვიბრძოდით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც ჩვენ წაგვართვა „იმედი“, წაგვართვა, ფაქტობრივად, ყველა აქტივი ძირითადად და ამ აქტივების დაბრუნებისთვის ვიბრძოდით. ამ აქტივების დაბრუნებისთვის ბრძოლა რას ნიშნავს - საქართველოს სასამართლოები რომ წავაგეთ, მერე გამოვიყენეთ საქართველოს ხელმოწერები რომ ჰქონდა სხვადასხვა კონვენციაზე, ამ კონვენციების მიხედვით ვუჩიოდით სხვადასხვა არბიტრაჟში - სადაც შეგვეძლო, იურისდიქცია მოგვეპოვებინა, იქ ვუჩიოდით საქართველოს მთავრობას აქტივების დაბრუნებისთვის - ეს არის ბრძოლა. ჯერ უნდა გაგვევლო საქართველოს სასამართლოები და მერე უნდა გვეჩივლა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებები იყო.
ეს ყველაფერი გრძელდებოდა. ისევ დაიწყეს ხალხის დაჭერა - 2007 წელს ხომ გვიჭერდნენ და მერე ჩემი მეგობარი, ჩემი დეიდაშვილი, ჩემი პარტნიორი დაიჭირეს 2011 წელს. რა თქმა უნდა, ისინი აბსოლუტურად ტყუილად დაიჭირეს. ორი თვე გავატარე ამერიკაში. აქედან მოდის ის, რომ ვიცით, რომ 0.1% იყო გამამართლებელი [განაჩენებისა], ეს მთელმა მსოფლიომ გაიგო. ჩვენ ავიყვანეთ თეთრი სახლის ყოფილი მთავარი იურისტი. ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, ობამას კამპანიის ხელმძღვანელი ჯერ კიდევ ჩიკაგოდან. ეს ადამიანი იყო ჩვენი მთავარი ლობისტი და მივაღწიეთ იმას, რომ ჯონ კერიმ სამჯერ დაურეკა სააკაშვილს პირადად. ბოლოს, მესამედ რომ მოატყუა სააკაშვილმა, ესენი უკვე გამოშვებულები არიანო, [კერიმ] უთხრა, ახლა „მარიოტში“ მიიყვანთ მაგ ბიჭებს და იქიდან მე დამელაპარაკებიანო. ჩემი დეიდაშვილი და ანდრო აბაშიძე დაალაპარაკეს ჯონ კერის „მარიოტიდან“ ტელეფონით. მათ უთხრეს, რომ კი, „მარიოტში“ ვართ, გამოგვიშვესო. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, მაშინ ყველა აქტივს დაგვათმობინებდნენ იმიტომ, რომ გზა ეცოდინებოდათ, როგორ უნდა დაეჭირათ მეტი ხალხი. მახსოვს, ანდრო აბაშიძის ძმა ჩამოვიდა ლონდონში და მეგონა, დაიწყებოდა, რომ აი, ჩემი ძმა ციხეშია, თან ბავშვს ელოდებოდა, ფეხმძიმედ იყო მისი ცოლი. საშინელი დრო იყო. მან მითხრა, ირაკლი, მე და მამაჩემი გეუბნებით, რომ აბსოლუტურად სწორად იქცევიო იმიტომ, რომ ეს თუ არ გააკეთე, ქუჩაზე გადასვლაზე დაგვიჭერენო“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
მან ასევე გაიხსენა, რომ უკანონოდ წართმეული აქტივების დაბრუნება საერთაშორისო სასამართლოებში ბრძოლის შემდეგ მიღწეული შეთანხმების შედეგად მოხერხდა.
„ეს ბიჭები რომ გამოუშვეს, ერთ კვირაში ჩამოვიდნენ გიგი უგულავა, კახა დამენია და თინა ბურჯალიანი, თუ არ ვცდები, ლონდონში და მოგველაპარაკნენ ყველა აქტივის დაბრუნებაზე. დაინახეს, რომ ასე ვეღარ გაგვტეხეს, სასამართლოებს ვუგებდით, ძალიან დიდ თანხებზე იყო იქ ლაპარაკი - სადღაც, აპრილში იყო დიდი მოსმენა პარიზის არბიტრაჟში და ამ ყველაფერს წააგებდნენ. ჩამოვიდნენ და გვითხრეს, „რუსთავსაც“ მიგცემთ, მთაწმინდის პარკსაც მოგცემთ, ფულს გადაგიხდით „იმედზე“, აქტივებიც იყო. ფაქტობრივად, 2011 წელს, თუ არ ვცდები, აპრილში თუ მაისში მოვაწერეთ ხელი ფუნდამენტალურ შეთანხმებას, რომელშიც იყო, ინას [გუდავაძე-პატარკაციშვილი] სასამართლოები უნდა მოეგო საქართველოში. ამ სიტყვებით არ ეწერა, მაგრამ ასე იყო გაწერილი, რომ თუ ქალბატონმა ინამ საქართველოში სასამართლოები წააგო მემკვიდრეობაზე ჯოზეფ ქეისთან, მაშინ მას ეს მოლაპარაკება აღარ აინტერესებს და გააგრძელებს ბრძოლას გარეთ. ამ ხელის მოწერიდან რამდენიმე კვირაში ყველა სასამართლო მოიგო, რომელიც წლები იყო გაჩერებული - მაშინ ყველაფერთან ერთად ასეთი სასამართლოც იყო. ქალბატონ ინას და მის ოჯახს ყველა აქტივი დაუბრუნეს, დაუბრუნეს სამკვიდრო, მისცეს განკარგვის უფლება მისცეს გლობალურად ბადრის [პატარკაციშვილის] აქტივების. ეს იყო 2011 წელს“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |