ჟენევაში საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 22 მაისი 2025, 13:19

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შტაბბინაში საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება გაიმართა ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით და მას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ნგოზი ოკონჯო-ივეალა დაესწრო.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, შვეიცარიაში საქართველოს ელჩი რევაზ ლომინაძე, აგრეთვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს WTO-ში გაწევრიანების 25-ე წლისთავი მოულოცა. მან მადლობა გადაუხადა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნოს გაწეული მხარდაჭერისთვის.

„დღეს საქართველო ამაყობს, რომ აღიარებულია როგორც სანდო სავაჭრო პარტნიორი, ლიბერალური ეკონომიკური პრინციპების ლიდერი და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის ერთგული წევრი. WTO-მ ცენტრალური როლი ითამაშა ამ პროგრესში ვაჭრობის სტაბილური საფუძვლის უზრუნველყოფით და დიალოგის, რეფორმებისა და თანამშრომლობის წახალისებით“, – განაცხადა გენადი არველაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ WTO გლობალური ინტეგრაციის შესაძლებლობას იძლევა, საქართველო აგრძელებს პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას რეგიონის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ბაზრებთან. მისი თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის მრავალი შეთანხმება, რომელიც მოიცავს 2,3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის ხარისხიან ბაზრებს და უზრუნველყოფს ქართული კერძო სექტორისთვის ბაზარზე გაზრდილ ხელმისაწვდომობას.

გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო აქტიურად მონაწილეობდა WTO-ს ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავდა მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის გაძლიერებას. მისი თქმით, 25 წლის წინ WTO-ში გაწევრიანებით საქართველომ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციისკენ.

„ეს იყო პირობა, რომ ჩვენი პოლიტიკა შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ხელს შევუწყობდით გამჭვირვალობას და აქტიურად მივიღებდით მონაწილეობას გლობალურ სავაჭრო სისტემაში. მას შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა. ჩვენ ავაშენეთ უფრო ღია, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკა. შევქმენით სავაჭრო ჩარჩო, რომელიც პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის ხელსაყრელია. ჩვენი ექსპორტიორები გლობალურ ბაზრებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობით სარგებლობენ, ხოლო მომხმარებლები – მაღალი ხარისხის საქონლისა და მომსახურების ფართო არჩევანით“, – აღნიშნა გენადი არველაძემ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების დღიდან საქართველოს მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: რა სინდისით უნდა გვთხოვდე სანქციებს, ნატო-ს ქოლგის ქვეშ დაცული რომ ხარ და მე იმ ქვეყნის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები მაქვს, რომელმაც დიდი ომი გააჩაღა, საქმეც ეს არის, რომ გვთხოვდნენ
შალვა პაპუაშვილი - შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან, სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის კარგი მაგალითია
ვლადიმერ პუტინი რომის პაპს, ლეო XIV-ს ტელეფონით ესაუბრა
შალვა პაპუაშვილი: ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვსაუბრობთ „დიფ სთეითზე“ როგორც არაფორმალურ მმართველობაზე, არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია და აქვს ეკონომიკური, ფინანსური, თუ ბიუროკრატიული ბერკეტები
არქივი