სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირზე გზა გახსნეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 13 ივნისი 2025, 07:10

სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირზე გზა გახსნეს. ადგილზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ტროტუარზე გადაინაცვლეს.

ჭავჭავაძის გამზირზე გამთენიისას აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე რჩებოდა, მათ გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ გადაკეტილი.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, გზის სავალი ნაწილის გახსნისკენ მოუწოდეს და ამისთვის 15 წუთი მისცეს. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ, სამართალდამცველები მათი მიმართულებით მწყობრი სვლით დაიძრნენ. აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლა მოუწიათ, ტროტუარსა და გზის სავალ ნაწილს შორის კი სამართალდამცველები ჩადგნენ.

ამ დროისთვის თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართებიან.

თავდაპირველად დემონსტრანტები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლეს. მათ ადგილზე ორი კარავი გაშალეს. შედეგად, გადაიკეტა გზა ვარაზისხევიდან მელიქიშვილის გამზირის, ჭავჭავაძის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი