
სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა, ეს ფაქტია, ზურაბიშვილმა ოპოზიცია ვერ გააერთიანა, მათ შორის, თავის ირგვლივაც, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც სალომე ზურაბიშვილთან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეხვედრებზე მიდიოდა, არ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი „რამეს იზამდა“.
მისივე განმარტებით, მიუხედავად მოლოდინებისა და დამოკიდებულებისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთიანობისთვის ყველაფერი გააკეთა.
„ერთიანობისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. არა იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი დედოფალი გვეგონა და ყველაფრის შემძლე იყო, არც იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის წინა ცხოვრებიდან გაკეთებული განცხადებები დაგვავიწყდა ან ბევრი მისი ქმედება – არა! „ნაციონალურ მოძრაობას“ მიგვაჩნდა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დამოკიდებულებისა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მისი არასამართლიანი პოზიციისა, ყველაფერი გავაკეთეთ ერთობისთვის, რომ პროცესი ყოფილიყო უფრო ნოყიერი. მიუხედავად პირადი თავდასხმებისა, შეურაცხყოფებისა, მათ შორის შიგნით შეხვედრებზე, ჩვენ ძალიან ბევრი მოვითმინეთ, რადგან გვჯეროდა და გვჯერა, რომ ერთიანი ფრონტი არის ის, რაც ამ რეჟიმს დაამარცხებს.
სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი, ვერ შედგა, ეს ფაქტია. ზურაბიშვილმა ოპოზიცია ვერ გააერთიანა, მათ შორის, თავის ირგვლივაც.
ჩვენ როდესაც სალომესთან შეხვედრებზე დავდიოდით და იქ ვმონაწილეობდით, მაშინაც არ გვქონია მოლოდინი. არანაირი მოლოდინი არ მქონდა და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ საზოგადოებას თავისით უნდა ენახა. მახსოვს, სალომე მიტინგებზე რომ მოდიოდა, ეძახდნენ – „დედოფალო“, ეგონათ, სალომე ზურაბიშვილი რამეს იზამდა. მაშინაც, როდესაც, „დედოფალოო“, ეძახდნენ, არ მქონია იმის მოლოდინი, რომ რამეს იზამდა“, – განაცხადა წითლიძემ.
ამასთან, წითლიძემ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური ძალა, ვინც 4 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მისი ეს ქმედება იქნება ღალატის ტოლფასი.
გარდა ამისა, მისივე მოსაზრებით, ის პარტია, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თვითონ დაზიანდება და, ამასთან, ლუსტრაციისთვისაც კარგი იქნება, რადგან ოპოზიციის ველზე ერთხელ და სამუდამოდ ნათელი გახდება, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია.
„ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში მეტი მკაფიოობა უნდა იყოს. ყველა, ვინც განიხილავს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს იმ მოცემულობით, რაც გვაქვს, ჩემი აზრით, ეს არის ღალატის ტოლფასი ყველა იმ ადამიანთან მიმართებით, ვინც ქუჩაში დგას და იბრძვის, ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ, ვინც ციხეში ზის.
ამ ბრძოლაში პრინციპული უნდა იყო. ვინც ფიქრობს, რომ მიიღებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, დაზიანდება თვითონ და ამომრჩეველთან გადაიხდის ამის ფასს. რეალურად, ეს ლუსტრაციისთვის კარგია, რათა ოპოზიციის ველზე ერთხელ და სამუდამოდ გახდეს ნათელი, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია“, – განაცხადა წითლიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |