
საინტერესო ის არის, რომ დონალდ ტუსკმა მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი, პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს, საბოლოო ჯამში, თავის ქმედებებს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას, რომ მზად არის, უკანონო მიგრაციის მინიმუმამდე შესამცირებლად სავიზო შეზღუდვები დააწესოს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთანაც.
როგორც პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, „არაფერი გასაოცარი არ არის იმ ხელისუფლების მხრიდან, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სააკაშვილი არის მოდერნიზაციის ეტალონი“.
„ის შეეცადა, რომ მარცხი, რომელიც განიცადა საპრეზიდენტო არჩევნებში, დაეკომპენსირებინა პარლამენტში კიდევ ერთხელ ტექნიკურად მიღებული ნდობით. მონაცემების მიხედვით, დაახლოებით, მოსახლეობის 45 პროცენტი ითხოვს პრემიერ ტუსკის გადადგომას. ასე რომ, ეს ის შიდა საკითხებია, რომლითაც ისინი თამაშს ცდილობენ.
რაც შეეხება საქართველოს მიმართ განზრახვებს – ამაში არაფერი ახალი არ არის, მათ შორის, პოლონეთის ამ მთავრობისა. ამ მთავრობის წევრია ბატონი სიკოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დღესაც აცხადებს დემოკრატიის შუქურად და მოდერნიზატორად. ანუ ამ ღირებულების მქონე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავთ, რომელიც სავარაუდოდ დაკავებულია სწორედ ამ უმრავლესობის შეკოწიწებით, რომ რაიმენაირად იმდენად შეაწუხოს საქართველო, რომ იქნებ შეძლონ გარედან ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოყვანა. ამ საბაბებს რომ ეძებენ, საინტერესო ის არის, რომ მან მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი. პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს, საბოლოო ჯამში. ისაუბრებენ, თითქოს პოლიტიკასა და ხელისუფლებებთან დაკავშირებით, მაგრამ ქართველ ხალხს აბრალებს, საბოლოო ჯამში, მის ამ საქციელს და ქმედებებს. არავითარი გასაოცარი არ არის, იმ ხელისუფლების მხრიდან, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სააკაშვილი არის ეტალონი მოდერნიზაციის, რას უნდა ველოდოთ ღიღებულებით ნაწილში?“, – განახადა შალვა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |