პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრის ფაქტები განიხილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 23 მაისი 2025, 21:44

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ოთხი პირი გამოჰკითხა.

2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაზე ნოდარ არველაძემ ისაუბრა.

„დაახლოებით ხუთი კაცი ხელკეტებით მირტყამდა. პირველი თავში მომარტყეს, მერე ხელები შემიკრეს და ასფალტზე გადმომათრიეს. შემდეგ მთაწმინდის რაიონის პოლიციაში მიგვიყვანეს და გარეთ წვიმაში ხელებშეკრული დაგვყარეს. იქიდან სამმართველოში წაგვიყვანეს. სამმართველოში რომ შევედი მთელი კორიდორი სისხლით იყო სავსე“, - განაცხადა ნოდარ არველაძემ.

მისი თქმით, დარბევის დროს ხელკეტებითა და რეზინის ტყვიებით მიღებულ დაზიანებებს ორი თვის განმავლობაში სახლში მკურნალობდა. ნოდარ არველაძის განცხადებით, მაშინდელი ხელისუფლებიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, მან სამედიცინო დაწესებულებას შეგნებულად არ მიმართა.

როგორც მან აღნიშნა, სპეცდანიშნულების რაზმმა დარბევის დროს აქციის მონაწილეები ალყაში მოაქცია და ტერიტორიიდან გასვლის საშუალება არ მისცა.

2007 წლის 7 ნოემბერს „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრის თემაზე პარლამენტის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ისაუბრა.

ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრამდე, ის, რამდენიმე კოლეგა პარლამენტართან ერთად, ტელეკომპანიის შენობაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ოთახში შევარდნილმა ნიღბიანმა პირებმა ისინი კედელთან მიაყენეს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ერთ-ერთ მის კოლეგას კი ავტომატის კონდახი ჩაარტყეს.

როგორც ვიქტორ ჯაფარიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო, ის რამდენჯერმე იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, რა დროსაც ქონება ჩამოართვეს.

კომისიის სხდომაზე საუბრისას მან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მაჟორიტარი დეპუტატების შეხვედრა გაიხსენა. ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, რადგან ისინი პრეზიდენტის მიერ გატარებულ პოლიტიკას არ ეთანხმებოდნენ, სააკაშვილი მათ დაემუქრა და განუცხადა, რომ „ისეთი ტყვიები ჰქონდა შემოტანილი რვა თვე ფეხზე ვერ გაივლიდნენ“.

ვიქტორ ჯაფარიძის ინფორმაციით, 68 წლის ვალერი ავალიანი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მისი მამიდაშვილი იყო და უსამართლოდ 3 წელი მიუსაჯეს.

„3 წელი მიუსაჯეს და მოახდევინეს. ციხიდან შშმ პირი გამოვიყვანეთ. 68 წლის კაცი ისე სცემეს, 11 თვე საავადმყოფოში იწვა“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არჩევნები გაყალბებითა და ძალადობის გამოყენებით ტარდებოდა.

„იმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის საკითხზე კომისიას ახსნა-განმარტება მისცა „იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფიო ნიკოლაიშვილმა.

„ეს იყო თავდასხმა, ლეწავდნენ ყველაფერს, იატაკზე დააწვინეს ჩემი კოლეგები, საეთერო სტუდიის კარები შეანგრიეს. მიზანი კი მაუწყებლობის სასწრაფოდ გათიშვა იყო“, - განაცხადა სოფიო ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც „იმედის“ თანამშრომლები ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა შენობიდან გაიყვანეს და ისინი ლუბლიანას ქუჩაზე გავიდნენ, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტების გამოყენებით მათი დარბევა დაიწყო.

სოფიო ნიკოლაიშვილის შეფასებით, ეს იყო სამაგალითო დასჯა და იმის დემონსტრირება, რომ „არავინ არსებობს ქვეყანაში, არავითარი ჟურნალისტი, თუკი ხელისუფლებას გადაეღობები“.

როგორც მან აღნიშნა, დარბევის შემდეგ დაიწყო უმძიმესი პროცესი, „იმედის“ შიგნიდან „გამოშიგვნა“- თანამშრომლების გადაბირება.

„ჟურნალისტებზე იყო უდიდესი ზეწოლა, ზოგს ოჯახის წევრების დაპატიმრებით ემუქრებოდნენ, ზოგს თანხებს სთავაზობდნენ და ზოგს - სამსახურს“, - განაცხადა სოფიო ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები „იმედს“ დღესაც იგივე მეთოდებით ებრძვიან და ყველაზე დიდ საფრთხედ მიაჩნიათ.

2004-2012 წლებში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ადამიანის უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე კომისიას ახსნა-განმარტება ლევან გაჩეჩილაძემ მისცა.

მისი თქმით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიჭირეს უამრავი ადამიანი, დაიწყეს ხალხის ჩაგვრა და პირადი თუ ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მიმართ სასტიკი ანგარიშსწორება.

2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე საუბრისას, ლევან გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი სასტიკად სცემეს, რამდენიმე ადამიანი კი ისე დაასახიჩრეს, რომ მათ მოგვიანებით ქვედა კიდურების ამპუტაცია გაუკეთეს.

მისივე თქმით, 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა და მეორე ტური რომ ჩატარებულიყო, ის მოიგებდა.

„ამ ყველაფერში ჩართული იყო დასავლეთი. ძალიან ინტენსიური შეხვედრები მქონდა როგორც ამერიკის ელჩთან, ასევე სხვა ელჩებთან. პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი ოპოზიციის მხარეს არ იყვნენ და თავიდან ბოლომდე ყველაფერს „უთეთრებდნენ“ სააკაშვილს. არჩევნებში გამარჯვების მილოცვა იმ დღეს მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ ცესკოს გამოცხადებული არ ჰქონდა ვინ მოიგო და ვინ - წააგო. ეს იყო ბუშის მილოცვა და ნახევარ საათში მოჰყვა პუტინის მილოცვაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან სერიოზული არაფორმალური ხიდები იყო გაჩაღებული რუსეთთან, ასე მსმენია“, - აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.

როგორც მან განაცხადა, სააკაშვილმა იცოდა, რომ საზოგადოებაში ნდობა დაკარგული ჰქონდა და ყველაფერს აკეთებდა ნდობის დასაბრუნებლად, სწორედ ეს გახდა აგვისტოს ომის წამოწყების მიზეზი.

ლევან გაჩეჩილაძემ ასევე ისაუბრა „ხურჩის ტერაქტზე“, „მოდელირებულ ქრონიკაზე“, 2009 წლის 6 მაისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან აქციის რეზინის ტყვიებითა და რკინის ხელკეტებით დარბევასა და დაშავებულ ადამიანებზე, ასევე „საკნების აქციაზე“ და 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაზე.

ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, 106-დღიანი „საკნების აქცია“ საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და სენატორ ჯონ კერის თხოვნის საფუძველზე დაასრულეს.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შეფასება შეუძლებელია.

„ეს იყო მართლაც „ნიჭიერი“ ექსპერიმენტული რეჟიმი, რომელიც თავიდან ბოლომდე დასავლეთზე იყო ჩამოკიდებული. ეს იყო მათი დაქირავებული რეჟიმი, რომელიც პრაქტიკულად აჩვენებდა მთელ მსოფლიოს როგორ შეიძლება „დემოკრატიის ხმლით“ ხალხის დაწიოკება და გაუბედურება“, - აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.

დღევანდელ სხდომაზე, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო მიმართოს პარლამენტის ბიუროს, პლენარული სხდომების დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით, 5 ივლისამდე გაგრძელების თაობაზე.

„როგორც ცნობილია, კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 ივნისს ეწურება. ამ ეტაპისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომისიის დასკვნის პროექტის შედგენა მიმდინარეობს. ჩვენ უკვე გვაქვს 400-ზე მეტი გვერდი, რომელიც მომავალი დასკვნის პროექტი უნდა იყოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვლელობების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თემასთან დაკავშირებული დასკვნის პროექტის ნაწილი სრულად არის შედგენილი.

რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, 2008 წლის აგვისტოს ომს, პირადი ცხოვრების უხეში შელახვის ფაქტებს, აქ დასკვნის პროექტის დიდი ნაწილი დასრულებულია, მაგრამ მუშაობა კვლავ მიმდინარეობს. გარდა ამისა, დასამუშავებელი რჩება დიდი რაოდენობით ვიდეო და აუდიო არქივი.

პირველ აპრილს ჩვენი კომისიის უფლებამოსილების ვადა გაფართოვდა და დაგვემატა 2013 წლიდან 2025 წლამდე პერიოდი. წინა თემებისგან განსხვავებით, ამ მიმართულებით ვერ ვიტყვით, რომ დასკვნის რომელიმე ნაწილი შედგენილია, თუმცა ძალიან ბევრი მასალა უკვე შეგროვებულია და მიმდინარეობს მათი ანალიზი.

ჩვენ არაერთი სხდომა გვაქვს დაგეგმილი, რომ 2013-2025 წლების პერიოდი განვიხილოთ. თუ არ ჩავთვლით გიორგი გახარიას მოსმენას, რომელიც ძალიან ინფორმაციული იყო და ბევრი მტკიცებულება ავიღეთ, ასეთი სხდომა ჯერ პრაქტიკულად, არ გვქონია. ამიტომ გადავწყვიტეთ მივმართოთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს, პლენარული სხდომების დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე“, - განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს - რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ
მამუკა ხაზარაძე - გახსოვთ, გაიფიცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ისევე როგორც ორჯერ შევიკრიბეთ „ალტერნატიული პარლამენტის“ ფორმატში, მაგრამ ორივე მოკვდა, ვიღაც უშლის ამას ხელს, ყველაფერი ბიძინას კი არ უნდა დააბრალო
თამარ ჩერგოლეიშვილი - მამუკა ხაზარაძეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მიღება სურს
დონალდ ტრამპი - ილონ მასკს სრულიად აქვს გონება დაკარგული
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს
არქივი