ემანუელ მაკრონი - გუშინ მოედანზე ყველაფერი ბრწყინვალე იყო, ყველამ ვიგრძენით ეს, პსჟ-მ რაღაც განსაკუთრებული აჩვენა, მადლობა ყველა მოთამაშეს, ყველა ხელმძღვანელს, ყველა თანამშრომელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 02 ივნისი 2025, 00:31

პსჟ-მ გუშინ რაღაც განსაკუთრებული აჩვენა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში განაცხადა, სადაც ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ პსჟ-ს უმასპინძლა.

„ყოველ შემთხვევაში, „ეს არის პარიზი“ (პსჟ-ის სლოგანი) და მე მინდა, დავამატო – ეს ნამდვილად არის პარიზი. გუშინ მოედანზე ყველაფერი ბრწყინვალე იყო, ყველამ ვიგრძენით ეს. მართალია, რომ ჩვენმა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ ნაკლები სამუშაო გასწია, ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ ყველაზე მთავარი გუნდის გულწრფელობა იყო. ამ მატჩში ყველაზე ბრწყინვალე ის იყო, 4-0-ით წინ რომ იყვნენ, მაინც არ ტოვებდნენ ერთ ბურთსაც კი. მეტოქეს სუნთქვის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ამ გუნდმა გუშინ რაღაც განსაკუთრებული აჩვენა – მაღალი სტანდარტების ნაყოფი. მშიერნი იყავით, გინდოდათ და გააკეთეთ.
მადლობა ყველა მოთამაშეს, ყველა ხელმძღვანელს, ყველა თანამშრომელს. პსჟ-ის თავგადასავალი იყო, ახლაც არის და დარჩება. დარჩება, რადგან ეს ისეთი კლუბია, რომ როცა კარგავს, ბევრს კარგავს, მაგრამ როცა იგებს, ბევრს იგებს. პსჟ არაფერს აკეთებს ნახევრად და ამით იგი ძალიან ფრანგულია“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონი ასევე გამოეხმაურე ბოლო საათების განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს.

„არაფერი ამართლებს იმას, რაც ბოლო საათებში მოხდა დედაქალაქსა და ქვეყანაში. არაფერი. ძალადობრივი შეტაკებები, რომელიც მოხდა, მიუღებელია, სერიოზული შედეგებით – ორი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 30 პოლიციელი და რამდენიმე მეხანძრე დაშავდა. ჩემი ფიქრები იმ პოლიციელთანაა, რომელიც ამ წუთში კომაშია. ჩემი ფიქრები იმ ოჯახებთანაა, რომლებმაც სიხარულის ნაცვლად, ტრაგედია გადაიტანეს. მთავრობის პასუხი ამ სიტუაციის შესაფერისი იქნება: დავსჯით და მკაცრნი ვიქნებით. ეს არ არის ფეხბურთი. გაუმარჯოს პსჟ-ს, გაუმარჯოს რესპუბლიკას და გაუმარჯოს საფრანგეთს“, – აღნიშნა მაკრონმა.

ელისეს სასახლეში გამართულ მიღებაზე სხვა ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიაც იმყოფებოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი