
ამ კაცს ორი ადამიანი სამართავად არ უნდა ანდო. მტკიცებულებებით დასტურდება, ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა, რომ მას აქვს უმძიმესი დანაშაული ჩადენილი, თუმცა ამაზე საბოლოო დასკვნა და პასუხი სასამართლომ უნდა გაგვცეს, - განაცხადა გიორგი გახარიაზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
იგი ჩორჩანაში 2019 წელს საგუშაგოს დადგმისა და ოკუპანტების მიერ ბორდერიზაციის საკითხს შეეხო.
„ოკუპანტები ბორდერიზაციას როდესაც აკეთებენ, ჩვენს სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლებს გაუშლიან რუკას - თქვენმა პრეზიდენტმა მოხაზაო ეს, გვეუბნებიან. ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, 2007 წლის მაისში სააკაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიუთითებენ, რომ აი, თქვენმა პრეზიდენტმა რაც მოხაზა, იმას მივყვებითო. ერთადერთი სადავო იცით რა აქვთ, საბჭოთა პერიოდში ავტონომიური რესპუბლიკა რომ იყო, შემდეგ სააკაშვილმა სიტყვა „ყოფილის“ დამატებით რომ აღუდგინა, 1922 წლის რუკას გავყვეთ თუ ამასო? - აი, ეს არის-ხოლმე სადავო, სადაც მაქსიმუმ რამდენიმე ათეული მეტრის ცდომილებაა ერთმანეთს შორის. აი, ამაზე არის-ხოლმე მხოლოდ დავა. საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის სიღრმეში არ შემოდიან-ხოლმე. ამით საოკუპაციო ძალები თავს იმართლებენ, რომ აი, თქვენი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მივყვებით - 2008 წლის ომი რა შუაშია, 2007 წლის მაისში ხომ თქვენ თვითონ მოგვიხაზეთ, ამას გვეუბნებიან-ხოლმე. აქედან ერთადერთი შემთხვევაა გამონაკლისი, გახარიას ქმედების გამო, ერთი კმ-ით რომ შემოვიდნენ და არანაირი ზოლი, არც 1922 წლის რუკაზე, არც ერთ რუკაზე არ ფიქსირდება მსგავსი, რომ ამხელა ტერიტორიული ცდომილება ყოფილიყოს, იმ გიჟურ ვერსიას რომ წაჰყვე, რაც რუსებმა, ოსებმა და სააკაშვილმა ერთად დაალაგეს - ოსში არ ვგულისხმობ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ვგულისხმობ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე გიორგი გახარიას უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი.
„შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კაცს ორი ადამიანი სამართავად არ უნდა ანდო. მტკიცებულებებით დასტურდება, ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა, რომ მას აქვს უმძიმესი დანაშაული ჩადენილი, თუმცა ამაზე საბოლოო დასკვნა და პასუხი სასამართლომ უნდა გაგვცეს“, - დასძინა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |