28
28 მაისი 2025, 13:52

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ელჩებს დაავალა, უცხოელი სტუდენტებისთვის ვიზების გაცემა დროებით შეაჩერონ.
ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ახალი ინსტრუქციის მიხედვით, ელჩებმა უნდა გააუქმონ ყველა დანიშნული შეხვედრა სტუდენტური ვიზის მსურველთათვის, თუმცა ისინი, ვისაც უკვე აქვს დაწყებული პროცედურები, შეძლებენ მათ გაგრძელებას.
საელჩოებისთვის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ გაგზავნილ მემორანდუმში ნათქვამია, რომ ეს შეზღუდვა იმოქმედებს „შემდგომი ინსტრუქციების გამოცემამდე“.
ამავდროულად, ვაშინგტონი ემზადება ვიზის მსურველთა სოციალური მედიის გაძლიერებული შემოწმებისთვის. ხელისუფლება არ აკონკრეტებს, რას ეძებენ სოციალურ ქსელებში.
„ბიბისი“ წერს, რომ ახალი პოლიტიკა ყველა სტუდენტურ და გაცვლით ვიზას შეეხება. როგორც წესი, უცხოელი სტუდენტები, რომლებსაც აშშ-ში სწავლა სურთ, ვალდებული არიან, ვიზის მისაღებად თავიანთ ქვეყნებში ინტერვიუ აშშ-ის საელჩოში გაიარონ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |