
გასულ წელს, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის გამთლიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს დღეს წარუდგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში, ხორციელდებოდა ყველა დიპლომატიური თუ სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიისა და რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ, სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების აღკვეთის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებისა და ნდობის აღდგენის საკითხების დაყენებისთვის
„აღნიშნული თემები აქტიურად იყო დასმული და განხილული ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გამართული ვიზიტებისას, ყველა დონის შეხვედრასა თუ პოლიტიკური კონსულტაციებისას. ასევე ეფექტიანად იყო გამოყენებული საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი ფორმატები, მათ შორის – გაეროს უშიშროების საბჭო, გენერალური ასამბლეისა და მისი ძირითადი კომიტეტების და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატები, ეუთოს მუდმივი საბჭო, მინისტრთა საბჭო, საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს მინისტერიალი, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი, საპარლამენტო ასამბლეა, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, ასევე ევროკავშირისა და ნატო-ს ფორმატები“, – ნათქვამია ანგარიშში.
მთავრობის განმარტებით, ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალური იყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა და ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული გამოწვევები.
„საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ადგილი ჰქონდა მკაფიო საჯარო მხარდაჭერასა და გამოხმაურებას რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის მე-16 წლისთავს საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა, რაც აისახა არაერთ განცხადებასა თუ კომენტარში“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მთავრობის ცნობით, გრძელდებოდა პარტნიორებთან მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაძლიერებისა და მანდატის სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად.
„2024 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება მისიის მანდატის კიდევ ორი წლით გახანგრძლივებაზე. ამავდროულად, გრძელდებოდა საქმიანობა ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების დაშვებისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.
მთავრობის ინფორმაციით, ქართული მხარე აგრძელებდა ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების კუთხით.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |