მეუფე შიო: მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს ყველაზე მეტად გვჭირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 22 მაისი 2025, 22:15

მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს ყველაზე მეტად გვჭირდება, - იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნიკოლოზობის დღესასწაულზე თბილისის (ჩუღურეთის) წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში.

როგორც მეუფემ აღნიშნა, წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი მფარველი, მსწრაფლშემწე, ის ყოველთვის ჩვენთან არის, მაგრამ იგი მხოლოდ იქ არის, სადაც არის ნამდვილი ბრძოლა ვნებებთან, ნამდვილი ბრძოლა ცოდვებთან...

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს - ნიკოლოზობას, ღირსი შიო მღვიმელისა და წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას ხსენებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

როდესაც ვეცნობით ასეთი დიდი წმინდანების ცხოვრებას, მათ ღვაწლს, ჩვენ ვუკვირდებით მათი სიწმინდის თავისებურებებს და შთაგონებას ვიღებთ ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ ყოველი მათგანი თავისებურია, განუმეორებელია, რადგან, საერთოდ, ყოველი ადამიანი განუმეორებელია; ზოგადად, სიწმინდეს არ გააჩნია რაიმე შაბლონი ან ტრაფარეტი. ამიტომ ჩვენ ვეძებთ მათში ამ თავისებურებას, რომ მივბაძოთ, განვახორციელოთ და გავხსნათ ჩვენს პირად სულიერ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრებაც განუმეორებელია და არ ჰგავს სხვისას. ქრისტიანული ცხოვრება და ღვაწლი არ შეიძლება იყოს სხვანაირი, რადგან სულიერი ცხოვრების მიზანია სულიწმინდის მოპოვება და ჩვენში ღვთის ხატების გახსნა. ეს არის მიზანი. ამიტომ უნდა ვბაძავდეთ წმინდანებს, ვინც ამას მიაღწია, მადლიც მოიხვეჭეს და მათში ბრწყინავს ხატება ქრისტესი, მაგრამ ბრწყინავს ყოველ მათგანში განსხვავებულად.

რა იყო წმინდა ნიკოლოზის სიწმინდის თავისებურება? მის ტროპარში რა სიტყვებს ვგალობთ ჩვენ?

„კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემანსამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე". ე.ი. ამ სიმდაბლეზეა საუბარი, იმ საოცარ სიმდაბლეზე, რომლითაც იგი ამაღლდა ასეთ დიდ სულიერ საფეხურზე. ეს ის სიმდაბლე და სიმშვიდეა, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვითხოვთ დილის ლოცვებში, საღამოს ლოცვებსა თუ სხვადასხვა ლოცვებში.

ძვირფასო ძმებო და დებო, რატომ არის ტროპარში ასე ხაზგასმული, რომ სიმდაბლით მოიპოვე სიმაღლე? იმიტომ, რომ სულიერ ცხოვრებაში არსებობს ღვთისგან დადგენილი ნორმები და კანონები; მხოლოდ ამ კანონებისა და სულიერი ნორმების შესრულებით შეიძლება მიაღწიო სიწმინდესა და სულიერებას.

ამ კანონთა შორის უპირველესი არის სულიერი კანონი სიმდაბლის შესახებ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სულიწმინდის მადლი მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან და, რა თქმა უნდა, ამას მოსდევს სიმშვიდეც. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს ყველაზე მეტად გვჭირდება.

მაშ, რა გვაკლია? სიმდაბლეც გვაკლია და სიმშვიდეც, მაგრამ სიმდაბლის მოპოვება რთულია, სიმშვიდის მოპოვებაც რთულია. ეს არის ჯვრის ზიდვა, მაგრამ გავიხსენოთ დღეს წაკითხული უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ვინც არ აღიღებს თავის ჯვარს და არ შემომიდგება, ის არ არის ჩემი ღირსი“ (მთ. 10, 38). ამდენად, ჯვრის ზიდვა არის აუცილებელი, მაგრამ ეს დაკავშირებულია ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლასთან, ცოდვები კი შედეგია იმისა, რომ ჩვენ არ ვებრძვით ჩვენს ვნებებს; განსაკუთრებით, არ ვებრძვით ყოველივე იმას, რაც გვართმევს სიმდაბლეს, რაც ხელს გვიშლის სიმდაბლის და სიმშვიდის მოპოვებაში. ამ დროს კი გზა ქრისტესკენ მხოლოდ ამ თვისებებზე გადის.

წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი მფარველი, მსწრაფლშემწე, ის ყოველთვის ჩვენთან არის, მაგრამ იგი მხოლოდ იქ არის, სადაც არის ეს ნამდვილი ბრძოლა ვნებებთან, ნამდვილი ბრძოლა ცოდვებთან.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ვევედროთ წმინდა ნიკოლოზს, რომ გაგვაძლიეროს ამ გზაზე, ვნებებთან ბრძოლის გზაზე, ჩვენს ამპარტავნებასთან, ქედმაღლობასთანარაწმინდებასთან, სხვადასხვა ვნებასთან და მეოხ გვეყოს, შეგვეწიოს, ევედროს უფალს, რომ ღმერთმა მოგვივლინოს სულიწმინდის მადლი, ჩვენი განმამტკიცებელი ამ გზაზე.

ასევე შეგახსენებთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს: იყავით წმინდა, როგორც მამა თქვენი წმინდა არს (ღმერთზეა საუბარი). რა თქმა უნდა, ჩვენ ისეთი სიწმინდე ვერ გვექნება, როგორიც ამ დიდებულ წმინდანებს ჰქონდათ, მაგრამ ვალდებული ვართ, მივბაძოთ მათ და ამ სიწმინდის გზაზე ვიაროთ, თუ ვართ ქრისტიანები.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, წმინდა ნიკოლოზმა გაგახაროთ, დაგლოცოთ. წმინდა ნიკოლოზის მადლით უფალმა დალოცოს ეს შესანიშნავი ტაძარი, სამღვდელოება ამ ტაძრისა; მამა მაქსიმე, მამებო, მადლობა დღევანდელი მსახურებისთვის. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით უფალმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ. ქრისტე აღდგა!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - თავგამოდებით ვიცავთ მშვიდობას, რადგან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა
მაკა ბოჭორიშვილი - თავგამოდებით ვიცავთ მშვიდობას, რადგან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა
ილონ მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს
მაკა ბოჭორიშვილი: აშშ-ს დღეს აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს ახალი წარმომადგენელი საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვს შესაძლებლობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები
მაკა ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: საქართველოს ხელისუფლებას დაჰბრალდა, თითქოს ჩვენ გავაჩერეთ რაღაც პროცესი, რომელიც დაწყებულიც არ ყოფილა, ახლა ისევ ევროკომისიიდან გვესმის, რომ თურმე მათ დავუსჯივართ
არქივი