
თეთრი სახლი ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინის საქმის ფაილებშია და ეს არის ნამდვილი მიზეზი, რატომაც ისინი არ გასაჯაროვდა.
როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, ეს ილონ მასკთან დაკავშირებული სამწუხარო ეპიზოდია.
„ეს არის სამწუხარო ეპიზოდი ილონისგან, რომელიც უკმაყოფილოა ერთი დიდი, ლამაზი კანონპროექტით, რადგან ის არ შეიცავს იმ პოლიტიკას, რომელიც მას სურდა. პრეზიდენტი ფოკუსირებულია ამ ისტორიული საკანონმდებლო აქტის მიღებაზე და ჩვენი ქვეყნის კვლავ დიდებულად ქცევაზე“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს დონალდ ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის.
ცნობილია, რომ წლების წინ დონალდ ტრამპს ურთიერთობა ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან, რომელიც ფინანსისტად მუშაობდა ნიუ იორკსა და ფლორიდაში. ჯეფრი ეპშტეინთან ურთიერთობის შესახებ დონალდ ტრამპი 2002 წელს ამერიკულ მედიასთან ინტერვიუშიც საუბრობდა. ფინანსისტის დაკავების შემდეგ კი, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ მასთან დიდი ხნის წინ ჰქონდა კავშირი გაწყვეტილი.
2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ სხვა საქმეებთან ერთად, ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებსაც გაასაჯაროებდა.
თებერვალში გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ გამოაქვეყნა დოკუმენტების ნაწილი, თუმცა მასალები ახალ გარემოებებს ან სახელებს არ მოიცავდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |